საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-865-832-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „E-t” (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E-n” (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაკისრება (სარჩელში); ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „E-t-ის” (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, შპს „E-n-ის” (შემდეგში: მენარდე ან მოპასუხე) მიმართ, ხელშეკრულების შეწყვეტის, თანხის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მენარდის შეგებებული სარჩელი შემკვეთის მიმართ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთის სარჩელის დაკმაყოფილება და მენარდის შეგებებული სარჩელის უარყოფა.
3.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით შემკვეთის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი და შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4.აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
6.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
7.განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა ისეთი ახალი გარემოება (შპს „ი-ის“ მიერ 2015 წლის 22 დეკემბერს შედგენილი #15/12-22/05 აუდიტორული დასკვნა), რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში დასახელებული აუდიტორული დასკვნით დადგენილია მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ ცხრასართულიან, სამსადარბაზოიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სამუშაოების მოცულობა და ხარისხი. განმცხადებელის მითითებით, სამუშაოები შესრულებულია არა მოპასუხის (მენარდის), არამედ შპს „ე-ი 2007-ის“ მიერ. შესაბამისად, მას, როგორც შემკვეთს, ერთი და იმავე სამუშაოს ღირებულების გადახდა ორჯერ ეკისრება.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
10.სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 421-ე, 422-ე, 423-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე საქმის წარმოების განახლება დაუშვებელი იყო.
11.სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს შეეძლო და ვალდებულიც იყო, თავისი სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად და მოპასუხის შეგებებული სარჩელისაგან თავის დასაცავად, საქმის წარმოების დასრულებამდე, შეემოწმებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული სამუშაოების მოცულობა და ხარისხი, ასევე, მიეთითებინა ამ სამუშაოს შემსრულებელი პირი, თუკი, მისი მოსაზრებით, ეს გარემოებები სამართლებრივად მნიშვნელოვანი იყო საქმის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად.
12.სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თავისივე დაუდევრობით არ ისარგებლა ზემოხსენებული შესაძლებლობით. შესაბამისად, მის მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილად ვერ მიიჩნეოდა და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევდა.
13.აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო სასამართლოში, კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
14.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით შემკვეთის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა, კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
15.2016 წლის 13 მაისს მოსარჩელემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
16. განმცხადებლის განმარტებით, საქმის მასალების გაცნობის შედეგად საქმეში აღმოაჩინა მტკიცებულებები (50 ფურცლად, სააპელაციო სასამართლოს საქმის ფურცლები 29-79), რომლებიც გაურკვეველია როგორ მოხვდა საქმეში, როგორც ირკვევა, მტკიცებულებები წარდგენილია, თითქოსდა 2015 წლის 17 მარტის სხდომაზე. ამ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს საერთოდ არანაირი შუამდგომლობა არ დაუყენებია. ასევე, განმცხადებლის მტკიცებით, საქმეში არ არსებობს საოქმო განჩინება ამ მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით და ეს მტკიცებულებები განმცხადებელს არ გადასცემია. ამასთან, მტკიცებულებათა ნაწილი შედგენილია უცხოურ ენაზე.
17. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ საქმის წარმოების განახლება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც არსებობდა საქმის არსებითად განხილვის დროს, „აღმოჩნდა“ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; მისი არსებობის შესახებ მხარისა და სასამართლოსათვის ცნობილი არ ყოფილა და ამ მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა ან გარემოებაზე მითითება, სავარაუდოდ, გამოიწვევდა მხარისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელს არც ერთი ამ პირობათაგანი დაცული არ აქვს.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, განმცხადებელი, როგორც ჩანს, კანონის დარღვევით მიღებულად მიიჩნევს მენარდის ე.წ. “პასუხს სააპელაციო საჩივარზე” (ტ. 5, ს.ფ. 30-71), რომელსაც ერთვოდა სხვადასხვა სახის ცხრილები და ელექტრონული საგადახდო დავალებები. განმცხადებლის მიერ მითითებული სხვა საბუთები - ტ. მე-5, ს.ფ. 72-79 - სააპელაციო სასამართლოს თავად მოსარჩელემ წარუდგინა და 2015 წლის 17 მარტის სხდომაზე სასამართლომ ეს მტკიცებულებები საქმეს დაურთო (2015 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი: 16:31:35-16:39:45). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო წერილობითი ტექსტი წარმოადგენდა არა დამოუკიდებელ მტკიცებულებას, არამედ მოპასუხის წერილობით ახსნა-განმარტებას. ამას ადასტურებდა ისიც, რომ “პასუხს” თანდართული არც ერთი “ცხრილი” სააპელაციო სასამართლოს დამოუკიდებელ მტკიცებულებად არც მიუღია და არც შეუფასებია; ხოლო “საგადახდო დავალებები” წარდგენილი იყო თავად განმცხადებლის მიერ, ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში, სარჩელთან ერთად (ტ. 1, ს.ფ. 32-36). სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 83-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, განმარტა, რომ მხარე უფლებამოსილია სასამართლოს ახსნა-განმარტება წარუდგინოს, მათ შორის, წერილობითი სახით. ამ უფლების რეალიზაცია შეზღუდული არ არის და მას სასამართლოს აქტი არ სჭირდება. ამის შესაბამისად, ის გარემოება, რომ ახსნა-განმარტების წერილობითი სახით დაშვების თაობაზე სასამართლომ განჩინება არ გამოიტანა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ იყო. ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტები მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე ზეპირადაც არაერთხელ განმარტა. ეს კი ნიშნავდა, რომ ისინი როგორც სასამართლოსთვის, ასევე თავად განმცხადებლისთვისაც იმთავითვე ცნობილი იყო. ასეც რომ არ ყოფილიყო, სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის "ე"-"ვ" ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელს საქმის განხილვის ყველა ეტაპზე ჰქონდა საშუალება გასცნობოდა საქმის მასალებს და გაერკვია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ახსნა-განმარტება სასამართლოს წერილობითი სახითაც წარუდგინა.
19. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
20. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას, ასახულს ამ განჩინების 17-18 პუნქტებში და იმეორებს იმ პრეტენზიებს, რაც 2016 წლის 13 მაისის განცხადებაში ჰქონდა მითითებული (იხ. ამ განჩინების მე-16 პუნქტი).
21. კერძო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ მხარე არ იყო ვალდებული ყოველი სხდომის შემდეგ გამოეთხოვა საქმის მასალები და გადაემოწმებინა კანონის დარღვევით ხომ არ დაურთო სასამართლომ საქმეს რაიმე მტკიცებულება, მხარე ენდობა მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოს (სასამართლოს).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
23.სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
24.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
25.საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 17-18 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული არც ერთი საპატიო მიზეზი, რომელთა გამოც მან საპროცესო ვალდებულება ვერ შეასრულა და ახლად აღმოჩენილად მიჩნეული გარემოება სასამართლოს, საქმის განხილვის დროს, არ წარუდგინა.
26. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი). შესაბამისად, მხარე ვალდებულია, მისი არგუმენტების მტკიცებულებებით დადასტურებისათვის ყველა ღონე იხმაროს ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასაწყის ეტაპზე. მას არ გააჩნია საპროცესო შესაძლებლობა, დაელოდოს საქმის განხილვის შედეგს და შემდეგ გადაწყვიტოს, წარადგინოს თუ არა სხვა მტკიცებულებებიც საკუთარი პოზიციის სარწმუნოდ სამტკიცებლად. აღნიშნული წესი და აკრძალვა მით უფრო ეხება უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადების წარსადგენისას მხარის მიერ მითითებულ გარემოებებსა და მათი დადასტურებისათვის წარდგენილ მტკიცებულებებს“ (იხ. სუსგ ას-1008-969-2016, 30.11.2016 წ.).
27. „კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას“ (იხ. სუსგ ას-582-553-2015, 15.07.2015 წ. და ას-283-269-2016, 06.05.2016 წ.).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „E-t”-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე