Facebook Twitter

№ას-644-615-2016 16 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ა. უ-ი

წარმომადგენლები - გ. ბ-ე, რ. ხ-ე, გ. ო-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – ბ. ჩ. რ-ი, ნ. ჭ-ია-რ-ი

მეორე კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხეები) – შპს „ა...“, დ. კ-ი, ი. დ-ო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – ბ. ჩ. რ-ი, ნ. ჭ-ია-რ-ი

მესამე კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელეები) – ბ. ჩ. რ-ი, ნ. ჭ-ია-რ-ი

წარმომადგენელი - ხ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ა. უ-ი, შპს „ა...“, დ. კ-ი, ი. დ-ო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინება

პირველი კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბ. ჩ. რ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

მეორე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმისწარმოების შეჩერება სამი თვის ვადით

მესამე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ნ. ჭ-ია-რ-ის საქმეში ჩაბმა და საქმისწარმოების გაგრძელება

დავის საგანი – თანხის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს ბ. ჩ. რ-მა (შემდეგში: პირველმა მოსარჩელემ) და ნ. ჭ-ია-რ-მა (შემდეგში: მეორე მოსარჩელემ) ა. უ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხის ან პირველი კერძო საჩივრის ავტორის), შპს „ა...ს“ (შემდეგში: მეორე მოპასუხის ან მეორე კერძო საჩივრის ავტორის), ი. დ-ოს (შემდეგში: მესამე მოპასუხის ან მეორე კერძო საჩივრის ავტორის) და დ. კ-ის (შემდეგში: მეოთხე მოპასუხის ან მეორე კერძო საჩივრის ავტორის) წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს:

1.1. მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებისათვის სესხის - 400 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სოლიდარულად დაკისრება;

1.2. მეორე მოპასუხისათვის, 2013 წლის 10 თებერვლიდან ამავე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის - 56 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება;

1.3. მესამე და მეოთხე მოპასუხეებისათვის სესხის ძირითად თანხაზე პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება, 2013 წლის 11 თებერვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ეკვივალენტი ლარის ოდენობით;

1.4. პირველი მოპასუხისათვის ზიანის ასანაზღაურებლად 237 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით,

2.1. სარჩელი დაკმაყოფილდა:

2.1.1. მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის - 400 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ;

2.1.2. მეორე მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, დაეკისრა სესხის სარგებლის - 56 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება;

2.1.3. მესამე და მეოთხე მოპასუხეებს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 400 აშშ დოლარი) 2013 წლის 11 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

2.2. სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოპასუხეებმა, ასევე - მოსარჩელეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 26 მარტისა და 31 ივლისის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებისა და მოსარჩელეების სააპელაციო საჩივრები.

5. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა პირველი მოსარჩელის გარდაცვალების შესახებ და იშუამდგომლა, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ საქმეში მეორე მოსარჩელის ჩაბმის თაობაზე, რომელიც სამკვიდროს მმართველად იყო დანიშნული კონექტიკუტის შტატის დარიენ ნიუ ქეინენის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს მიერ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით: ზემოხსენებული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; პირველი მოსარჩელის გარდაცვალების გამო მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერდა ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე, 2016 წლის 9 ივნისიდან არაუმეტეს 1 წლის ვადით.

6.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მმართველი არის დანიშნული პირი ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღები პირებისა და საჯარო ინტერესების დასაცავად, ხოლო საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეებისა და მესამე პირების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს ქმნის უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა და ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდებოდა პირველი მოსარჩელის გარდაცვალების ფაქტი, კერძოდ, იგი 2014 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა. ამასთან, სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, კონექტიკუტის შტატის, დარიენის ნიუ ქეინენის ოლქის სამემკვიდრეო სასამართლომ მეორე მოსარჩელეს მიანიჭა პირველი მოსარჩელის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივებისა და პასივების მართვის უფლება.

6.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი მოსარჩელის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი პროცედურები ტარდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით და სასამართლოსთვის უცნობი იყო ამ პროცედურებისთვის დადგენილი ვადების შესახებ, თუმცა, მითითებული ვადებისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით საქმისწარმოების შეჩერებისათვის დადგენილი ვადების გათვალისწინებით, მითითებული საპროცესო მოქმედება უნდა წარმართულიყო გონივრულად, იმ ვადით, რომ მხარეს შესაძლებლობა მისცემოდა, წარედგინა პროცესუალური დოკუმენტი, რაც მას საშუალებას მისცემდა საქმეში გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ჩართულიყო და ამ უკანასკნელის უფლება-მოვალეობები განეხორციელებინა. სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადება.

7. დასახელებული გაჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც მოპასუხეებმა, ასევე, მოსარჩელეების წარმომადგენელმა.

8. პირველი კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ბ. ჩ. რ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას შემდეგი საფუძვლით:

8.1. სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ:

ა) პირის გარდაცვალებით ავტომატურად უქმდება „ადვოკატის უფლებამოსილების“ ცალმხრივი გარიგება (სსკ-ის 109(დ) მუხლი), შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატს არ ჰქონდა უფლება, სააპელაციო საჩივარი შეეტანა გარდაცვლილი აპელანტის სახელით;

ბ) აპელანტის გარდაცვალებით „ადვოკატის უფლებამოსილება“ შეწყვეტილად რომც არ მივიჩნიოთ, სააპელაციო საჩივარი მაინც არაუფლებამოსილი პირის მიერაა შეტანილი, ვინაიდან „ადვოკატის უფლებამოსილების“ თანახმად, წარმომადგენელი ახორციელებს იმ უფლებებს, რომელიც მის მარწმუნებელს გააჩნია. ეს უკანასკნელი უკვე გარდაცვლილი იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტში და, ცხადია, მას გასაჩივრების საპროცესო უფლება აღარ გააჩნდა (სსსკ-ის 83(1) მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი უფლება არც მის ადვოკატს არ ჰქონდა.

8.2. მართალია, პირის გარდაცვალებით ავტომატურად არ უქმდება სასარჩელო მოთხოვნა და არ წყდება საქმის განხილვა, მაგრამ, ასეთ დროს, გარდაცვლილი მხარის წარმომადგენელი ვალდებულია, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საქმისწარმოების შეჩერება უფლებამონაცვლის დადგენამდე. მოცემულ შემთხვევაში, ამ საპროცესო შესაძლებლობის გამოყენებაზე უარის თქმით, მხარის წარმომადგენელმა ხელი შეუწყო მისთვის არასასურველი საპროცესო სამართლებრივი შედეგის მიღებას, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას გულისხმობს.

8.3. გასულია საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის კანონით გათვალისწინებული ვადა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვადა უნდა აითვალოს აპელანტის გარდაცვალების (06.12.2014წ.) და არა სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის მომენტიდან (09.06.2016წ.).

9. მეორე კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და საქმისწარმოების შეჩერებას სამი თვის ვადით შემდეგი საფუძვლით:

9.1. გასაჩივრებული განჩინება არასწორია იმ ნაწილში, რომლითაც საქმისწარმოების შეჩერების ვადა განისაზღვრა არა უმეტეს 1 წლით. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2014 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა, რა დროსაც პირველი მოსარჩელე უკვე გარდაცვლილი იყო. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე პირველი მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა. საქმის განხილვა 2016 წლის 9 ივნისს ჩაინიშნა, რა დროსაც სასამართლომ საქმისწარმოება 1 წლით შეაჩერა, პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე. ამდენად, მხარეს გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე წელიწად-ნახევარი ჰქონდა, ხოლო შემდეგ, დამატებით 1 წლის ვადა მიეცა უფლებამონაცვლის დადგენისათვის. ასეთ პირობებში მოპასუხეთა კანონიერი უფლებები შეილახა.

10. მესამე კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ნ. ჭ-ია-რ-ის საქმეში ჩაბმასა და საქმისწარმოების გაგრძელებას შემდეგი საფუძვლით:

10.1. პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მეორე მოსარჩელის ცნობის შესახებ შუამდგომლობის აღძვრისას, წარმომადგენელმა სასამართლოს მიაწოდა შემდეგი მტკიცებულებები: პირველი მოსარჩელის გარდაცვალების მოწმობა, ამ უკანასკნელის მიერ სიცოცხლეში შედგენილი ანდერძი და აშშ-ის კონექტიკუტის შტატის ნიუ-ქეინენის სამკვიდრო სასამართლოს მიერ გაცემული მოწმობა სამკვიდროს ერთადერთ მმართველად მეორე მოსარჩელის დანიშვნის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ მიმართ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი და ის კანონმდებლობა, რომელიც მოსარჩელეთა მემკვიდრეობის საკითხებს აწესრიგებდა, კერძოდ, აშშ-ის კონექტიკუტის შტატის კანონმდებლობა. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის დათქმიდან გამომდინარე, სამემკვიდრეო სამართლის ნორმების განმარტებებით, სასამართლოს იმ ქვეყნის სამართლით უნდა ეხელმძღვანელა, რომლის იურისდიქციასაც პირველი მოსარჩელე განეკუთვნებოდა. აშშ-ის კონექტიკუტის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, მემკვიდრეზე სამკვიდრო მოწმობა მანამ არ გაიცემა, ვიდრე მამკვიდრებლის ყველა პასივი არ დაიფარება. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი დარჩენილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. მოცემულ შემთხვევაში, მამკვიდრებლის პასივები აქტივებს აღემატებოდა, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეს ჯერ ამ ვალების დაფარვა ევალებოდა, ხოლო შემდეგ, თუკი ქონება დარჩებოდა, მას ამ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის აღება შეეძლო მოეთხოვა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მითითებული საკითხი არ შეისწავლა და იმაზე მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო აშშ-ის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესახებ. მსგავსი პოზიცია არასწორია, სასამართლოს სწორედ მითითებულ პროცედურებში გარკვევა ევალებოდა. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მეორე მოსარჩელეს უფლება ერთმევა, იყოს გარდაცვლილი პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლე იმ პირობებში, როდესაც ამერიკის კანონმდებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის მსგავსი დოკუმენტის გაცემას არ ითვალისწინებს. ამის შედეგად, პირველი მოსარჩელის უფლებები ილახება;

10.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამკვიდრო პასივის სრულად დაფარვამდე პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლეობის თაობაზე სამკვიდრო მოწმობა არ გაიცემა, ეს იმას გულისხმობს, რომ ერთ წელიწადში მისი გაცემა ვერ მოხერხდება. შესაბამისად, პირველი მოსარჩელის ნაწილში სასამართლო სარჩელს ერთი წლის გასვლის შემდეგ განუხილველად დატოვებს, რამდენადაც სამკვიდრო მოწმობას მეორე მოსარჩელე ვერცერთი წლის შემდეგ ვერ მოიტანს. ყოველივე ეს მხარისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვაზე უარის თქმას ნიშნავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელეების კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. კერძო საჩივრებით გასაჩივრებულია განჩინება, რომლითაც სასამართლომ, პირველი მოსარჩელის გარდაცვალების გამო, საქმისწარმოება შეაჩერა მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. გასაჩივრებული განჩინებით ირკვევა, რომ, გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლის დასადგენად, სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია გარდაცვლილის მეუღლისა და ანდერძისმიერი მემკვიდრის (მეორე მოსარჩელის) მიერ წარმოდგენილი აშშ-ის კონექტიკუტის შტატის, დარიენ ნიუ-ქეინენის სამემკვიდრეო საქმეების სასამართლოს მიერ გაცემული მეურვის (ანდერძის აღმსრულებლის) დანიშვნის მოწმობა, შესაბამისად, სასამართლომ საქმისწარმოება შეაჩერა გარდაცვლილი მოსარჩელის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების (სამკვიდრო მოწმობის) წარმოდგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის ვადით.

13. მესამე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს გარდაცვლილი მოსარჩელის მეუღლისათვის სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენა არ უნდა მოეთხოვა და ეს უკანასკნელი საქმეში უნდა ჩაება გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ზემოხსენებული მოწმობის საფუძველზე.

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მესამე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ მეურვის (ანდერძის აღმსრულებლის) საქმეში ჩაბმის თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა შეეჩერებინა და საქმის განხილვა უნდა გაეგრძელებინა შემდეგ გარემოებათა გამო:

14.1. საქმის განხილვაში მონაწილე მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, დასაშვებია ამ მხარის შეცვლა მისი უფლებამონაცვლით (სსსკ-ის 92.1 მუხლი). გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ საქმის განხილვაში დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც მიიღეს გარდაცვლილის სამკვიდრო, შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დაკავშირებულია მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღებასთან, რაც, თავის მხრივ, დადგენილია მატერიალური სამართლებრივი ნორმებით. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა, მიიღო თუ არა გარდაცვლილი მოსარჩელის მეუღლემ სამკვიდრო. ამ საკითხის გარკვევამდე, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ გარდაცვლილი მოსარჩელე (მამკვიდრებელი) აშშ-ის მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი ურთიერთობები საქართველოს კანონმდებლობით ვერ მოწესრიგდება, კერძოდ, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გარდაცვალებისას პირველი მოსარჩელე იყო აშშ-ის მოქალაქე, კერძოდ, კონექტიკუტის შტატის, ქალაქ ნიუ-ქეინენის მკვიდრი, შესაბამისად, ამ უკანასკნელთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი ურთიერთობების მიმართ უნდა გამოვიყენოთ აშშ-ისა და კონექტიკუტის შტატის კანონმდებლობა.

14.2. კონექტიკუტის შტატის მემკვიდრეობითი სამართლის გამოყენების მიზნით, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა ამავე შტატის ლიცენზირებული იურისტის - მ. ლ.ბ-ის განმარტებას კონექტიკუტის შტატის მემკვიდრეობითი სამართლის ნორმების ოფიციალური განმარტებისა და გამოყენების პრაქტიკის თაობაზე. ასეთი უფლებამოსილება საკასაციო სასამართლოს გააჩნია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლის საფუძველზე (უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენებისას საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი ნორმების არსის დასადგენად, შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით).

14.3. აშშ-ში, მათ შორის, კონექტიკუტის შტატში, გარდაცვლილის ქონების მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს სამემკვიდრეო საქმეების სასამართლო, რომელიც ზედამხედველობს უფლებამოსილი პირებისათვის გარდაცვლილის ქონების კანონიერად (მათ შორის, ანდერძის შესაბამისად) განაწილებას, ამასთან, უზრუნველყოფს, რომ, მემკვიდრეთა შორის ქონების განაწილებამდე, გადახდილ იქნეს ნებისმიერი ვალი, დაკრძალვისა და ქონების მართვის ხარჯები და გადასახადები. ამ მიზნით, სამემკვიდრეო სასამართლო ნიშნავს მეურვეს, რომელიც კონექტიკუტის შტატის ზოგადი კანონების კრებულის (C.G.S.) 45ა-199 მუხლის მიხედვით, განიმარტება, როგორც ანდერძის აღმსრულებელი, მინდობილი მესაკუთრე, მცველი. მოცემულ შემთხვევაში, კონექტიკუტის შტატის სამემკვიდრეო საქმეთა სასამართლომ განიხილა და დაამოწმა გარდაცვლილის ანდერძი, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელის მეუღლე დანიშნულია ანდერძის აღმსრულებლად. ანდერძის აღმსრულებლის მოვალეობაა, თავად გააკონტროლოს და თავი მოუყაროს გარდაცვლილის მთელ ქონებას, უზრუნველყოს მისი დეკლარირება სამემკვიდრეო სასამართლოში, გადაიხადოს გარდაცვლილის დავალიანებები და გაანაწილოს დარჩენილი ქონება გარდაცვლილის ანდერძის მიხედვით. მეურვის (ანდერძის აღმსრულებლის) უფლებები დეტალურადაა მოწესრიგებული კონექტიკუტის შტატის ზოგადი კანონების კრებულის (C.G.S.) 45ა-234-ე მუხლით, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, მეურვე უფლებამოსილია, აწარმოოს სასამართლო დავა გარდაცვლილის ქონების სახელით და ამ მიზნით დაიქირაოს ადვოკატები. მეურვე უფლებამოსილია, ასევე, დაიცვას გარდაცვლილის ნებისმიერი ქონება ან მისი ნაწილი, განახორციელოს ქონების მართვის ნებისმიერი უფლება და დისკრეცია, რომელიც მას ექნებოდა, ქონების სრულუფლებიანი მფლობელი რომ ყოფილიყო. კონექტიკუტის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, არ არსებობს რაიმე დამატებითი საბუთი, რომელიც მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებდა გარდაცვლილი მოსარჩელის მეუღლეს. ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი მოწმობა მეურვის (ანდერძის აღმსრულებლის) დანიშვნის თაობაზე, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი უფლებამოსილია, ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, უძრავი ქონების ჩათვლით, მიიღოს და გადასცეს გარდაცვლილი მოსარჩელის სახელით. ამასთან, იგი ვალდებულია, სამკვიდროს აქტივები გასცეს, პირველ რიგში, გარდაცვლილის კრედიტორების დასაკმაყოფილებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაისაკუთროს დანარჩენი აქტივი, ვინაიდან იგი არის ანდერძში დასახელებული ერთადერთი ბენეფიციარი.

14.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონექტიკუტის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, მამკვიდრებლის უფლებების აღსრულების მიზნით, მემკვიდრე კი არ ენაცვლება მამკვიდრებელს, არამედ მეურვე (ანდერძის აღმსრულებელი) უფლებამოსილია, მოითხოვოს მამკვიდრებლის უფლებების სავალდებულო აღსრულება ამ უკანასკნელის სახელით. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილი მოსარჩელის მეუღლე ანდერძში დასახელებული ერთადერთი ბენეფიციარია და, ამასთან, ანდერძი დადასტურებულია კონექტიკუტის შტატის სამემკვიდრეო სასამართლოს მიერ, ეს უკანასკნელი შესაძლებელია, მიგვეჩნია კიდეც გარდაცვლილის სამკვიდროს მიმღებად, მაგრამ საქმეში მისი უფლებამონაცვლედ ჩაბმა მაინც არასწორი იქნებოდა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, იგი სამკვიდრო აქტივს მიიღებდა, როგორც საკუთარს, რაც შელახავდა სხვა სავარაუდო მემკვიდრეებისა და მამკვიდრებლის კრედიტორების ინტერესებსაც. სწორედ ამიტომ, კონექტიკუტის შტატის კანონმდებლობით, მემკვიდრეები კი არ ენაცვლებიან მამკვიდრებელს, როგორც უფლებამონაცვლეები, არამედ შტატის სამემკვიდრეო საქმეთა სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვე (ანდერძის აღმსრულებელი) უზრუნველყოფს მემკვიდრეთა შორის ქონების განაწილებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადახდილი იქნება მამკვიდრებლის ნებისმიერი ვალი, დაკრძალვისა და ქონების მართვის ხარჯები და გადასახადები.

14.5. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კონექტიკუტის შტატის კანონმდებლობის მსგავსად, საქართველოს სამემკვიდრეო სამართალის ნორმებზე დაყრდნობითაც შესაძლებლია, გარდაცვლილი მოსარჩელის მეუღლემ, როგორც გარდაცვლილის ანდერძის აღმსრულებელმა, იმოქმედოს მამკვიდრებლის სახელით, მათ შორის, აწარმოოს სასამართლო დავა მამკვიდრებლის ქონების სახელით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი დასკვნა გამომდინარეობს სსკ-ის 1415-ე მუხლის შინაარსიდან (ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა, სამკვიდროს გახსნის მომენტიდანვე შეუდგეს სამკვიდროს დაცვასა და მართვას; ის უფლებამოსილია, შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია ანდერძის აღსრულებისათვის. ამ უფლებამოსილების ფარგლებში მემკვიდრეები კარგავენ სამკვიდროს მართვის უფლებას). ხსენებული ნორმის დანაწესი იმის შესახებ, რომ ანდერძის აღმსრულებელი „უფლებამოსილია, შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია ანდერძის აღსრულებისათვის“, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გულისხმობს, ასევე, ანდერძის აღმსრულებლის მიერ სასამართლოში დავის წარმოების შესაძლებლობას მამკვიდრებლის სახელით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ანდერძის აღმსრულებლის ასეთი უფლებამოსილება არაპირდაპირ გამომდინარეობს სსკ-ის 1498-ე მუხლის შინაარსიდანაც (თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. მმართველი არ დაინიშნება, როცა თუნდაც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ან, თუ დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი). განსახილველ შემთხვევაში, კონექტიკუტის შტატის სამემკვიდრეო საქმეთა სასამართლოს მიერ დანიშნული ანდერძის აღმსრულებლისათვის ზემოხსენებული უფლებამოსილების მიუნიჭებლობა გამოიწვევდა, როგორც გარდაცვლილის მემკვიდრეთა, ასევე - მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების გაუმართლებელ შელახვას, რაც დაუშვებელია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გარდაცვლილი მოსარჩელის მეუღლე, როგორც ანდერძის აღმსრულებელი, კანონის საფუძველზეა უფლებამოსილი, გააგრძელოს სასამართლო დავა მოანდერძის სახელით.

14.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმისწარმოების შეჩერების შესახებ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც ამ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი კერძო საჩივრის ავტორის მიერ წინამდებარე განჩინების 8.1. პუნქტში მითითებულ პრეტენზიებს, კერძოდ, იმას, რომ, სსკ-ის 109(დ) მუხლის მიხედვით, პირველი მოსარჩელის გარდაცვალებით ავტომატურად გაუქმდა „ადვოკატის უფლებამოსილების“ ცალმხრივი გარიგება, შესაბამისად, ადვოკატს არ ჰქონდა უფლება, სააპელაციო საჩივარი შეეტანა გარდაცვლილი მოსარჩელის სახელით. საკასაციო პალატა ამ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება, ვინაიდან, მართალია, სსკ-ის 109(დ) მუხლის მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით, მაგრამ ეს წესი არ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების მიმართ, კერძოდ, სსკ-ის 721.1. მუხლის მიხედვით (ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობის გამო არ წყდება, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), მარწმუნებლის გარდაცვალება არ არის დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მარწმუნებლის სიკვდილი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, თუ ამის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ან კიდევ - მინდობილობის შინაარსი ამაზე პირდაპირ მიუთითებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, სსკ-ის 721.2. მუხლი ავალდებულებს რწმუნებულს, გააგრძელოს დავალებული საქმეების შესრულება, თუ ეს აუცილებელია გარდაცვლილი მარწმუნებლის მემკვიდრეთა ინტერესების დასაცავად. ასეთ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავდა ადვოკატი დავალების ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 104-107). ამ ხელშეკრულების მე-8 მუხლში მოცემულია დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, თუმცა მათ შორის არაა მითითებული მარწმუნებლის გარდაცვალების შესახებ, ამასთან, არც მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარეობს სხვა რამ, შესაბამისად, უნდა დავასკვნათ, რომ პირველ მოსარჩელესა და ადვოკატს შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვოკატი უფლებამოსილი იყო, გარდაცვლილი მოსარჩელის სახელით შეეტანა სააპელაციო საჩივარი.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი კერძო საჩივრის ავტორის მიერ წინამდებარე განჩინების 8.2. პუნქტში მითითებულ პრეტენზიას, კერძოდ, რაკი პირველი მოსარჩელის ადვოკატმა დროულად არ წარადგინა მისი მარწმუნებლის გარდაცვალების მოწმობა, სააპელაციო პალატას განუხილველად უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული საფუძვლით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

17. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პირველი კერძო საჩივრის ავტორის მიერ წინამდებარე განჩინების 8.3. პუნქტში მითითებულ პრეტენზიასაც, კერძოდ, იმას, რომ, გასულია საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის კანონით გათვალისწინებული ვადა. ამ პრეტენზიის უსაფუძვლობა აშკარაა წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში ასახული მსჯელობიდან გამომდინარე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მასზე დაწვრილებით აღარ შეჩერდება. ამავე საფუძვლით დაუსაბუთებელია მეორე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაც, რაც მოცემულია წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. უ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ა...ს“, დ. კ-ისა და ი. დ-ოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ბ. ჩ. რ-ისა და ნ. ჭ-ია-რ-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი