საქმე№ას-1325-1245-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ს–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „---“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – დავალიანების გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „---მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს–ის მიმართ დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
2017 წლის 6 ივნისს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ნ. ს–ის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. ს–ს სს „---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 2995.54 ლარის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ნ. ს–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით ნ. ს–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ს–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედგეად მიიჩნევს, რომ ნ. ს–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, იგი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოში მისვლის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირები, ასევე, პატიმრობაში მყოფი ის პირები, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი. მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს სასამართლომ.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ს–ი არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ პირებს და ამიტომ სასამართლო არ იყო ვალდებული გაეგზავნა მისთვის დასაბუთებული განჩინების ასლი. ამდენად, მასზე უნდა გავრცელდეს გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ს–ისთვის ცნობილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოტანის თარიღი (იხ. ს.ფ. 147) და მას განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 11 ივლისის განჩინება ნ. ს–ს ორეჯერ გაუგზავნა, მისთვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო არა განჩინების ჩაბარებიდან, არამედ მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2017 წლის 11 აგვისტოს და ამოიწურა 2017 წლის 31 აგვისტოს, ხოლო საკასაციო საჩივარი ნ. ს–მა წარადგინა 2017 წლის 25 ოქტომბერს, კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (2017 წლის 31 აგვისტოს ნაცვლად იმავე წლის 25 ოქტომბერს), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური