საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-784-751-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების (შემდეგში: მთავრობის № 177 დადგენილება) შესაბამისად, შპს „ა-ი“ (შემდეგში: მოსარჩელე ან სამედიცინო ცენტრი) სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ მიერ (შემდეგში: მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია, მზღვეველი, აპელანტი ან კასატორი) დაზღვეულ პირებს სამედიცინო მომსახურებას უწევდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 22-26).
2. სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ 30.09.2013წ. რეკომენდაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიას სამედიცინო ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 25 381.6 ლარის, 2013 წლის 30 ივლისიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - ძირითადი თანხის 0.1 %-ისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური - 459.7 ლარის გადახდა (იხ. მედიაციის სამსახურის 30.09.2013 წ. რეკომენდაცია - ტ.1, ს.ფ. 75-81).
3. სადაზღვევო კომპანიის დავალიანება სამედიცინო ცენტრის მიმართ შეადგენს 25 381.6 ლარს (იხ. ანგარიშ-ფაქტურა და ანგარიშგების უწყისი ტ.1, ს.ფ. 23-26).
4. მთავრობის 177-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი.
5. ამ განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებული ურთიერთშედარების აქტი მხარეებს შორის არ გაფორმებულა.
6. 2013 წლის ივნისის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოპასუხეს ამავე წლის 2 ივლისს წარედგინა.
7. 2013 წლის ივნისის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ღირებულებიდან - 25 381.6 ლარიდან ანაზღაურებას 10 662 ლარი დაექვემდებარა, ხოლო დაკორექტირებულმა თანხამ 14 719 ლარი შეადგინა (მზღვეველის 2013 წლის 25 ივლისის წერილი).
8. სამედიცინო ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა
8.1. სამედიცინო ცენტრმა 2013 წლის 29 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მზღვეველის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის ძირითადი დავალიანების - 25 381.6 ლარის და 2013 წლის 30 ივლისიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - ძირითადი თანხის 0.1 %-ის, 25.4 ლარის გადახდის დაკისრება
8.2. სარჩელი ამ განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებულ გარემოებებს ეფუძნება.
9. მოპასუხის შესაგებელი
9.1. მოპასუხემ არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი მისი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და მიუთითა:
9.1.1. შპს „სადაზღვევო კომპანია მ-ას“, მოპასუხესა და სს „ჩ-ას“ შორის დადებულია შეთანხმება სამედიცინო მომსახურების გაწევასა და გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე დოკუმენტების დამუშავებისა და გაწეული სამუშაოს ღირებულების სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს მზღვეველი არ წარმოადგეს, გარდა ამისა, მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტი არ არის გაფორმებული.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სამედიცინო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა:
10.2. საქალაქო სასამართლომ ამ განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ მიიჩნია, ხოლო მე-7 პუნქტში დასახელებული გარემოების კვლევისას მთავრობის 177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით იხელმძღვანელა და დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი ინფორმაცია თანხების დაკორექტირების შესახებ არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რომელი საფუძვლით მოხდა თანხების კორექტირება, ასევე, არ იყო გამყარებული სხვა რაიმე მტკიცებულებით, შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტები მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებას ასახავდა სადავო თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხე არ იყო ვალდებული სრულად აენაზღაურებინა მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ხსენებული დოკუმენტების მოსარჩელისათვის ჩაბარების ფაქტი.
10.3. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 316-ე, 317-ე, მთავრობის 177-ე დაგენილებით და განმარტა, რომ მხარეები წარმოადგენენ მთავრობის 177-ე დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილეებს და მათ შორის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები ამავე დადგენილებით წესრიგდება.
10.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელში ასახული პოზიცია, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოპასუხეს, მთავრობის 177-ე დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ვადაში, წარუდგინა. ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე -5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი არ გაფორმებულა, მზღვეველს არ ათავისუფლებდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, მით უფრო, რომ ურთიერთშედარების აქტის შედგენა მზღვეველს ევალება. საქმის მასალებიდან კი არ ჩანდა, რომ მოპასუხემ რაიმე ზომებს მიმართა აქტის გასაფორმებლად.
10.5. რაც შეეხებოდა მოპასუხის მოსაზრებას, რომ ის არ წარმოადგენდა მოსარჩელის წინაშე ვალდებულ პირს, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან სწორედ მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს გაეწიათ სამედიცინო მომსახურება.
10.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეთა შორის წარმოშობილი მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა, შესრულების დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურები წარუდგინა საამისოდ უფლებამოსილ პირებს, მოპასუხემ კი ვერ დაადასტურა ამ კონკრეტული ვალდებულების (ანგარიშფაქტურების მიხედვით) შესრულების სანაცვლოდ თანხის გადახდის ფაქტი, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ არ არსებობდა მისთვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით გათვალისწინებული ნორმებიდან და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამედიცინო ცენტრის მოთხოვნა საფუძვლიანი ოყო.
10.7. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე მუხლითა და მთავრობის 177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დასაბუთებული და საფუძვლიანი იყო.
10.8. სასამართლომ განმარტა: დადგენილი იყო, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ მიმართა სამედიცინო მედიაციის სამსახურს. სამედიცინო ცენტრმა მედიაციის სამსახურში სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 500 ლარი. ამდენად, სადაზღვევო კომპანიას უნდა დაჰკისრებოდა 500 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
11. სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგი არგუმენტაციით:
11.2. მთავრობის 177-ე დადგენილების თანახმად, მზღვეველმა უნდა განახორციელოს ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის სამედიცინო დაწესებულებისათვის ანგარიშსწორება. ვინაიდან, მხარეთა შორის ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, შესაბამისად, იმავე დადგენილების პირობების ფარგლებში, აპელანტის მოსაზრებით, სამედიცინო დაწესებულების მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის მხოლოდ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიწოდება არ წარმოადგენდა გაწეული მომსახურების ანგარიშსწორების საფუძველს, რადგან მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო „ურთიერთშედარების აქტი“, რომლითაც ზუსტად განისაზღვრებოდა სამედიცინო მომსახურების მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და მისი ანაზღაურების ვადები, ხოლო ამ წესების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაკისრების ვადები.
11.3. აპელანტის განმარტებით, მოპასუხესა და სს „ჩ-ას“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2013 წლის 1 მარტიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის (სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებას და მზღვეველისათვის მიწოდებას სრულად უზრუნველყოფდა სს „ჩ-ა“.
11.4. ამასთან, შპს „მედიქალ პარკი საქართველოსა“ და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2013 წლის 1 მაისიდან, მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ პირთა კონტიგენტის (გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე, აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებას, მზღვეველისათვის მიწოდებას და კლინიკასთან თანხების ანგარიშსწორებას უზრუნველყოფდა შპს „მედიქალ პარკი საქართველო“.
11.5. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა ივნისის თვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე წარმოადგენდა, ერთი მხრივ, სს „ჩ-ის“, ხოლო, მეორე მხრივ, შპს „მედიქალ პარკი საქართველოს“ მიერ დასარეგულირებელ და ამის შედეგად განსაზღვრული ოდენობით ასანაზღაურებელ მოცულობას. ასევე, სადავო პერიოდზე არ არსებობდა პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გადასახდელი თანხის 0.1 %-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 30 ივლისიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.02 %.
12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასახული ამ განჩინების 10.2-10.6 და 10.8 პუნქტებში, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
12.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და მთავრობის 177-ე დადგენილებაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სახელშეკრულებო შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობაზე არ შემდგარა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა მთავრობის 177-ე დადგენილებით.
12.4. სასამართლომ განმარტა, რომ 01.09.2014 წელს N528 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მთავრობის 177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, მიმწოდებელი უფლებამოსილია დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებდა წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან.
12.5. სააპელაციო სასამართლომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, მთავრობის 177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში ცვლილება შევიდა 2014 წლის 1 სექტემბერს, თუმცა, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ ამ ნორმის გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის, როგორც სიტყვასიტყვითი, ისე, ლოგიკური განმარტება იძლეოდა იმ დასკვის საფუძველს, რომ იგი ვრცელდება მანამდე არსებულ ურთიერთობებზეც.
13. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რაც მის სააპელაციო საჩივარშია მითითებული (იხ. ამ განჩინების 11.2-11.5 ქვეპუნქტები).
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, დადგენილი სტანდარტითაა მხარეთა შორის გადანაწილებული მტკიცების ტვირთი, ასევე, მართებულია სამართლებრივი შეფასება. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ 177-ე დადგენილების თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო შემთხვევის დროული და სრული ანაზღაურება აღნიშნული დადგენილების საფუძველზე. დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში ჩაატაროს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა, ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხა უნდა გადარიცხოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მოპასუხის პოზიცია, ამასთან, მას არ მიუთითებია არც ერთ საპროცესოსამართლებრივ საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც საკასაციო განაცხადი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: # 1284-1226-2013, 24.03.2014წ; # ას-859-809-2015, 19.11.2015 წ.; # ას-1171-1116-2014, 02.02.2015წ; ას-942-892-2015, 04.12.2015წ.; # ას-1003-947-2015, 29.01.2016წ.; # ას-1277-1198-2015, 15.03.2016 წ; #ას-408-391-2016, 15.07.2016წ.).
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფს“ (ს/კ 2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2019.99 ლარის (გადახდის თარიღი 2016 წლის 5 აგვისტო და 2016 წლის 27 სექტემბერი), 70% – 1414 (ათას ოთხას თოთხმეტი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე