Facebook Twitter

№აs-508-475-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ტ. ქ-ა, მ. ნ-ე (მოსარჩელეები)

საკასაციო საჩივრის ავტორები - ტ. ქ-ა, მ.ნ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ტ. ქ-სა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი :

1. ქალაქ თბილისის ნოტარიუსმა ნ. ბ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, პირველი კასატორი ან ნოტარიუსი) 2011 წლის 11 იანვარს შეასრულა სანოტარო მოქმედება - მან დაამოწმა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის მინდობილობა (შემდეგში სადავო მინდობილობა), რომლის საფუძველზეც თ. ს-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საკუთრების მიმნდობი პირი, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, მინდობილი პირის მეუღლე ან მარწმუნებელი) გ.ე-ეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მინდობილი პირი, წარმომადგენელი ან მსესხებელი) თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მშენებარე საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი ა. ყ-ის გამზირი №... (ნაკვეთი 33) ბინა N... (შემდეგში სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 103.1-ე, 107-ე მუხლები).

2. 2011 წლის 2 მარტს მ. ნ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მეორე კასატორი ან გამსესხებელი) მინდობილ პირს ასესხა 52 000 აშშ დოლარი და 10 000 ევრო. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ქონება. სესხისა და იპოთეკის წერილობითი გარიგების დადებისას, მსესხებელი მოქმედებდა, როგორც სადავო ქონების მესაკუთრის გარიგებისმიერი წარმომადგენელი. წარმოდგენილ პირს არც წინასწარ და არც შემდგომში არ მიუცია თანხმობა ქონების გასხვისებაზე (სსკ-ის, 623-ე, 289.1-ე, 3111-ე,100-101-ე, 103.1.-ე, 107.1-ე, 111.1-ე მუხლები).

3. 2011 წლის 25 მარტს მხარეებმა ცვლილება შეიტანეს 2011 წლის 2 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და სესხის ოდენობა 56 400 აშშ დოლარითა და 16 000 ევროთი განსაზღვრეს.

4. 2012 წლის 29 თებერვალს ტ. ქ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მესამე კასატორი ან მყიდველი) იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონება 20 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამ გარიგების დადების დროსაც გამყიდველის წარმომადგენელი 2011 წლის 11 იანვრის მინდობილობის საფუძველზე მოქმედებდა.

5. გამყიდველის წარმომადგენელმა 2012 წლის პირველი ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით აღიარა მოსარჩელეების ვალი, 100 000 აშშ დოლარი და, სადავო უძრავი ქონების მარწმუნებლისათვის დაბრუნების პირობით, ერთი თვის ვადაში მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. აღნიშნული ვალდებულება მსესხებელს დღემდე შესრულებული არა აქვს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 11 იანვარს, ერთი მხრივ, მინდობილ პირსა და, მეორე მხრივ, მინდობილი პირის მეუღლის სახელით შედგენილი გარიგება უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 2 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული საკუთრების მიმნდობი პირის სახელით, მინდობილ პირსა და პირველ მოსარჩელეს შორის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 110189086). ბათილად იქნა ცნობილი ასევე, 2012 წლის 29 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული საკუთრების მიმნდობი პირის სახელით მინდობილ პირსა და მეორე მოსარჩელეს შორის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 120186849); სადავო უძრავ ქონებაზე კვლავ მინდობილი პირის მეუღლის საკუთრების უფლება აღირიცხა.

8. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 88 000 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, 20 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. მათი მტკიცებით, ნოტარიუსმა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის სადავო მინდობილობა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის დარღვევით დაამოწმა, რის შედეგადაც, ზიანი მიადგა ორივე მოსარჩელეს, კერძოდ, მათი განმარტებით, სადავო მინდობილობის საფუძველზე, პირველ მოსარჩელესა და მინდობილ პირს შორის თავდაპირველად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდგომ კი, მეორე მოსარჩელესა და მინდობილ პირს შორის სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, მითითებული ხელშეკრულებები და სადავო მინდობილობა კი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ბათილად იქნა ცნობილი. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაჰკისრებოდა.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა, უფრო მეტიც, ის კონკრეტულ საქმეში დაზარალებული იყო, ამასთან, ზიანი არა მან, არამედ მინდობილი პირისა და მისი მეუღლის მოქმედებამ გამოიწვია. მოპასუხის განმარტებით, მან პირნათლად შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, სადავო მინდობილობაზე მინდობილი პირის მეუღლეს პირადად მოაწერინა ხელი და გარიგების შინაარსიც განუმარტა მას. მისი მითითებით, მინდობილი პირისა და მისი მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა თაღლითობას, რათა ნოტარიუსისა და ასევე, გამსესხებლების შეცდომაში შეყვანით მათ ფინანსური სარგებელი მიეღოთ. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დელიქტური ვალდებულების ელემენტები სახეზე არ იყო, შესაბამისად, მოპასუხეს არც ზიანის (თანხის) ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობოდა. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო, რომ, ვინაიდან, სადავო ხელშეკრულებების მხარეს მინდობილი პირი წარმოადგენდა, შესაბამისად, მოსარჩელეებს ზიანის სახით თანხის ანაზღაურებაც მისთვის უნდა მოეთხოვათ.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 992-ე მუხლი.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. პირველი მოსარჩელისათვის სესხის ხელშეკრულების დადებამდე იყო ცნობილი, რომ მინდობილ პირს უძრავი ქონება არ გააჩნდა, შესაბამისად, არც თანხას ასესხებდა მას, რომ არა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, რომლის საფუძველზეც, სესხის დაბრუნების გარანტი მინდობილი პირის მეუღლის უძრავი ქონება გახდა;

11.2. სასამართლომ მინდობილი პირის მიერ 2012 წლის 1 ნოემბერს შედგენილი ხელწერილი არასწორად გამოიყენა მოსარჩელეთა საწინააღმდეგოდ, ვინაიდან, ხელწერილი ადასტურებდა, რომ მინდობილი პირი თანხის გადამხდელი არ იყო. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ თანხა ერთი თვის ვადაში უნდა გადახდილიყო, რაც არ შესრულდა; ამდენად, აშკარა იყო, რომ მოსარჩელეები თანხას მსესხებლისაგან ვერ მიიღებდნენ;

11.3. პირველი მოსარჩელისათვის ზიანი ნოტარიუსს უნდა აენაზღაურებინა, ვინაიდან, სადავო მინდობილობა კანონის შესაბამისად დადასტურებული არ აღმოჩნდა;

11.4. სასამართლომ მეორე მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არასწორად მიუთითა, რომ მას შეეძლო, მინდობილ პირს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე შედავებოდა. სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებაზე, რომ მეორე მოსარჩელემ სადავო ქონება მხოლოდ იმ მიზეზით დაკარგა, რომ ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ სადავო მინდობილობას ენდო.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირველი მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, 44 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; მეორე მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

12.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის (ნოტარიუსის) ქმედებამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების სათანადოდ შესრულება, გამოიწვია შედეგი, რამაც დაარღვია იპოთეკარის - პირველი მოსარჩელის, შემდგომში კი, უძრავი ნივთის მყიდველის - მეორე მოსარჩელის უფლებები. ნოტარიუსის გაუფრთხილებელმა მოქმედებამ გამოიწვია უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის მინდობილობის გაფორმება და სანოტარო წესით დადასტურება უძრავი ქონების მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა მოსარჩელეთა კანონით დაცულ ინტერესებს;

12.2. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ერთ შემთხვევაში, სასესხო დავალიანების, ხოლო მეორე შემთხვევაში - მეორე მოსარჩელის მიერ უძრავი ნივთის შესაძენად გადახდილი ნასყიდობის ფასის თანხით;

12.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, საქმეზე დადგენილი გარემოებების, სანოტარო მოქმედების შესრულების მართლსაწინააღმდეგო ხასიათისა და ნოტარიუსის ბრალის ხარისხის გათვალისწინებით, ნოტარიუსის პასუხისმგებლობის ფარგლები მოცემულ დავაში 50 პროცენტით უნდა განსაზღვრულიყო. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი პასუხისმგებლობის ოდენობის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, საფუძვლიანი იყო სარჩელი მოპასუხისათვის პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ - 44 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 10 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოპასუხემ (პირველი კასატორი) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა, ხოლო მოსარჩელეებმა (მეორე და მესამე კასატორი) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

13.1. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები :

13.1.1. მოსარჩელეებმა თანხები მსესხებელს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში გადასცეს, შესაბამისად, ამ პირის მიმართ არსებობს გადაცემული თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება და ამ უფლების რეალიზაციის სამართლებრივი შესაძლებლობა. გაუგებარია, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ შეუძლებლად, მოსარჩელეთა მხრიდან ამ უფლების რეალიზაცია, მაშინ, როდესაც, მოსარჩელეებს მოთხოვნა მათი მოვალე სუბიექტის მიმართ არ წარუდგენიათ. ამ მხრივ ყურადსაღებია, რომ, ვიდრე კრედიტორის მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ არსებობს და ეს უკანასკნელი რეალიზებული არ არის, გაუგებარია თუ რაში გამოიხატება მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანი.

13.1.2. მოსარჩელეები მოთხოვნას მოპასუხის მიმართ, იმით ასაბუთებენ, რომ უშუალოდ მოვალე სუბიექტის მიმართ მოთხოვნის რეალიზება უპერსპექტივოა. ამით ისინი თავად ადასტურებენ, რომ მათ მოვალის მიმართ არ ჰქონიათ თანხის დაბრუნების უფლების რეალიზების მცდელობა, რითაც თავად შეუწყვეს ხელი ზიანის დადგომას;

13.1.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ზიანის მიყენების ფაქტის არსებობა და მასში მოპასუხის მონაწილეობა.

13.2. მოსარჩელეების საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

13.2.1. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ და არა სრულად;

13.2.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 998-ე, მუხლი მიყენებული ზიანისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ, და ამავე კოდექსის 465-ე მუხლი, რომლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია, თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ;

13.2.3. ნოტარიუსი სოლიდარული მოვალეა მინდობილ პირთან ერთად და მათ უფლება ჰქონდათ მითითებული ნორმის თანახმად, მთლიანი შესრულება მხოლოდ ნოტარიუსისგან მოეთხოვათ, როგორც სოლიდარული მოვალისგან, შესაბამისად, ცხადია, რომ არ არსებობდა მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქმე # ას-182-169-2015), რომლის მიხედვითაც, ნოტარიუსი სოლიდარულ მოვალედ არის მიჩნეული.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი :

15. საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დასაბუთებულია. რადგანაც საქმეზე არ არის დადგენილი მტკიცების საგანში შემავალი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

17. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლიანობას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე (ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ), სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების შესრულება და ამ მოთხოვნის გამომრიცხველი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არ არსებობა განაპირობებს. ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის, ანუ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის. მას პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეები სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცებენ, რომ ზიანი უშუალოდ ნოტარიუსის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიადგათ.

18. როგორც პირველი მოსარჩელე 88 000 აშშ დოლარის, ისე მეორე მოსარჩელე 20 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივ წინაპირობებად მიუთითებდნენ შემდეგ გარემოებებზე:

ა) უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ 2011 წლის 11 იანვრის მინდობილობა ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის დარღვევით დაამოწმა, სინამდვილეში უძრავი ნივთის მესაკუთრეს გამსესხებლისათვის შესაბამისი უფლებამოსილება არ მიუნიჭებია;

ბ) მათ გააჩნდათ ნდობა აღნიშნული მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის მიმართ და ამიტომაც დადეს სესხის, იპოთეკისა და ნასყიდობის ხელშეკრულებები;

გ) 2011 წლის 2 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე, 2012 წლის 29 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ბათილად იქნა ცნობილი.

19. მოპასუხემ სარჩელში მითითებული ფაქტები უარყო და მიუთითა, რომ:

ა) ის არ იყო სათანადო მოპასუხე, რადგანაც მოსარჩელეებს ზიანი მიაყენეს მსესხებელმა და ამ უკანასკნელის მეუღლემ (თ. ს-მა, იპოთეკის საგნის მესაკუთრემ) ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით;

ბ) სახეზე არ იყო სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, კერძოდ: ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ფაქტობრივი ზიანი, რომელიც ამ მოქმედების უშუალო შედეგია (ადეკვატური მიზეზობრივი კავშირი) და ბრალი, ნოტარიუსის მიმართ განხორციელებული არ არის, რადგანაც მოსარჩელეების წინაშე ვალდებული პირია მსესხებელი;

20. სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია მხარეთა მიერ მითითებული გარემოებები, მცდარი შეფასება მისცა მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები განაპირობა. სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის კანონიერი ძალა ამ კონკრეტულ დავაში მონაწილე მხარეებზე, სსსკ-ის 266-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვერ გავრცელდება, რადგანაც გადაწყვეტილების მატერიალურ კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები, შდრ. საქმე #513-490-2016,21.10.16). „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება, როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსსკ-ის 106-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხ. სასამართლო პრაქტიკა: სუსგ #ას-827-791-2014, 13.11.2015 წ.)“ - იხ. სუსგ # ას-58-56-2016, 26.02.2016წ). 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების მოსარჩელე იყო საკუთრების მიმნდობი პირი (თ. ს-ი), რომელიც ამ დავაში აღარ მონაწილეობს, ხოლო მოპასუხეებს წარმოადგენდნენ განსახილველი დავის მონაწილეები: მსესხებელი, მოსარჩელეები და მოპასუხე (ნოტარიუსი). ისინი მოსარჩელისაგან თავს სწორედ სადავო ხელშეკრულებების ნამდვილობაზე მითითებით იცავდნენ. აქედან გამომდინარე, 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და სამართლებრივი ურთიერთობების მოცემული საქმისათვის უდავოდ მიჩნევა არასწორია.

21. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს და შეაფასოს ის ფაქტები, რომლებიც 2011 წლის 11 იანვრის მინდობილობის ნამდვილობა-არანამდვილობას უკავშირდება. ამ ნაწილში მოპასუხის შესაგებელში მითითებული გარემოებები კრიტიკულად უნდა შემოწმდეს და შეფასდეს. თუ დადგინდება, რომ სადავო უძრავი ქონების (მშენებარე საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი ა. ყ-ის გამზირი №... (ნაკვეთი 33) ბინა N...) მესაკუთრე და მსესხებელი რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და მითითებული ქონება მათი თანასაკუთრეებაა, მაშინ უნდა შემოწმდეს ხომ არ არსებობს სსკ-ის 1160-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებების ბათილობის გამომრიცხველი გარემოებები.

22. მხოლოდ იმ ფაქტის დადგენა, რომ ნოტარიუსმა 2011 წლის 11 იანვრის მინდობილობის დამოწმება განახორციელა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის დარღვევით, ვერ იქნება საკმარისი მისთვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. სსკ-ის 992-ე მუხლის მიზნებისათვის სახეზე უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგად დამდგარი ფაქტობრივი ზიანი. მოსარჩელეების მტკიცება, რომ 2011 წლის 2 მარტის სესხისა და იპოთეკის, ასევე, 2012 წლის 29 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს ისინი არ დადებდნენ, რომ არა სანოტარო წესით დამოწმებული 2011 წლის 11 იანვრის მინდობილობა, ცალსახად არ ადასტურებს მათთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რადგანაც მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფცია კანონით გათვალისწინებული არ არის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე N3კ/624-02) დიდმა პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფციას და სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა თავისთავად არ ნიშნავს მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტის არსებობას. უფლებამოსილება უნდა იყოს ნამდვილი, შესაბამისად, მოსარჩელეები ვალდებული იყვნენ, გამოეჩინათ აუცილებელი ყურადღებიანობა და უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრესთან გადაემოწმებინათ უფლებამოსილების არსებობა (შდრ. სუსგ Nას-706-669-2013, 22 ოქტომბერი, 2013 წელი; საქმე №ას-813-764-2015, 28 ოქტომბერი, 2015 წელი). გარდა ამისა, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და დადგენილი მსესხებლის გადახდისუუნარობის საკითხი, გააჩნია თუ არა ამ უკანასკნელს რაიმე სახის აქტივები ან ხომ არ არის ის სადავო ქონების ½-ის კანონისმიერი მესაკუთრე (სსკ-ის 1158-ე მუხლი), სასესხო და კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე, რატომ ვერ იქნება მოსარჩელეების მოთხოვნები აღსრულებადი და ა.შ.

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას, სწორად უნდა გაანაწილოს მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), სრულყოფილად გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს, როგორც სარჩელის ფაქტობრივი წანამძღვრები, ისე მოპასუხის შესაგებელი, გამოიკვლიოს წინამდებარე განჩინების პ. 18-22-ში მითითებული გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

24. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

25. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 372-ე, 399-ე, და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ნ-ის, ტ. ქ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი