№ ას-127-119-2017 22 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. ბ-ე (მოსარჩელე), ს.ფ.ფ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ. ბ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა’’ (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და ს.ფ.ფ-ის მიმართ (შემდგომში „მეორე მოპასუხე“) და მოითხოვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ---ის ქუჩაზე, ---ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 88 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №---) მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით ერიცხება ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, რომლის მომიჯნავედ მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (მისამართი: ქ. თბილისი, ---ის გამზირი №---, საკადასტრო კოდი №---). აღნიშნული ნაკვეთი 2011 წლის 25 თებერვლის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა მეორე მოპასუხეს, რომელიც დღემდე უსასყიდლოდ სარგებლობს ამ ქონებით.
3. 2013 წლის ნოემბერში მოსარჩელემ ჩაატარა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერა და აზომვები, რა დროსაც დადგინდა, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს უკანონოდ აქვს დაკავებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 88 კვ.მ მიწის ფართობი (საკადასტრო კოდით №---).
4. ზემოაღნიშნული ფაქტის დაფიქსირებიდან მოსარჩელე უშედეგოდ აწარმოებს მოლაპარაკებებს მოპასუხეებთან, მოპასუხეები დღემდე ახორციელებენ უკანონო მფლობელობას, რაც მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების რეგისტრაციის დროს რეალური მდგომარეობის ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა არ დასტურდება, ვინაიდან საქმეში არსებული 2013 წლის 7 ნოემბრის №--- წერილით დგინდება, რომ გამიჯვნის პრობლემა და კოორდინატთა სისტემაში მიწის ნაკვეთების ზუსტი დაფიქსირება ვერ მოხერხდა 2001 წლის 24 სექტემბერს მოსარჩელესა და შპს ,,---ას’’ შორის ხელშეკრულების დადებისას. შესაბამისად, ცალსახად არ დგინდება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად მოსარჩელეს აქვს ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი.
6. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მოპასუხეს არ აქვს ნივთის ფლობის იურიდიული საფუძველი. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „---ის“ 2015 წლის 15 სექტემბრის დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ ააშენა ღობე მაშინ, როდესაც უკვე არსებობდა „წითელი ხაზები“, რაც ვერ ადასტურებს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ღობის აშენების ფაქტს.
7. მეორე მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ სარჩელი არ ცნო.
8. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „---ის“ 2015 წლის 15 სექტემბრის დასკვნასა და მის დანართში - ტოპოგრაფიულ აზომვით ნახაზში - მითითებული ფართის, 88 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ---ის ქუჩაზე, ---ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მოსარჩელის კუთვნილი 88 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №---) გამოთხოვა და მოსარჩელისთვის (მესაკუთრისთვის) თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
12. საპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
13. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ---ის გამზ. №---ში მდებარე 75091.00 კვ.მ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №---).
14. 2011 წლის 25 თებერვალს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (მესაკუთრე) და, მეორე მხრივ, მეორე მოპასუხეს (უზუფრუქტუარი) შორის დაიდო უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესაკუთრემ გადასცა და უზუფრუქტუარმა უსასყიდლო სარგებლობის უფლებით მიიღო: ა) ქ. თბილისში, ---ის გამზირი №---ში მდებარე 69 318.00 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 12 499.41 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №---) და ბ) ქ. თბილისში, ---ის გამზ., ---ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 5 773.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. 2015 წლის 29 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2011 წლის 25 თებერვლის უზუფრუქტის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
15. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ---ის ქუჩაზე, ---ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 1501.00 კვ.მ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №---).
16. აღნიშნული ქონება და სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება (მდებარე ქ. თბილისში, ---ის გამზ. №---ში), რომელიც უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ გადაცემული აქვს მეორე მოპასუხეს, ერთმანეთის მომიჯნავედ არის განთავსებული.
17. სააპელაციო სასამართლომ შპს ,,---ის’’ 2015 წლის 15 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე გამოარკვია, რომ მოსარჩელის დაკვეთით აღნიშნულმა კომპანიამ აზომა ქ. თბილისში, ---ის გამზირზე, ---ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 1501.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აზომვებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. თბილისი, ---ის №---, საკადასტრო კოდი: ---) მესაკუთრის მიერ აშენებული ღობე, რომლის აშენებაც მოხდა დაახლოებით 6 წლის წინ, მაშინ როდესაც არსებობდა წითელი ხაზები. არსებული ღობის ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხიდან ჩრდილოეთით წითელ ხაზამდე მანძილია 4მ და 10 სმ., წითელი ხაზის სიგრძეა 42 მ და 2 სმ., ხოლო საერთო ჯამში მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრის მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობი შეადგენს 88 კვ.მ.-ს.
18. სასამართლომ იხელძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მოსარჩელემ შეძლო სადავო გარემოების დადასტურება მოპასუხის მიერ მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილის არამართლზომიერად ფლობის შესახებ, ხოლო მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მის მხარეზე არსებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზაციას, კერძოდ, მან ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც შპს ,,---ის’’ 2015 წლის 15 სექტემბრის დასკვნაში მითითებულ გარემოებას - მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გადაფარვას გააბათილებდა.
19. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნდა საკუთრების უფლება, ნივთს ფლობდა მოპასუხე, თუმცა მესაკუთრე შეზღუდული არ იყო მოპასუხეთა მიერ ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლებით, ვინაიდან მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
22. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფა. საჩივრის ავტორის აზრით, გაურკვეველია, რა გარემოებას ამტკიცებს მოსარჩელე შპს „---ის“ მიერ შედგენილი 2015 წლის 15 სექტემბრის დასკვნით. აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ მესაკუთრემ ღობე ააშენა დაახლოებით 6 წლის წინ, ანუ მაშინ, როდესაც არსებობდა „წითელი ხაზები“. ეს გარემოება კი ვერ ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მოხდა ღობის აშენება, ასევე მოცემული დასკვნა ვერ ჩაანაცვლებს ექსპერტიზის დასკვნას და რეალური მდგომარეობის ამსახველ საკადასტრო აზომვით ნახაზს. ტოპოგრაფული გეგმა ასახავს მხოლოდ დამკვეთის ინტერესის სფეროში არსებულ მონაცემებს და არ წარმოადგენს ობიექტურ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
29. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
30. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რასაც ადასტურებს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. შპს „---ის“ მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს გაცემული დასკვნით დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს. მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგოდ კი მოპასუხის პრეტენზია ემყარება მხოლოდ ახსნა-განმარტებას და არ არის გამყარებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით. იგი უთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტი. ამავე გარემოებებზე მითითებით ხდის სადავოდ კასატორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა ვერ ჩაანაცვლებს ექსპერტიზის დასკვნას და რეალური მდგომარეობის ამსახველ საკადასტრო აზომვით ნახაზს.
31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ №ას-1326-1252-2012, 25 მარტი 2013 წელი; სუსგ № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).
32. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
34. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1792-1769-2011, 23 იანვარი, 2012 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე