Facebook Twitter

№აs-932-872-2017 17 ოქტომბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ი-ი, თ. ლ-ე, მ. შ-ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1. 2013 წლის 31 აგვისტოს ე. ხ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მარწმუნებელი) ნ. ი-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან რწმუნებული) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ქ. თბილისში, ს. ჩ-ის ქ. # ...-ში მდებარე, 45.5. კვ.მ # 51-ე ბინაზე, ს/კ ... (შემდეგში მოხსენიებული, როგორც სადავო ქონება ან იპოთეკის საგანი) სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის დადგენის უფლებამოსილება მიანიჭა (იხ. ს.ფ.74-75, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 103.1-ე, 104.1-ე და 107-ე მუხლები). აღნიშნული წერილობითი მინდობილობის შინაარსი ნოტარიუსმა დაამოწმა.

2. 2013 წლის 19 დეკემბერს რწმუნებულმა (პირველი მოპასუხე) მარწმუნებლის სახელით თ. ლ-ესა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან იპოთეკარი) და მ. შ-ასთან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან იპოთეკარი) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადო. ეს გარიგებაც ნოტარიუსმა კანონით დადგენილი წესით დაამოწმა. იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (იხ. ს.ფ.76-81, სსკ-ის 623-ე, 625.3-ე, 289.1-ე და 3111.1-ე მუხლები);

3. 2014 წლის 11 აპრილს, პირველ მოპასუხეს (რწმუნებული), სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით, მარწმუნებელმა უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის (მათ შორის სადავო ქონების გასხვისების) უფლებამოსილება მიანიჭა (იხ. ს.ფ. 82-86), რომლის საფუძველზეც, 2014 წლის 23 მაისს რწმუნებულსა და იპოთეკარებს (მეორე და მესამე მოპასუხე) შორის, ვალის გაქვითვის სანაცვლოდ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება გაფორმდა (ს.ფ. 87-92) და სადავო უძრავი ქონება იპოთეკარების თანასაკუთრებად აღირიცხა (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი, ს.ფ. 93).

4. 2014 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, 2013 წლის 31 აგვისტოსა და 2014 წლის 11 აპრილის მინდობილობების, 2013 წლის 19 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, ვალის გაქვითვის სანაცვლოდ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის 2014 წლის 23 მაისის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, პირველმა მოპასუხემ მეორე და მესამე მოპასუხეებთან სადავო ხელშეკრულებები კანონის დარღვევით გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე დადო, კერძოდ, მან (მოსარჩელემ) არ იცოდა ქართული ენა, ხოლო ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედება შეასრულა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, კანონის დარღვევით გაცემული მინდობილობების საფუძველზე გაფორმებული სესხისა და იპოთეკის, ასევე, სადავო ქონების, ვალის სანაცვლოდ იპოთეკარების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებიც კანონსაწინააღმდეგო იყო.

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლები. მათი განმარტებით, წარმოდგენილი სანოტარო აქტებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ სანოტარო აქტი წაიკითხა და მას ხელი ქართულ ენაზე მოაწერა. ამასთან, მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი რუსეთის ფედერაციაში დაიბადა, ენის არცოდნის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 54-ე მუხლი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102-ე და 105-ე მუხლები.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. მოსარჩელის მტკიცებით, მან მინდობილობა პირველი მოპასუხის სახელზე ნამდვილად გასცა, თუმცა ამ მინდობილობით მან წარმომადგენელს ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების, სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ბინაზე შესაძლო მიშენებასთან დაკავშირებით მერიისა და საჯარო რეესტრის სამსახურებთან წარმომადგენლობის უფლებამოსილება და არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისა და ნივთის გასხვისების უფლება მიანიჭა;

7.2. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, დგინდებოდა, რომ იგი დაბადებული და გაზრდილია რუსეთში, ეროვნებით რუსია, მას განათლება ქართულ ენაზე არ მიუღია და, შესაბამისად, ქართულად არც წერს და არც კითხულობს;

7.3. მოსარჩელის მტკიცებით, იგი 1962 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე - გ. ხ-თან და წლებია ცხოვრობს საქართველოში. ქართველებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შედეგად ქართულად კი საუბრობს, მაგრამ ამ ენაზე წერა-კითხვა არ იცის;

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით სადავო გარიგებების ხელმოწერის დროისათვის ქართული ენის არცოდნის ფაქტის დადასტურება, კერძოდ, მან ვერ დაამტკიცა, რომ არ ფლობდა ქართულს, რომ მან გარიგების შინაარსის გაგება ვერ შეძლო, ნოტარიუსს ენის არცოდნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა, გარიგების დადებისას თარჯიმნის მონაწილეობა და გარიგების შინაარსის მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე განმარტება მოითხოვა და ა. შ. პალატის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს გარიგების შინაარსი ეცნობა და გარიგების არსი და მისი თანამდევი შედეგებიც განემარტა, რაც მან დაადასტურა კიდეც ქართულ ენაზე შესრულებული ხელმოწერებით;

8.2. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი, რის შესახებაც იგი, მისივე განმარტებით, ინფორმირებული არ ყოფილა, გამოვლენილი ნების ბათილობის წინაპირობად ვერ განიხილებოდა, ვინაიდან მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც, ხოლო, თუ დავუშვებთ, რომ იგი მართლაც არ გასცნობია მინდობილობის შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, ეს პირველი მოპასუხის (შვილიშვილის) ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენდა, რომელიც ვერ დაედებოდა საფუძვლად სადავო გარიგებების ბათილობას;

8.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომლითაც შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტები ბათილად იქნებოდა ცნობილი, იმ მესამე პირთა უფლებების დაუშვებელ ხელყოფას გამოიწვევდა, რომლებიც ნოტარიუსის თანდასწრებით გამოვლენილ ნებას ენდნენ.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარში მითითებული ანალოგიური საფუძვლებით (იხ. პ. 8).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვლინდებოდა საპროცესო სამართლის ნორმების არსებითი დარღვევა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე დატოვა ძალაში, რომ არ იმსჯელა, რამდენად დასაშვები იყო სარჩელი, რომლითაც 2013 წლის 31 აგვისტოსა და 2014 წლის 11 აპრილის მინდობილობების, 2013 წლის 19 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, ვალის გაქვითვის სანაცვლოდ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის 2014 წლის 23 მაისის გარიგებების ბათილად ცნობა იყო მოთხოვნილი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

13. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მინდობილობებისა და მათ საფუძველზე გაფორმებული სესხისა და იპოთეკის, ასევე ვალის გაქვითვის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო გარიგებების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქ/პუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებია მოპასუხეებისათვის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

14. აქვე, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

17. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი).

18. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შესაბამისად, სსკ-ის 1991 მუხლის (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან) საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხეების თანასაკუთრებად აღრიცხულ სადავო უძრავ ქონებას (მდებარე: ქ. თბილისი, ს. ჩ-ის ..., ბინა ..., საკადასტრო კოდი ...).

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.3 და 1991-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015

წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება;

3. ე. ხ-ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ. შ-ას (პ/ნ ...) და თ. ლ-ის (პ/ნ...) თანასაკუთრებად აღრიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ს. ჩ-ის ..., ბინა ..., საკადასტრო კოდი ....

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი