№ას-150-146-2016 20 სექტემბერი, 2016 წელი,
ას-150-146-2016- ბ-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატე. გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
პირველი კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – შპს მ. ო. „ბ-ი“
წარმომადგენელი - დ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები) – ბ. გ-ე, ი. ი-ე
წარმომადგენელი - გ. ქ-ე
მეორე კასატორი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები) – ბ. გ-ე, ი. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – შპს მ. ო. „ბ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება და 2016 წლის 14 იანვრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების, დამატებითი გადაწყვეტილებისა და უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (სარჩელში), ხელშეკრულებისა და შეთანხმების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. ო.მ შპს ”ბ-ი” (ყოფილი ლომბარდი შპს ,,ა-ო”, შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კრედიტორი, ან პირველი კასატორი) ბ. გ-ეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი, პირველი მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, ან მეორე კასატორი) 2009 წლის 25 დეკემბერს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, 6 თვით ასესხა 30 260 ლარის ექვივალენტი 18070 აშშ დოლარი. მხარეებმა ყოველთვიური სარგებელი 4%-ით განსაზღვრეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე და 625-ე მუხლები).
2. სესხის, 14 570 აშშ დოლარის, დაბრუნებას უზრუნველყოფდა ი. ი-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრე, მეორე მოპასუხე, ან მესამე კასატორი) კუთვნილ ქ. თბილისში, მ-ი, კორპუსი 9, კვარტალი მეოთხე, მდებარე უძრავ ნივთზე (ბინა#...7, ფართით 53.14 კვ.მ, ს/კ...) დადგენილი იპოთეკა (სსკ-ის 289-ე და 311-ე მუხლის პირველი ნაწილები).
3. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ვალდებულების შესრულების დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებას, პირგასამტეხლოს (4%) (სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები).
4. 2010 წლის 24 ივნისის წერილობითი შეთანხმებით, მხარეებმა 2009 წლის 24 და 25 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებში შეიტანეს ცვლილება, რომლითაც შეცვალეს სესხის დაფარვისა და იპოთეკის მოქმედების ვადა. სესხის დაბრუნების ვადა 2012 წლის 24 ივნისამდე გაგრძელდა.
5. მსესხებელმა შეთანხმებულ ვადაში სესხისა და სარგებლის ნაწილი არ დააბრუნა.
6. 2013 წლის 4 თებერვალს კრედიტორსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლითაც ამ უკანასკნელის დავალიანება შემდეგნაირად განისაზღვრა: დასაბრუნებელი სესხის ოდენობა-17 258 აშშ დოლარი, სარგებელი - 11 214.46 აშშ დოლარი. შემდგომი პერიოდისათვის სარგებლის ოდენობა 2%-მდე შემცირდა. პირველმა მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 2014 წლის 4 აგვისტომდე დაეფარა დავალიანება.
7. 2013 წლის 25 ნოემბერს, გამსესხებელმა სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ. მან პირველი მოპასუხისათვის 43 384.83 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი ნაწილი - 17 258 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 648.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 9 478.67 აშშ დოლარი) დაკისრება და დავალიანების დაფარვის მიზნით, მეორე მოპასუხის კუთვნილი იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია (სსკ-ის 623-ე, 625-ე, 417-418-ე და 301.1-ე მუხლები) მოითხოვა.
8. სარჩელი შემდეგი ფაქტებით იყო დასაბუთებული:
8.1. 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მსესხებელმა, 2010 წლის განმავლობაში რვაჯერ მიმართა კრედიტორს და დამატებით ისესხა შემდეგი ოდენობის თანხები: 05/07/2010 წელს - 3500 აშშ დოლარი, 17/07/2010 წელს - 1300 აშშ დოლარი, 21/07/2010 წელს - 2058 აშშ დოლარი, 04/08/2010 წელს - 3800 აშშ დოლარი, 10/08/2010 წელს - 700 აშშ დოლარი, 07/09/2010 წელს - 3000 აშშ დოლარი, 22/10/2010 წელს - 2700 აშშ დოლარი და 04/11/2010 წელს - 2000 აშშ დოლარი. პირველმა მოპასუხემ სულ 38 128 აშშ დოლარი ისესხა, საიდანაც კრედიტორს დაუბრუნა 20 870 აშშ დოლარი; შესაბამისად, მას სარჩელის აღძვრის დროისათვის გადასახდელი ჰქონდა 17 258 აშშ დოლარი (სესხის ძირითადი ნაწილი), 16 648.16 აშშ დოლარი (სარგებელი - პროცენტი ) და 9 478.67 აშშ დოლარი (ვადაგადაცილების პირგასამტეხლო);
8.2. წინამდებარე განჩინების პ.6-ში მითითებული დავალიანების დაბრუნებას უზრუნველყოფდა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 2012 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით კრედიტორის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკა (ბინა#..., ფართით 53.14 კვ.მ, ს/კ...).
8.3. 2013 წლის 4 თებერვლის წერილობითი შეთანხმების დადების დროისათვის, პირველი მოპასუხის დავალიანება 17 258 აშშ დოლარს, ხოლო დარიცხული სარგებელი 11214,46 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე შეთანხმებით, ყოველთვიური სარგებელი - 2%-ით, პირგასამტეხლო, ასევე, თვეში საპროცენტო სარგებლის 4%-ით, ხოლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,1 %-ით იყო განსაზღვრული (ს.ფ. 36).
9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათ შეგებებული სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს 2012 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმების ბათილად ცნობა შემდეგ ფაქტებზე მითითებით:
9.1. 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმება, რომლითაც პირველმა მოპასუხემ აღიარა დავალიანების, 17 258 აშშ დოლარის არსებობა, რეალურ ვითარებას არ ასახავდა, ვინაიდან, სხვადასხვა დროს კრედიტორისაგან (მოსარჩელე) მან მხოლოდ 25 828 აშშ დოლარი მიიღო, აქედან 18 070 აშშ დოლარი - 2009 წლის 25 დეკემბერს, ხოლო 7 758 აშშ დოლარი - 2010 წლის სხვადასხვა მონაკვეთში.
9.2. წინამდებარე განჩინების პ.8-ში აღნიშნული რვა ხელშეკრულებიდან, მან მხოლოდ ოთხჯერ მიიღო შესრულება; დანარჩენ ოთხ შემთხვევაში, ნასესხები თანხა საკუთრებაში არ გადასცემია, შესრულების დოკუმენტზე (სალაროს ორდერები) არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და თანხები სინამდვილეში მესამე პირს გადაეცა. პირველი მოპასუხის მითითებით, 2013 წლის 4 თებერვლისათვის, ზემოაღნიშნული თანხა - 25 828 აშშ დოლარი, მას სრულად ჰქონდა გადახდილი (იხ. შეგებებული სარჩელი; ტ.1.; ს.ფ. 101; და სხდომის ოქმი).
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 527.92 აშშ დოლარის (ძირი და პროცენტი) და 100 აშშ დოლარის (პირგასამტეხლო) გადახდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და 2012 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმება ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 623-ე, 624- ე, 625-ე, 361-ე, 427-ე, 50-ე, 54-ე მუხლები და დაასკვნა:
10.1. ექსპერტიზის დასკვნით, 2010 წელს დადებული რვა ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის სალარო გასავლის ოთხ ორდერზე (თარიღები: 05/07/2010წ, 07/09/2010წ, 04/08/2010 და 04/11/2010 წწ.) არსებული ხელმოწერები პირველ მოპასუხეს არ ეკუთვნის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 2009 წლის 24 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, თ. კ-ემ (მინდობილი პირი - ა. ა-ე), მოსარჩელე ორგანიზაციიდან გატანილი სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა საკუთარი ქონება.
10.2. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე არსებულ რუსულენოვან ხელმოწერასა და პირველი მოპასუხის სახელით გაცემულ სალარო გასავლის ორდერებზე არსებულ ხელმოწერებს შორის საეჭვო მსგავსება იყო (იხ.ტ.1.ს.ფ.21; 26; 28;). კიდევ ერთი გარემოება, რაც, სასამართლოს აზრით, ბუნდოვანს ხდიდა მოპასუხის მიერ იმავე თარიღებში თანხის გატანას, ის იყო, რომ პირველ მოპასუხესთან 2009 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, 24 დეკემბრის გირავნობის საგნების შეფასებისა და მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, უზრუნველყოფილია ი. ი-ისა და თ. კ-ის უძრავ ქონებებზე დადგენილი იპოთეკებით, საქმეში წარმოდგენილი 24/12/2009 წლის იპოთეკის ხელშეკრულებით კი, რეალურად უზრუნველყოფილი იქნა ა. ა-ის, და არა პირველი მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნება.
10.3. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა:
ა) 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებით - 22 406 აშშ დოლარი ( 18 070 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 4336.8 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი);
ბ) 17/07/2010 წლის ხელშეკრულებით - 1612 აშშ დოლარი, (1300 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 312 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი);
გ) 21/07/2010 წლის ხელშეკრულებით - 3791.92 აშშ დოლარი, (3058 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 733.92 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი);
დ)10/08/2010 წლის ხელშეკრულებით - 868 აშშ დოლარი, (700 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 168 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი);
-ე) 22/10/2010 წლის ხელშეკრულებით - 3348 აშშ დოლარი, (2700 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 648 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი). საბოლოოდ, პირველი მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა 32 025.92 აშშ დოლარი, საიდანაც მას საქმის განხილვის დროისათვის გადახდილი ჰქონდა 30 498 აშშ დოლარი, შესაბამისად, 2010 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან დავალიანება 1 527.92 აშშ დოლარი იყო.
11. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მან მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
11.1. სასამართლო სათანადო არგუმენტაციის გარეშე ასკვნის, რომ წინამდებარე განჩინების პ.6-ში მითითებული სესხის რვა ხელშეკრულებიდან, ოთხზე არსებული რუსულენოვანი ხელმოწერა არ ეკუთვნის პირველ მოპასუხეს, მაშინ, როდესაც თავად მოპასუხემ არ წარუდგინა ექსპერტს გამოსაკვლევად საჭირო თავისუფალი ხელმოწერის საკმარისი ნიმუშები, რათა მას გამოერიცხა ან დაედასტურებინა მისი ხელწერის ნამდვილობა. ასეთ ვითარებაში სასამართლო თავისი შეხედულებით, და არა სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, ცალსახად აცხადებს, რომ მოპასუხეს არ მოუწერია ხელი სესხის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებზე (გასავლის ორდერებზე);
11.2. პირველი მოპასუხის მიერ თანხის მიღებას სასამართლო საეჭვოდ ხდის იმ გარემოებაზე მითითებითაც, რომ გასავლის ორდერებზე არსებული ხელმოწერები მოპასუხის მიერ საჯარო რეესტრიდან ამოღებული 2009 წლის 24 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებაზე არსებული იმ ხელმოწერის მსგავსია, რომლითაც ა. ა-ემ (რწმუნებულმა პირმა) იპოთეკით დატვირთა თ. კ-ის (მარწმუნებლის) კუთვნილი უძრავი ქონება და გაიტანა სესხი. არც ამ ხელშეკრულებას და არც მის უზრუნველყოფას განსახილველ დავასთან შემხებლობა არა აქვს;
11.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2009 წლის 24 დეკემბრის გირავნობის საგნების შეფასებისა და მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სესხი უზრუნველყოფილია მეორე მოპასუხისა და თ. კ-ის ქონებით, იპოთეკის ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, არამედ მოსარჩელის კუთვნილი ლომბარდის ძვირფასეულობის შეფასებისა და გირავნობის აქტის ფორმაა, რომელშიც შეცდომით აღნიშნულია სხვა ხელშეკრულების (თ. კ-ის) მონაცემები, ანუ ადგილი აქვს შეცდომას, რომლის მიზეზია კომპიუტერის პროგრამული ხარვეზი;
11.4. 2013 წლის 4 თებერვალს, მხარეთა შეთანხებით, სარგებელი თვეში 4%-იდან 2%-მდე შემცირდა, პირგასამტეხლოს ოდენობა მთლიანი (დაგროვილი) საპროცენტო სარგებლის 4%-ის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო სარჩელის შეტანის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ით. სახეზეა შეცვლილი სახელშეკრულებო პირობები, რაზეც მოპასუხეებს თავის დროზე რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამთ;
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 17 258 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებელის სახით - 11 214.46 აშშ დოლარის გადახდა; 2013 წლის 4 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე - ყოველთვიურად, პროცენტის სახით 17 258 აშშ დოლარის 1%-ის გადახდა. შეგებებული სარჩელი 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმებისა და 2014 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 14 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება გამოიტანა და პირველი მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია დაადგინა.
13. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 286-ე, 420-ე და 623-624-ე მუხლები და გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში მიუთითა შემდეგი:
13.1. შეგებებული სარჩელის ავტორი გარიგებების ბათილობის მოთხოვნას მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებაზე ამყარებს, სხვა მტკიცებულებები კი მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ ის არ გაცნობია (არ წაუკითხავს) მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, მაშინ, როდესაც პირველ მოპასუხეს ამ სახის ურთიერთობების საკმაო გამოცდილება ჰქონდა (მხარეთა განმარტებებით, იგი იყო აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი).
13.2. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ექსპერტისათვის წარდგენილი საკვლევი დოკუმენტებიდან სამ შემთხვევაში (05/07/2010, 07/09/2010 და 04/11/2010წწ.) სალარო გასავლის ორდერებზე ხელმოწერები რუსულ ენაზე, ხოლო შესადარებელი ნიმუშები ქართულ ენაზეა შესრულებული, რის გამოც ექსპერტმა ვერ შეძლო სრულყოფილი დასკვნის გაცემა. პირველმა მოპასუხემ დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ წარუდგინა ექსპერტს მის მიერ რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერის ნიმუშები. რაც შეეხება 04/08/2010 წლის სალაროს გასავლის ორდერს, ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია - გრაფაში ”კლიენტის ხელმოწერა”, შესრულებულია არა პირველი მოპასუხის, არამედ სხვა პირის მიერ.
13.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების საეჭვოობისას, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი 2013 წლის 4 თებერვლის წერილობითი მტკიცებულებით უტყუარადაა დადგენილი, რომ შეთანხმების დროისათვის, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე, 17 258 (ძირი თანხა), ხოლო საპროცენტო სარგებელი 11 214 აშშ დოლარი იყო.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და 2016 წლის 14 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
15.1. მოსარჩელემ (პირველი კასატორი) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნები. მან შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
15.1.1. სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა სარგებლის ოდენობა. მართალია, 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმებაში მითითებულია, რომ პროცენტი 11 214.46 ლარს შეადგენს, მაგრამ რეალურად, მისაღები საპროცენტო სარგებელი (პროგრამულად დათვლილი) გაცილებით მეტს, 26 248.16 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც ანაზღაურებულია მხოლოდ 9 628, ხოლო გადასახდელია 16 648.16 აშშ დოლარი;
15.1.2. პროცენტის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს, თუმცა სასამართლომ იგი პირგასამტეხლოს მსგავსად, თვითნებურად შეამცირა და შეთანხმებული 2%-დან 1%-მდე დაიყვანა;
15.1.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა პირგასამტეხლოს ოდენობაც, რადგანაც პირველ მოპასუხეზე მისი დაკისრება უნდა მომხდარიყო ძირითადი თანხის (17258 აშშ დოლარის) ყოველი ვადაგაცილების დღისათვის 0.1%-ის, ანუ 17.25 აშშ დოლარი, გაანგარიშებით.
15.1.4.სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა ხარჯების განაწილების საკითხიც: მოწინააღმდეგე მხარეს სრულად არ დააკისრა პროცესის ხარჯები (ბაჟის ნაწილი და იურიდიული მომსახურების საფასური) და სათანადოდ არ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება;
15.1.5. 2016 წლის 14 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგანაც სასამართლომ მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის საკითხი გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო კანონისაგან განსხვავებული წესი: თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით არ დაიფარებოდა დავალიანება, აღსრულება მსესხებლის სხვა ქონებაზეც მიექცეოდა.
15.2. მოპასუხეებმა (მეორე და მესამე კასატორი) გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა მოითხოვეს შემდეგი დასაბუთებით:
15.2.1. 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხის დავალიანება მხოლოდ 1527.92 აშშ დოლარია, რადგანაც მან 2010 წლის 27 იანვრიდან 2013 წლის 4 თებერვლამდე გამსესხებელს გადაუხადა 30 498 აშშ დოლარი.
15.2.2. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ 2012 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებაში მითითებული 17 258 აშშ დოლარი პირველ მოპასუხეს საკუთრებაში არ გადასცემია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კრედიტორმა ვერ წარმოადგინა სადავო თანხის პირველი მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება.
15.2.3. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მსესხებლის ვალდებულების საფუძველი იყო, როგორც 2009 წლის 25 დეკემბრის, ისე 2010 წლის 17 და 21 ივლისის, 10 აგვისტოსა და 22 ოქტომბრის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც დავალიანება 32025.92 აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც პირველმა მოპასუხემ კრედიტორს გადაუხადა 30498 აშშ დოლარი (32025.92 – 30498= 1527.92).
15.2.4. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ექსპერტის დასკვნა, რომ სალარო ორდერებზე არსებული ხელმოწერა პირველ მოპასუხეს არ ეკუთვნოდა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საქმის მასალების გაცნობა, შესწავლა და ანალიზი, ასევე, მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.
18. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა მტკიცების საგანში შემავალი, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი}, ამის შედეგად საკმარისი არგუმენტაციის გარეშე იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული კრედიტორის სააპელაციო საჩივარი და არ იქნა გაზიარებული მოპასუხეთა პრეტენზიები.
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
20. სააპელაციო სასამართლომ საქმე საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევებით განიხილა, რომლებმაც მიღებული გადაწყვეტილებების, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლობა განაპირობეს. სახელდობრ:
20.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის (პირველი კასატორი) ინტერესს 43 384.83 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი ნაწილი - 17 258 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 648.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 9 478.67 აშშ დოლარი) პირველ მოპასუხეზე დაკისრება და დავალიანების დაფარვის მიზნით მეორე მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია წარმოადგენდა. ამ მოთხოვნების მატერიალურ- სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე, 625-ე, 417-418-ე და 301.1-ე მუხლები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი.
20.2. სააპელაციო სასამართლომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა 2013 წლის 4 თებერვლის მხარეთა შეთანხმება და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხის სასესხო დავალიანების მოცულობა. ეს უკანასკნელი სადავოდ ხდიდა 2010 წლის 5 ივლისის, 4 აგვისტოს, 7 სექტემბრისა და 4 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების, შესაბამისად, 3500, 3800, 3000 და 2000 (სულ 12 300) აშშ დოლარის, მიღებას. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტი, 2010 წლის 4 აგვისტოს გასავლის ორდერი, პირველი მოპასუხის მიერ არაა ხელმოწერილი, ანუ მას არ მიუღია 3 800 აშშ დოლარი. გარდა ამისა, პირველი მოპასუხის მიერ არც სესხის სახით 3800, 3000 და 2000 აშშ დოლარის მიღებაა უტყუარად დადასტურებული, რადგანაც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა, ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის მიერ რუსულ ენაზე შესადარებელი ნიმუშის წარუდგენლობაზე და იმაზე, რომ მას არ მოუთხოვია დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება. პალატის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორჯერ ჩატარდა ხელწერის ექსპერტიზა (2014 წლის 29 მაისს და 15 დეკემბერი), რომელთა საფუძველი იყო პირველი მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული განჩინებები. ამ უკანასკნელმა, რუსულ ენაზე წარადგინა ექსპერიმენტული ხელმოწერის ნიმუშები, მაგრამ დასკვნის გაცემა შეუძლებელი გახდა ნიმუშების სიმცირისა და შეუსაბამობის გამო. პალატამ არ გაითვალისწინა აღნიშნული და სადავო თანხების მიუღებლობის მტკიცების ტვირთი მთლიანად გადააკისრა პირველ მოპასუხეს, მაშინ, როდესაც სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება და დადებულად არ ჩაითვლება გასესხებული თანხის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემის გარეშე (სსკ-ის 623-ე მუხლი). ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ეკისრება გამსესხებელს და არა მსეხებელს („სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა. მატერიალური სამართლის ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ნივთის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება“. იხ.საქმე# ას-448-430-2016, 17.06.2016).
21. ამრიგად, საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა დადგინდეს: მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო თუ არა 2010 წლის 5 ივლისის, 4 აგვისტოს, 7 სექტემბრისა და 4 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებები, რას შეადგენდა კრედიტორის მიერ პირველი მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის მოცულობა, აქედან გამომდინარე, რას შეადგენდა სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, როდის წარმოეშვა კრედიტორს მოთხოვნის უფლება და რას შეადგენდა მსესხებლის დავალიანება, მეორე მოპასუხის უძრავ ქონებაზე კრედიტორის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკა რა მოცულობით უზრუნველყოფდა მის მოთხოვნას და სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით უნდა გამოიტანოს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნები.
22. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
23. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს მ. ო. „ბ-ის“, ბ. გ-ისა და ი. ი-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება და 2016 წლის 14 იანვრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი