Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-397-370-2017 30 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა. ჟ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. კ-ეს (შემდეგში: მოპასუხე) მართებს ა. ჟ-ასათვის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, საჩივრის ავტორი ან კასატორი) ვალის - 900 აშშ დოლარის დაბუნება (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სარჩელი, ტ. 1, ს/ფ 1-7; ისანი-სამგორის რაოინული პროკურატურის პასუხები მოსარჩელის განცხადებებზე, ტ. 1, ს/ფ 9 და 11).

2. მოსარჩელემ საკუთარი საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვის შედეგად აღებული თანხა მოპასუხეს გადასცა, ამ უკანასკნელს კი მიღებული თანხიდან - 900 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია (იხ. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მტკიცებულებები).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მოსარჩელემ 2015 წლის 5 აგვისტოს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ამ განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და მოპასუხისათვის 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად, არც ვალის დაბრუნების ვალდებულება წარმოშობილა. მოპასუხეს მოსარჩელის ვალი რომც ჰქონოდა, მოთხოვნა ხანდაზმული იქნებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა მიმართ დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გათვალისწინებით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.

5.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2016 წლის 22 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა 2016 წლის 6 ივლისს გასამართი სხდომის თარიღი (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ. 1, ს/ფ 36).

5.3. 2016 წლის 6 ივლისს, 17:30 საათზე დანიშნულ სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იშუამდგომლა (იხ. სხდომის ოქმი, ტ. 1, ს/ფ 38-39).

5.4. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 229-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კანონით გათვალისწინებული წესით გაფრთხილებული იყო სხდომის თაობაზე, იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის, აღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

6. საჩივრის საფუძვლები

6.1. 2016 წლის 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოსარჩელემ ამავე სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

6.2. საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო მისი მეზობლისა და ახლო მეგობრის გარდაცვალებით.

6.3. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, როგორც სადამსჯელო ღონისძიებით არ უნდა წაერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მას დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

7.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 2321-ე, 233-ე, 240-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

8.1.1. აპელანტმა იმეორებს ამ განჩინების 6.2-6.3 პუნქტებში მითითებულ პრეტენზიებს და დამატებით აღნიშნავს, რომ მას, როგორც ასაკით პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს, წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება;

8.1.2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 10 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე გამოცხადდა სასამართლოს შენობაში და 21-ე დარბაზის წინ იმყოფებოდა, სადაც საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა, სხდომის დაწყების წინ, 10:30 საათზე, მოსარჩელეს დარბაზში არ დაუძახეს და სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. აღნიშნულით კი შეეზღუდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

9.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 241-ე, 233-ე, 215.3-ე, 102-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაცია, ერთი მხრივ, განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

9.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მართალია აპელანტმა მიუთითა, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი მეზობლის/ახლო მეგობრის გარდაცვალებით და წარადგინა გარდაცვალების მოწმობა, თუმცა, აღნიშნული მოწმობის მიხედვით, აპელანტის მეზობელი 2016 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა და 2016 წლის 7 ივლისს დაკრძალეს, მოსარჩელემ, კი ვერ დაამტკიცა, რომ კონკრეტულად 2016 წლის 6 ივლისს ის ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, გამოცხადებულიყო სასამართლოში ან/და უზრუნველეყო სასამართლოს ინფორმირება იმის შესახებ, რომ საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრებოდა სხდომას.

9.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსაზრებით საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტი არანაირ კავშირში არ იყო 2016 წლის 6 ივლისს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებასთან.

9.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს დავის გადაწყვეტას როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული, მოსარჩელემ სსსკ-ის 241-ე მუხლით დადგენილი წესით მისი გაუქმების წინაპირობების არსებობა ვერ დაამტკიცა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

9.7. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბერს, საჩივრის ავტორის დასწრების გარეშე, საჩივრის განხილვით არ დაურღვევია სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, რადგან აღნიშნული სხდომის თაობაზე საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) წინასწარ იყო გაფრთხილებული სსსკ-ის 70-78 მუხლების შესაბამისად, ხოლო სსსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება ჰქონდა, საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ დაუსწრებლად განეხილა.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

10.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 8.1.1-8.1.2 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.

10.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მისი სასამართლო სხდომაზე არასაპატიოდ გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ მას გარდაეცვალა ძალიან ახლო მეგობარი, ახლო ნათესავზე უფრო მეტად ახლობელი, ძლიერი სულიერი ღელვის გამო კი ფიზიკურად ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება ან/და სასამართლოს წინასწარ ინფორმირება. კასატორი აღნიშნავს, რომ მეგობრის გარდაცვალებით იმდენად ცუდად გახდა, რომ ყველაფერი გაუფერულდა და აზრს მოკლებული გახდა, მას არ შეეძლო სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე ეფიქრა.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

11.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ #ას-964-929-2016, 06.03.2017წ).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:

17.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და ის, რომ მას არ უცნობებია აღნიშნულის მიზეზი სასამართლოსათვის. აღნიშნული, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტის მიერ მისი საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულება (მეზობლის გარდაცვალების მოწმობა) ვერ ადასტურებდა მოსარჩელის უშუალოდ 2016 წლის 6 ივლისს ობიექტური გარემოებების გამო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტს.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

21. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჟ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე