Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-3585-შ-99-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ. უ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ნიურნბერგის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება N 101 F 5204/15

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, ნიურნბერგის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის N 101 F 5204/15 გადაწყვეტილებით გაუქმდა ჯ. უ-სა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, განმცხადებელი ან მოსარჩელე) და გ. ქ-ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის 2007 წლის 21 აპრილს სიკისის (საბერძნეთი) ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში (ოსია ეირინი ქრისოვალანტოუ ლაზაროს ანასტადიადის ეკლესია) და 2007 წლის 23 მაისს ქალაქ სიკისის (საბერძნეთი, სალონიკის პროვინცია) მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება საქორწინო რეგისტაციის ნომრით 33/44/2007.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 4 სექტემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა გერმანიის, ნიურნბერგის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის N 101 F 5204/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 12 მაისიდან.

4. გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.

5. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის აპოსტილით დადასტურებული განცხადება (26.07.2017 წ.), რომლითაც ის აცხადებს, რომ მოსარჩელის მიერ ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის, ნიურნბერგის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის N 101 F 5204/15 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ და მოპასუხე დაეთანხმა განქორწინებას.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. უ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ნიურნბერგის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 აპრილის N 101 F 5204/15 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე გაუქმდა ჯ. უ-სა და გ. ქ-ს შორის 2007 წლის 21 აპრილს სიკისის (საბერძნეთი) ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში (ოსია ეირინი ქრისოვალანტოუ ლაზაროს ანასტადიადის ეკლესია) და 2007 წლის 23 მაისს ქალაქ სიკისის (საბერძნეთი, სალონიკის პროვინცია) მმაჩის ბიუროში შემდგარი ქორწინება საქორწინო რეგისტაციის ნომრით 33/44/2007;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე