საქმე № 010211414802424
საქმე №ას-482-456-2015 27 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ა.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.-ას“ (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციაში დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების – 794403.54 ლარისა და 341709.03 ლარის დაკისრება, ასევე, 2013 წლის მარტში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2013 წლის 25 ივნისამდე პირგასამტეხლოს – 30556.96 ლარის, ხოლო 2013 წლის 25 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად ძირითადი თანხის 0.1%-ის გადახდა. 2013 წლის აპრილში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 2013 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით და 2013 წლის მაისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 2013 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად ძირითადი თანხის 0.1 %-ს ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის მარტში, აპრილში და მაისში საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, მან სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს.
3. 2013 წლის მარტში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 545661.21 ლარი, რომლის გადახდაც დადგენილების თანახმად უნდა მომხდარიყო 2013 წლის 30 აპრილამდე. 2013 წლის აპრილში გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 403742.33 ლარი, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო 2013 წლის 30 მაისამდე, ხოლო 2013 წლის მაისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 342303.93 ლარი, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო 2013 წლის 28 ივნისს.
4. დადგენილი ვადის დარღვევით 2013 წლის 25 ივნისს სადაზღვევო კომპანიამ მარტის დავალიანებიდან აანაზღაურა მხოლოდ 200 000 ლარი, ხოლო მაისის დავალიანებიდან მოპასუხის მიერ კორექტირებული შემთხვევებიდან მოსარჩელის მიერ აღიარებულ იქნა 594.90 ლარი, ხოლო დარჩენილ ნაწილში მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია. საქართველოს მთავრობის №177 დადგენილების თანახმად, დავალიანების გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.1%-ის ოდენობით. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მძიმე ფინანსური პრობლემების გამო სახელმწიფოს მხრიდან დაენიშნა ადმინისტრატორი. მუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილება ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ითვალისწინებს პირგასამტეხლოს 0.1%-ს ოდენობით, მოპასუხემ მიიჩნია, რომ კომპანიის დამდგარი პრობლემების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება კიდევ უფრო გააუარესებს იმ კრიზისულ მდგომარეობას, რომელიც დამდგარია კომპანიაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი კონკრეტული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით 1. სარჩელი დაკმაყოფილდა: ა) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მარტსა და აპრილში გაწეული სამედიცინო მომსახურების – 749 403.54 ლარის გადახდა; ბ) მასვე დაეკისრა 2013 წლის მაისში გაწეული სამედიცინო მომსახურების –341 709.03 ლარის ანაზღაურება; 2. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მარტში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2013 წლის 26 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს – 3055,69 ლარის გადახდა და დარჩენილი ძირითადი თანხის – 545 661,21 ლარის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 25 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის აპრილში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაჩენილი ძირითადი თანხის – 403 742,33 ლარის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მაისის თვეში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაჩენილი ძირითადი თანხის 341 709.03 ლარის 0.01 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მარტში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2013 წლის 26 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს – 3055,69 ლარის გადახდა და დარჩენილი ძირითადი თანხის – 545661,21 ლარის 0.01%-ის ოდენობით თანხის პირგასამტეხლოს სახით გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 26 ივნისიდან 2014 წლის პირველ იანვრამდე (მოპასუხის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მომენტამდე) პერიოდისათვის, მოპასუხესვე დაეკისრა 2013 წლის აპრილში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ძირითადი თანხის – 403742,33 ლარის 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 30 მაისიდან 2014 წლის პირველ იანვრამდე (მოპასუხის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მომენტამდე) პერიოდისათვის, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის მაისში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ძირითადი თანხის – 341709.03 ლარის 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 28 ივნისიდან 2014 წლის პირველ იანვრამდე (მოპასუხის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მომენტამდე) პერიოდისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის განხილვის საგანია გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 2013 წლის მარტში, აპრილსა და მაისში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
12. აპელანტის განმარტებით, კომპანია იმყოფება გაკოტრების რეჟიმში, ხოლო მოპასუხე წარმოადგენს მეშვიდე რიგის კრედიტორს. გაკოტრების მმართველი შეზღუდულია თანხის გადახდაში, კერძოდ, ის ვერ გადაუხდის თანხას მოსარჩელეს, სანამ არ დაფარავს წინა რიგის ვალდებულებებს. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოპასუხის ქონებაზე განხორციელებული ყადაღის გამო, ვერ ხდება ქონების რეალიზაცია და მოთხოვნის დაკმაყოფილება, აპელანტს კი ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო, რაც არასწორია. აპელანტის მითითებით, გაკოტრების მმართველს კანონი არ აძლევს საშუალებას, მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო, მეორე მხრივ, გრძელდება მისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვა.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლი განმარტავს აღნიშნული კანონის მიზანს, რაც გულისხმობს მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაზომიერ დაცვას, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ან მისი შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
14. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან: ა) მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე; ბ) ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით; გ) ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება; დ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადო) დარიცხვა/გადახდა; ე) საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იურიდიული პირის გადახდისუუნარობის სპეციალური რეჟიმის შემოღების გზით, კანონმდებლის მიზანია, პირველ რიგში თავად ვალაუვალი საზოგადოების ინტერესების დაცვა, რაც გულისხმობს კრედიტორების ვალდებულებას, არსებული მოთხოვნების შესახებ დადგენილი წესით განაცხადონ და მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წესით, რიგითობის შესაბამისად მიიღონ შესრულება. აღნიშნული შეზღუდვა აგრეთვე უზრუნველყოფს კრედიტორებისათვის თანაბარი პირობების შექმნას და რომელიმე მათგანს უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს. ამ წარმოების განხორციელებისა და გადახდისუუნარობის მიზნიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება გარკვეული შეზღუდვების დადგენა, როგორც (ძირითადად) მოვალისათვის ასევე კრედიტორებისათვის, რაც გამოიხატება ზემოთ მოხმობილი ნორმით (მუხლი 21) გათვალისწინებული აკრძალვების გამოყენებაში, გადახდისუუნარობის წარმოების დაწყების მომენტისთანავე.
16. კანონით გათვალისწინებული ამ აკრძალვებიდან განსახილველ შემთხვევაში საინტერესოა კანონის 21-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა, რომელიც კრედიტორებს ზღუდავს მოვალის გადახდისუუნარობის წარმოების დაწყების მომენტიდან დაარიცხონ პირგასამტეხლო არსებული დავალიანებისათვის.
17. განსახილველ შემთხვევაში, თავად „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, რამდენადაც გაკოტრების სამართლებრივ რეჟიმში მყოფი მოვალე – მოპასუხე წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიას, შესაბამისად, მის მიმართ გაკოტრების წარმოების მომწესრიგებელ ნორმებად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №1----- ბრძანებით დამტკიცებული წესი მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე.
18. მართალია, მითითებული სპეციალური წესი არ ითვალისწინებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმის ანალოგიურ ნორმას, თუმცა ამ შემთხვევაშიც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოვალე (მზღვეველი) საწარმოს გაკოტრების სამართლებრივ რეჟიმში ყოფნის შესახებ ფაქტობრივი გარემოება განხილულ უნდა იქნეს მოვალის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების გამომრიცხველ გარემოებად.
19. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გაკოტრების წარმოების სპეციფიკურობაზე და აღნიშნა, რომ აპელანტის მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყების მომენტიდან (2014 წლის პირველი იანვრიდან) მოვალის დავალიანების დაფარვა კრედიტორების მიმართ ხორციელდება კრედიტორთა მოთხოვნების რიგითობის დაცვით. შესაბამისად, მოვალე ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მოახდინოს მაგალითად მე-7 რიგის კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, სანამ არ დაკმაყოფილდება წინა რიგის კრედიტორთა მოთხოვნები.
20. ამდენად, გასათვალისწინებელია, გაკოტრების წარმოებისას მოქმედი კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების პრინციპი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ იგი მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყების მომენტიდან, მოპასუხე, როგორც მოვალე, ამ წარმოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავისი შეხედულებით დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის, როგორც მე-7 რიგის კრედიტორის მოთხოვნა. ამ პერიოდზე ე.ი. გაკოტრების წარმოების დაწყების მომენტიდან წინამდებარე განსახილველ საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მომენტისათვის, მოვალის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნა გაუმართლებელია თავად მოვალის სამართლებრივი მდგომარეობის (იგულისხმება გაკოტრების სამართლებრივ რეჟიმში ყოფნა) და გაკოტრების წარმოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე.
21. გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა აპელანტის ის არგუმენტიც, რომ განსახილველი სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების – ყადაღის გამო, გაკოტრების მმართველი უკვე ამ ეტაპზე, როდესაც წინა ექვსი რიგის კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია და დადგა რიგითობით მე-7 რიგის მოთხოვნების, მათ შორის მოსარჩელის, როგორც გაკოტრების კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ეტაპი, მოკლებულია მე-7 რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილების ობიექტურ შესაძლებლობას, ვინაიდან, ყადაღის არსებობის გამო, ვერ ხორციელდება მოვალის ქონების რეალიზაცია.
22. რაც შეეხება თავად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის გაუქმების შესახებ, აპელანტის პრეტენზიას სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რეგულაციიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილებულია, არ არსებობს ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარება მიზანშეწონილია, განხორციელდეს თავად გაკოტრების წარმოების პროცესში გაკოტრების მონაწილე სუბიექტების (მაგ: კრედიტორთა) გადაწყვეტილების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
23. „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესიც მიუთითებს იმ სპეციფიურ სამართლებრივ რეჟიმზე, რაც (ამ კატეგორიის) მოვალეების მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყებიდან ხორციელდება.
24. სააპელაციო პალატამ ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით დაასკვნა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან აპელანტი იმყოფება გაკოტრების სამართლებრივ რეჟიმში, მოსარჩელე, როგორც ამ გაკოტრების წარმოებაში მონაწილე კრედიტორი იკავებს მე-7 რიგს, თავად გაკოტრების წარმოების სპეციფიკურობიდან გამომდინარე მოპასუხეს მის მიმართ გაკოტრების წარმოების დაწყების მომენტამდე პირგასამტეხლო უნდა დაერიცხოს იმ წესით, როგორც ეს განისაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, ხოლო გაკოტრების წარმოების დაწყების მომენტიდან აპელანტი უნდა გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს დარიცხვისაგან.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
26. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უდა გამოეყენებინა, არასწორად იმსჯელა აპელანტის მნიშვნელოვან არგუმენტებზე დამყარებულ შუამდგომლობაზე, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით.
27. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 აგვისტოს განჩინებით (საქმე №…) სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და კასატორს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. სსიპ „საქართველოს დაზვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის №.. ბრძანების საფუძველზე მოპასუხეს გაუუქმდა დაზღვევის (სიცოცხლისა და არასიცოცხლის) ლიცენზიები და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №… ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხის მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება.
28. ამჟამად განსაზღვრულია კომპანიის კრედიტორთა წრე და დავალიანების მოცულობა, შესაბამისად, დასახულია კონკრეტული გეგმები კომპანიის კრედიტორული დავალიანებების გადახდასთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელებულია კანონით განსაზღვრული შესაბამისი მოქმედებები, მაგრამ ზემოთ მითითებული 2013 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიების გამო, შეფერხებულია გაკოტრების საქმის წარმოების ჯეროვანი წარმართვა და განხორციელება, რადგანაც, გამოყენებული იძულებითი ღონისძიების გამო, ვერ ხერხდება, კომპანიის კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, კუთვნილი ქონების რეალიზება და ამონაგები თანხებით კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
29. გაკოტრების პროცესის სრულად წარმართვისა და, სხვა კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მოპასუხემ შუამდგომლობით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმება, მაგრამ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისათვის არსებული ყველა წინაპირობის არსებობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კვლავ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
30. ამჟამად დაკმაყოფილებულია წინა 56 რიგის კრედიტორთა მოთხოვნები და დამდგარია მე-7 რიგის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპი (მათ შორის მოსარჩელის), თუმცა გაკოტრების მმართველი მოკლებულია აღნიშნული რიგის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ობიექტურ შესაძლებლობას, ვინაიდან, 2013 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიების გამო, შეფერხებულია კრედიტორული დავალიანების დასაფარად კომპანიის კუთვნილი ქონების რეალიზაცია და ამონაგები თანხებით კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიიჩნია, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით მოპასუხის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული იძულებითი ღონისძიებით, კერძოდ, კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება კომპანიაში გაკოტრების პროცესის სრულად წარმართვა და კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება, რითაც იქმნება ხელისშემშლელი ხელოვნური ჯაჭვი (იძულებითი ღონისძიება არ უქმდება, ვერ ხდება ქონების რეალიზაცია, შესაბამისად, ამონაგები თანხის მიღება, ამიტომ ვერ ხერხდება კრედიტორების დაკმაყოფილება და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება) „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მოთხოვნათა და იმის გათვალისწინებით, რომ „მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწვებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება“, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საკითხი, რათა ჯეროვნად შესრულდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ განხორციელდეს კომპანიის კრედიტორთა უფლებების დარღვევა.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
33. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 2013 წლის მარტში, აპრილსა და მაისში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
36. კომპანია იმყოფება გაკოტრების რეჟიმში, ხოლო მოპასუხე წარმოადგენს მეშვიდე რიგის კრედიტორს.
37. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი, ჩამონათვალში მითითებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ აპელანტის იმ მოთხოვნის სათანადოდ შეუფასებლობას, რომელიც ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების აუცილებლობას.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოვალე (მზღვეველი) საწარმოს გაკოტრების სამართლებრივ რეჟიმში ყოფნის შესახებ ფაქტობრივი გარემოება განხილულ უნდა იქნეს მოვალის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების გამომრიცხველ გარემოებად.
42. საკასაციო სასამართლო მხარის დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულ არგუმენტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რეგულაციიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილებულია, არ არსებობს ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი.
43. სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ ამ საკითხის მოგვარება მიზანშეწონილია, განხორციელდეს თავად გაკოტრების წარმოების პროცესში გაკოტრების მონაწილე სუბიექტების (მაგ: კრედიტორთა) გადაწყვეტილების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
44. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსათვის საჩივრით არ მიუმართავს და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზება არ მოუხდენია.
45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური