საქმე №ას-1062-982-2017 3 ოქტომბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ბ-ე, ე. კ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, შ. გ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა 2011 წლის 11 აგვისტოს შედგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2014 წლის 30 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას, ასევე, ნ. ბ-სა და ე. კ-ის (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მოსარჩელის სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის - 7560 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრებას, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 369-ე და 2591-ე მუხლებით.
3.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 11 მაისს გამართულ სხდომაზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მოსარჩელის წარმომადგენელი - დ. ზ-ი (შემდეგში მოსარჩელის წარმომადგენელი ან წარმომადგენელი) დაესწრო. პალატამ მიუთითა ასევე საქმეში წარმოდგენილ მინდობილობაზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენელი უფლებამოსილი იყო, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა;
3.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრების მსურველ მხარეს 2017 წლის 12 ივნისის ჩათვლით შეეძლო სასამართლოში გამოცხადება და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მითითებულ პერიოდში, მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დენა 2017 წლის 13 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 26 ივნისს ამოიწურა;
3.3. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარი მოსარჩელემ ვადის დარღვევით - 2017 წლის 28 ივნისს წარადგინა, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენილად მიჩნევის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მან გადაწყვეტილება, სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერთან ერთად 2017 წლის 13 ივნისს მოითხოვა, თუმცა ამ დღეს მხოლოდ გადაწყვეტილება ჩაიბარა. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის შედგენა, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა შეეზღუდა ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლაც სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის გადმოცემის მომდევნო დღიდან - 2017 წლის 20 ივნისიდან უნდა დაეწყო;
4.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის საქმეში (# ას-1161-1106-2014) გაკეთებული განმარტება სსსკ-ის 2591 მუხლთან დაკავშირებით;
4.3. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი, გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა, ხელყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება;
4.4. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“ განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შებოჭონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და დაცულია პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის;
4.5. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრების ვადის არასწორად გამოთვლით, სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის გადმოცემის მომენტიდან ვადის ათვლის გაუთვალისწინებლობით, გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრი ინტერპრეტაციით, უკანონოდ ჩამოართვა მას ეფექტური სასამართლო დაცვისა და სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის სამართლიანი სასამართლოსადმი წვდომის უფლება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
6. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს განჩინების გაუქმება სსსკ-ის 2591 და ამავე კოდექსის 369-ე მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე.
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ვადაში წარდგენილად უნდა მიეჩნია, ვინაიდან, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა 2017 წლის 11 მაისის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის მისთვის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2017 წლის 20 ივნისიდან, უნდა დაწყებულიყო, ვერ გაიზიარებს. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
13. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მისი წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა (იხ. 2017 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 117-123), თუმცა, მას ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 13 ივნისიდან დაიწყო და იმავე წლის 26 ივნისს ამოიწურა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2017 წლის 28 ივნისს წარადგინა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო საჩივრის ვადაში წარდგენილად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან, მას დაგვიანებით ჩაბარდა სასამართლოს სხომის ოქმის აუდიო ჩანაწერი. პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის ათვლა სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის ჩაბარებას არ უკავშირდება, ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2017 წლის 19 ივნისამდე არ დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის მოთხოვნის ფაქტი.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
17. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაზე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცენდენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს (გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, საქმე #4451/70).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი