Facebook Twitter

№ას-1104-1024-2017 20 ოქტომბერი, 2017 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „პ-ი"

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს-ო"

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „პ-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „პ-მა".

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „პ-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „პ-მა" და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩარებიდან 7 დღით. 2017 წლის 10 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „პ-ის" დირექტორმა მ. ლ-ამ და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. განმცხადებელი მიუთითებს, რომ შპს „პ-ს" არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა რადგან მას არ გააჩნია საკუთრებაში უძრავი და მოძრავი ქონება და ასევე არ ეწევა კომერციულ საქმიანობას. კასატორს არ ყავს კრედიტორები და არანაირი ვადამოსული, ფინანსური გადახდის, ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად ამ ეტაპზე, მაშინ როდესაც პირიქით კასატორს სხვა პირის მიმართ აქვს მოთხოვნა და სწორედ მითითებული დასტურდება წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, შპს „პ-ის" მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება კრედიტორების არ არსებობის შემთხვევაში, არის უსაფუძვლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, ხოლო 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. 2017 წლის 10 ოქტომბერს კასატორმა კვლავ მომართა სასამართლოს შუამდგომლობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მიუხედავად, კასატორმა სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკმარის სამართლებრივ საფუძველს, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კასატორი 2017 წლის 10 ოქტომბრის განცხადებით, კვლავ მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ამჯერადაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მას არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რაც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას და არა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას. ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „პ-ის" შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს. შპს „პ-ის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა