Facebook Twitter

№ას-1032-952-2017 17 ოქტომბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. გ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი :

1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-ას გამზირი # .., ბინა # ..., ს/კ ... (შემდეგში სადავო უძრავი ქონება), 2016 წლის 22 ნოემბრიდან მ. ზ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 15-16), (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას ი. გ-ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ოჯახთან ერთად ფლობს.

3. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

4. 2016 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, მან სადავო უძრავი ქონება 2016 წლის 22 ნოემბერს საჯარო აუქციონზე შეიძინა, თუმცა მოპასუხე ოჯახის წევრებთან ერთად განაგრძობს სადავო ქონების უკანონოდ ფლობას და, არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი. მისი მოსაზრებით, სარჩელი უსაფუძვლო იყო, ვინაიდან, მოსარჩელემ იპოთეკით გაცემული სესხის სანაცვლოდ, მიზერულ ფასად შეიძინა სადავო უძრავი ქონება და მისი მესაკუთრე ფორმალურად გახდა, ამასთან, იგი სადავო ბინაში არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს და სხვა თავშესაფარი არ გააჩნია, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, სსკ-ის 160-162, 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სადავო ქონება მოსარჩელის სახელზე ფორმალურად აღირიცხა ვალის სანაცვლოდ, შესაბამისად, მას არავითარი უფლება არა აქვს, განკარგოს სხვისი უძრავი ქონება;

7.2. ყურადსაღები იყო, რომ სესხად აღებული თანხის ნაწილი - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი მოპასუხეს დაბრუნებული ჰქონდა და იგი არც დარჩენილი თანხის დაბრუნებაზე, აცხადებდა უარს;

7.3. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონოა და ვერ აღსრულდება, ვინაიდან, სადავო უძრავ ქონებას მოპასუხის გარდა მისი ორი არასრუწლოვანი შვილი და მეუღლეც ფლობს, სასამართლოს კი, მათ მიმართ სადავო ქონების მფლობელობის კანონიერების საკითხი არ დაუდგენია.

7.4. მხარემ თავად აღიარა სასამართლო სხდომაზე, რომ სადავო ბინა სესხის საფასურად გადაიფორმა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ იგი ფორმალურ მესაკუთრეს წარმოადგენს.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა;

8.2. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტი არ წარმოადგენდა სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელს, ვინაიდან, მას სასამართლოსათვის არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე;

8.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, მოპასუხის ოჯახის წევრების მიერ სადავო ქონების მფლობელობის კანონიერების საკითხის დადგენასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ, სსსკ-ის 248-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო იხილავს დავას სარჩელში დასახელებული მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. შესაბამისად, მოპასუხედ დასახელებული მხარის გარდა, სხვა პირთა მიმართ მოთხოვნის საფუძვლიანობას სასამართლოს ვერ შეაფასებდა.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარში მითითებული ყველა საფუძვლით (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 7).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

14.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

14.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

14.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: # ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ჩ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (გადახდის ქვითარი #14255488, გადახდის თარიღი 21.09.2017 წ. სს ,,ლიბერთი ბანკი“), 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი