საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3235-შ-83-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ჰ. ა. ჰ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, რაინის ლინცის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება N5VI142/14
დავის საგანი – სამკვიდროს მეურვედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რაინის ლინცის საქალაქო სასამართლოს, სამკვიდრო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის №5 VI 142/14 გადაწყვეტილებით, ადვოკატ ჰ. ა. ჰ-ს, რომელიც რაინის ლინცის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დაინიშნა სამკვიდრო ქონების მეურვედ, მიეცა უფლება, დაეხურა 2014 წლის 19 თებერვალს გარდაცვლილი ს. ნ-ის კუთვნილი ანგარიში საქართველოში, სს „თიბისი ბანკში“ (TBC bank), IBAN: G-- და მასზე არსებული თანხა გადაეტანა სამკვიდრო სამეურვეო ანგარიშზე, ფრანკფუტერ შპარკასე (Frankfurter Sparkasse), მაინის ფრანკფურტი IBAN: DE 94 5-, BIC: H--.
2. რაინის ლინცის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1962-ე, 1812-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ანგარიშის დახურვა ემსახურება დაუდგენელი მემკვიდრეების მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებს.
3. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 14 იანვარს.
4. წარმოდგენილ შუამდგომლობას ერთვის აპოსტილით დამოწმებული და სანოტარო წესით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი მინდობილობა, რომლითაც დასტურდება, რომ ჰ. ა. ჰ-მა (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) უფლებამოსილება მიანიჭა იურიდიული კომპანიის „ბი ელ სი“-ს იურისტებს ნ. ს–სა და მ. თ-ეს, რათა მათ, ერთობლივად ან/და დამოუკიდებლად განახორციელონ გერმანიის კანონმდებლობით მინიჭებული სამკვიდრო მასის დაცვასა და მართვასთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილება საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე იმოქმედონ „სამკვიდროს მმართველის“ სახელით და წარმოადგინონ იგი ნებისმიერი სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოს, თანამდებობის პირის, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის და ფიზიკური პირის წინაშე, ასვე მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად მიმართონ ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, სასამართლოსა და არბიტრაჟს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს და შეასრულონ ნებისმიერი საპროცესო მოქმედება.
5. შუამდგომლობის ავტორმა 2017 წლის 27 ივლისს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით განსახილველად მიიღო შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა რაინის ლინცის საქალაქო სასამართლოს, სამკვიდრო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის №5 VI 142/14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სამკვიდროს მეურვედ ცნობა გერმანიის კანონმდებლობით არასადავო სასამართლო საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება და როგორც ეს შუამდგომლობაზე თანდართულ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებაშია მითითებული, საკითხის განხილვას ესწრებოდნენ: მონაწილე 1 - ს. ე-ი; მონაწილე 2 - ნ. ნ-ი; მონაწილე 3 - ზ. ხ-ი; სამკვიდრო ქონების მეურვე - თავად შუამდგომლობის ავტორი და საპროცესო მეურვე - ადვოკატი უ. ი-ი.
8. რაინის ლინცის საქალაქო სასამართლოს, სამკვიდრო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის №5 VI 142/14 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ (შემდეგში: სპეციალური კანონი) საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, „მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა. მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას ჰქონდა უკანასკნელი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამართალი“. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გერმანიის სასამართლოს მიერ სამკვიდრო ქონების მეურვედ დანიშნულმა პირმა საქართველოს საბანკო დაწესებულებაში უნდა დახუროს 2014 წლის 19 თებერვალს გარდაცვლილი ს. ნ-ის კუთვნილი ანგარიში და მასზე არსებული თანხა გადაიტანოს სამკვიდრო სამეურვეო ანგარიშზე, რაც გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება და ნაკარნახევია დაუდგენელი მემკვიდრეების მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებით (იხ. ამ განჩინების პირველი და მეორე პუნქტები).
10. აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდროს მმართველის (შუამდგომლობის ავტორის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-98-ე მუხლები) არის გაცემული მინდობილობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრზე ნ. ს-ზე (იხ. საადვოკატო მოწმობა # 5631), რომელმაც მარწმუნებლის სახელით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-710-ე მუხლები) წარმოადგინა განსახილველი შუამდგომლობა, რათა შესაბამის საბანკო დაწესებულებას წარედგინოს საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება სამემკვიდრეო საქმეზე.
11. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში დასახელებული სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. ამ განჩინების მე-11 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით, არ არის წარმოდგენილი.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჰ. ა. ჰ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რაინის ლინცის საქალაქო სასამართლოს, სამკვიდრო საქმეთა განმხილველი სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის №5 VI 142/14 გადაწყვეტილება, რომლითაც ადვოკატ ჰ. ა. ჰ-ს, რომელიც რაინის ლინცის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დაინიშნა სამკვიდრო ქონების მეურვედ, მიეცა უფლება დაეხურა 2014 წლის 19 თებერვალს გარდაცვლილი ს. ნ-ის კუთვნილი ანგარიში საქართველოში, სს „თიბისი ბანკში“ (TBC bank), IBAN: G-- და მასზე არსებული თანხა გადაეტანა სამკვიდრო სამეურვეო ანგარიშზე, ფრანკფუტერ შპარკასე (Frankfurter Sparkasse), მაინის ფრანკფურტი IBAN: DE 94 5--, BIC: H--;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე