№ა-3151-შ-83-2016 23 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ სსს „---“
მოწინააღმდეგე მხარე – სს --- „---“
განმცხადებლის მოთხოვნა _ განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით სსს „---ს" შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სს --- „---ს" სსს „---ს" სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების სახით 760 682.88 აშშ დოლარის გადახდა; აგრეთვე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 682.88 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტები 2013 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 27 იანვრის ჩათვლით - 63 203.79 აშშ დოლარის ოდენობით; ასევე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 203.79 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის 28 იანვრიდან მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დღის ჩათვლით და გამომდინარეობს კრედიტორის ადგილსამყოფელზე არსებული, რუსეთის ბანკის მიერ გამოქვეყნებული და შესაბამის პერიოდში აშშ დოლარში ფიზიკურ პირთა ანაბრებზე საშუალო საბანკო პროცენტიდან; ასევე საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის 26105.00 აშშ დოლარის ანაზღაურება. ამავე განჩინებით სს --- „---ს" სსს „---ს" სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა.
2. 2017 წლის 16 თებერვალს ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3. სსს „---ს“ წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილსა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება იმგვარად, რომ, ნაცვლად მასში მითითებული ძირითადი თანხის 760 203,79 აშშ დოლარისა, მითითებული იქნას ძირითადი თანხა 760 682,88 აშშ დოლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსს „---ს“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებასა და მის საფუძველზე 2017 წლის 16 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
6. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სსს „---ს“ მიერ წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის ცნობისა და აღსრულების თაობაზეც მიიღო გადაწყვეტილება საკასაციო პალატამ, მითითებულია, რომ სს --- „---ს“ დაეკისრა სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 682,88 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის 28 იანვრიდან მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დღის ჩათვლით და გამომდინარეობს კრედიტორის ადგილსამყოფელზე არსებული, რუსეთის ბანკის მიერ გამოქვეყნებული და შესაბამის პერიოდში აშშ დოლარში ფიზიკურ პირთა ანაბრებზე საშუალო საბანკო პროცენტიდან, რის გამოც უნდა გასწორდეს ზემოაღნიშნულ საპროცესო დოკუმენტებში დაშვებული უსწორობა.
7. ამასთანავე, რადგან საპროცესო კანონმდებლობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობას პირდაპირ არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ანალოგიის წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით, რადგანაც, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობა, და ნაცვლად სიტყვებისა - „ასევე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 203.79 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი“, მიეთითოს სიტყვები - „ასევე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 682.88 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი“.
9. რაც შეეხება ამ განჩინების საფუძველზე 2017 წლის 16 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააღსრულებო ფურცელში, ნაცვლად სიტყვებისა - „ასევე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 203.79 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი“, უნდა მიეთითოს სიტყვები - „ასევე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 682.88 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი“. 2017 წლის 16 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა დაერთოს საქმეს, ხოლო მის ნაცვლად გაცემულ იქნას ახალი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებასა და ამ განჩინების საფუძველზე 2017 წლის 16 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობანი;
2. 2017 წლის 1 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში, ნაცვლად სიტყვებისა - „ასევე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 203.79 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი“, მითითებულ იქნას სიტყვები - „ასევე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 682.88 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი“;
3. 2017 წლის 16 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, ნაცვლად სიტყვებისა - „ასევე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 203.79 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი“, მითითებულ იქნას სიტყვები - „ასევე სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისთვის ძირითად თანხაზე - 760 682.88 აშშ დოლარზე დარიცხული პროცენტი“;
4. 2017 წლის 16 თებერვლის №ა-3151-შ-83-2016 სააღსრულებო ფურცელი დაერთოს საქმეს, ხოლო მის ნაცვლად გაცემულ იქნას ახალი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე