Facebook Twitter

საქმე №ას-353-331-2017 23 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ზ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საკუთრების ხელყოფის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ზ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ზ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ უკანონო ხელყოფის აღკვეთისა და მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: უძრავი ნივთის ნასყიდობის 2014 წლის 5 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრება, ქ.თბილისში, ვ-ი 3-ის პირველი მიკრორაიონის 35-ე კორპუსის შემოქმედებითი სახელოსნოს სხვენ სართულზე მდებარე 80,68 კვ.მ. მოპასუხე შეჭრილია მის საკუთრებაში და არ აძლევს საკუთრებით სარგებლობის საშუალებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეებს საკუთრებაში აქვთ სხვადასხვა უძრავი ნივთი, სხვადასხვა საკადასტრო კოდით, მოპასუხემ 2009 წელს საკუთრებაში დაირეგისტრირა 81,06 კვ.მ ფართი, მოსარჩელემ კი, უძრავი ქონება შეიძინა 2014 წელს. წინა მესაკუთრეს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია ფართებთან დაკავშირებით. ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელე სადავოდ ხდის მოპასუხის საკუთრების უფლებას, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ გააჩნია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 300 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, სადავოდ გახადა სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების კანონიერება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, კასატორის პრეტენზიები და მიიჩნევს, რომ პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად _ დასაშვებად, შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში, შეფასების საგანს წარმოადგენს პროცესის გარეშე ხარჯის, კერძოდ, იურიდიული მომსახურებისათვის მოგებული მხარის მიერ გაღებული თანხის მოსარჩელისათვის დაკისრების მართლზომიერება.

1.2. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობდა მოსარჩელისათვის მოპასუხის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათის გაწეული თანხის სახით 300 ლარის დაკისრების წინაპირობები. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას არ ეთანხმება კასატორი და პრეტენზიას აცხადებს იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი _ საგადახდო დავალება სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე თვით ადრეა გადახდილი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

1.4. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის შედავებას პროცესუალური ნორმების დარღვევის თაობაზე, თუმცა, არა იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ ხარჯების გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება სარჩელის აღძვრამდე პერიოდს შეეხება, არამედ, იმ საფუძვლით, რომ საპროცესო სამართლის ნორმათა არასწორ განმარტებას ჰქონდა ადგილი, რასაც შედეგად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. უშუალოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება მოწესრიგებულია საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით და დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

1.4.2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებულად მივიჩნევთ, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალება წინამდებარე დავის ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ამსახველი დოკუმენტი არ არის, მაინც არ იარსებებს კასატორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი დავალების ხელშეკრულებით _ მინდობილობით დასტურდება, რომ მ.პ-ი იცავდა მოპასუხის ინტერესებს სასამართლოში, ეს გარემოება დადასტურებულია საქმის მასალებითაც (იხ. სხდომის ოქმები). საკასაციო პალატა მოიხმობს დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას: ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მხარეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმეტი არ ჰქონდა წარდგენილი, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ არსებობდა მოგებული მხარის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).

1.4.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.

1.4.4. ამდენად, რადგანაც დასტურდება მოპასუხესა და მის წარმომადგენელს შორის დავალების ხელშეკრულების არსებობა, რომელიც, საქმის გარემოებათა მიხედვით სასყიდლიანია, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს გასამრჯელოს ოდენობას, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წინაპიროები.

1.5. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, პალატა მისი განსაზღვრის მიზნით ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილებს:

1.5.1. განსახილველი დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა/ხელშეშლის აღკვეთაა. ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 4 000 ლარით განისაზღვრება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ თანხის 4% შეადგენს 160 ლარს.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას პროცესის ხარჯების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად იღებს გადაწყვეტილებას: ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით უნდა დაეკისროს 160 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი პროცესის ხარჯების განსაზღვრის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ზ. მ-ეს (პ/#...) ზ. ზ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს 160 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი