საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-578-537-2017 14 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - ნ. პ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ''ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი" (მოპასუხე)
მეორე კასატორი – სსიპ ''ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. პ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, კომპენსაციის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2012 წლის 1 ივლისს ნ. პ-სა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი ან პირველი კასატორი) და სსიპ „ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრს“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, თეატრი ან მეორე კასატორი) /ამჟამად მოპასუხეს სსიპ „ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ ეწოდება/ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში: პირველი ხელშეკრულება). ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 1 ივლისიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა. დასაქმებული გაფორმდა დამსაქმებლის მმართველის მოადგილის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ხელფასი 1 600 (ათას ექვსასი) ლარს შეადგენდა (იხ. ხელშეკრულება, ტ.1, ს/ფ 23).
2. პირველი ხელშეკრულების თანახმად დასაქმებულის ფუნქციებში შედიოდა: 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის სამსახურის დიზაინ-სტუდიის, საპროგრამო-საპროექტო აქტივობების, არქივ-მუზეუმის საქმიანობის მეურვეობა; 2. საზოგადოებაში თეატრის სრულფასოვან წარმოჩენაზე, ორგანიზაციებთან, განათლების ორგანოებთან, სკოლის აქტივთან, სხვა საბავშვო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან კონტრაქტებზე ზრუნვა; 3. თეატრის სარეკლამო საქმიანობასა და იმიჯის გაზრდაზე, მარკეტინგზე ზრუნვა; 4. ვიზუალური და ბეჭდვითი რეკლამა, ტელევიზია, პრესა, რადიო; 5. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგასტროლო გასვლების გაძღოლა.
3. 2012 წლის 1 სექტემბერს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში: მეორე ხელშეკრულება). ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 30 ივნისამდე განისაზღვრა. დასაქმებული გაფორმდა მოწვეული მარკეტოლოგის თანამდებობაზე, მისი ხელფასი ყოველ გაყიდულ აბონემენტზე 1 (ერთი) ლარს შეადგენდა, აბონემენტის ღირებულების გადახდის შემდეგ (იხ. ხელშეკრულება, ტ.1, ს/ფ 17).
4. მეორე ხელშეკრულების თანახმად დასაქმებულის ფუნქციებში შედიოდა: 1. აბონემენტით მოსულ მაყურებელთან ურთიერთობების ზედამხედველობა; 2. სკოლებსა და თეატრს შორის ფინანსური ურთიერთობების წარმოება; 3. თეატრის ბუღალტრისათვის ყოველთვიური რეპორტების გადაცემა; 4. პასუხისმგებლობის აღება სკოლებთან ურთიერთობაზე მთელი სააბონენტო ციკლის განმავლობაში.
5. დამსაქმებლის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით 2012 წლის შემდეგ თეატრის ყველა თანამშრომელს (მათ შორის, მოსარჩელეს პირველ ხელშეკრულებასთან მიმართებით) ერთი თვით, 2013 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 1 თებერვლამდე, გაუგრძელდათ შრომითი ხელშეკრულებები (იხ. ხელშეკრულება და ბრძანება, ტ. 1, ს/ფ 24-25).
6. 2013 წლის 1 თებერვალს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო დასაქმებულთან შეწყდა პირველი ხელშეკრულება და ის გათავისუფლდა თეატრის მმართველის მოადგილის თანამდებობიდან. მოპასუხემ მოსარჩელესთან საბოლოო ანგარიშსწორება სრულად მოახდინა.
7. 2013 წლის 1 თებერვალს თეატრის ახალი საშტატო განრიგი დამტკიცდა, რომლის თანახმადაც გაუქმდა თეატრის მარკეტინგის სამსახური.
8. 2013 წლის 18 თებერვლის #2/8 ბრძანებით (ტ. 1, ს/ფ 18) მეორე ხელშეკრულება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი და დადგინდა, რომ დასაქმებულისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების საკითხი აუდიტორული დასკვნისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის კონსულტაციების შედეგად გადაწყდებოდა.
9. დასაქმებულის 2013 წლის 28 მაისის წერილს, რომლის თანახმად დასაქმებულმა პირველი და მეორე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადასახდელი გასამრჯელოსა და კომპენსაციის თანხის ოდენობის, ასევე, გადახდის ვადის განსაზღვრა მოითხოვა, თეატრის ახალმა მმართველმა იმავე წლის 7 ივნისს უპასუხა. აღნიშნულ წერილში მითითებული იყო, რომ პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დასაქმებულისათვის თეატრს გადასახდელი ჰქონდა 2012 წლის დეკემბრის თვის ხელფასი 1 600 ლარი, რომელსაც თეატრი უახლოეს მომავალში გადაიხდიდა; მეორე ხელშეკრულება კი 2013 წლის 1 თებერვლიდან შეწყდა თეატრში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების გამო და დასაქმებულს კომპენსაცია არ ეკუთვნოდა. იმავე წერილით, დასაქმებულს განემარტა, რომ მეორე ხელშეკრულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული თანხა - 9 170 ლარი დამსაქმებელმა აღიარა შიდა ვალად და მისი ანაზღაურების საკითხი აუდიტორული დასკვნის მიხედვით გადაწყდებოდა. ამავე წერილით დასტურდება, რომ დასაქმებულს 2013 წლის იანვრის თვეში რეალიზებული აბონემენტების შესაბამისად გამომუშავებული თანხა გადაეცა (იხ. ტ. 1, ს/ფ 20).
10. დასაქმებულის სარჩელის საფუძვლები
10.1 დასაქმებულმა 2014 წლის 9 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა სახელფასო დავალიანების - 9 170 ლარისა და კომპენსაციის - 8 000 ლარის დამსაქმებლისათვის დაკისრება;
10.2 დასაქმებულმა ამ განჩინების 1-8 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მას, მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2012 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების ხელფასი - 9 170 ლარი არ აუღია, დამსაქმებლისადმი არაერთი მიმართვის მიუხედავად, მას ასევე არ ანაზღაურებია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია - 2 თვის შრომის ანაზღაურება - 8000 ლარი.
11. მოპასუხის შესაგებელი
11.1 დამსაქმებელმა წერილობითი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითა, რომ:
11.2 მმართველის მოადგილის თანამდებობა მოსარჩელის ძირითადი საქმიანობა იყო, რაც თავისთავად გამორიცხავდა საჯარო დაწესებულებაში ერთ პირთან ორი შრომითი ხელშეკრულების არსებობის შესაძლებლობას. მეორე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ისედაც შედიოდა დასაქმებულის, როგორც თეატრის მმართველის მოადგილის, კომპეტენციაში;
11.3 მოსარჩელესთან ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორება სრულად განხორციელდა;
11.4 ვინაიდან თეატრის ახალი ხელმძღვანელობა კარგად არ იყო გარკვეული თეატრის ფინანსურ, საბუღალტრო თუ სხვა სფეროში არსებულ ვითარებაში, დასაქმებულს მეორე ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის იანვრის თვეში მისაღები თანხა გადაუხადა;
11.5 2013 წლის იანვრის თვეში ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი თეატრში არსებული დარღვევები. აუდიტორული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შტატით მმართველის მოადგილე მარკეტინგის განყოფილებაშიც ირიცხებოდა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, ყოველი გაყიდული აბონემენტიდან ერთ ლარს იღებდა. აღნიშნული დარღვევად შეფასდა, რის გამოც მეორე ხელშეკრულება ფიქტიურად იქნა მიჩნეული (იხ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეფასება, აუდიტორული კომპანიის შენიშვნები და რეკომენდაციები, ტ. 1, ს/ფ 45, 46-56).
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქციის (შემდეგში სშკ-ს ძველი რედაქცია) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, მე-6 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ მეორე ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის არ წარმოშობილა შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან, აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას მხარეებს არ ჰქონიათ ასეთი მიზანი. მოსარჩელეს სურდა მიეღო დამატებითი თანხა იმ საქმიანობისთვის, რისთვისაც სახელმწიფო მას ისედაც უხდიდა ხელფასს, ყოველთვიურად 1 600 ლარს. აღნიშნული გარიგება შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების უგულვებელყოფით იყო დადებული და ეწინააღმდეგებოდა ზნეობის ნორმებს.
12.3 საქმეში მოწმის სახით დაკითხულმა „მოწვეულმა მარკეტოლოგებმა“ ნ. ქ-მა და ს. კ-ემ განმარტეს, რომ ისინი, როგორც მოწვეული მარკეტოლოგები, თეატრის აბონემენტებს ყიდდნენ (ავრცელებდნენ), რისთვისაც დადიოდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში, სკოლაში, დასაქმებული კი, როგორც მმართველის მოადგილე ორგანიზებას უწევდა მათ საქმიანობას, წინასწარ უკავშირდებოდა (ურეკავდა) ამ თუ იმ დაწესებულებას (სკოლას) აბონემენტების თაობაზე, რის შემდეგაც ისინი უშუალოდ ერთვებოდნენ აბონემენტების გაყიდვის საქმეში. ამ საქმიანობისთვის, თითოეულ მოწვეულ მარკეტოლოგს, რომელიც პირადად გაყიდდა ამა თუ იმ დაწესებულებაში აბონემენტების გარკვეულ რაოდენობას, აუნაზღაურდებოდა 1 ლარი, თითოეული გავრცელებული (გაყიდული) აბონემენტიდან. ამასთან, მოწმე მიხეილ ანთაძის (თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი) განმარტებით (ასევე, მოსარჩელის განმარტებითაც), მოსარჩელე აბონემენტების გავრცელების მიზნით დაწესებულებებში არ დადიოდა.
12.4 სასამართლომ სრულად გაიზიარა ამ განჩინების 10.2-10.5 ქვეპუნქტებში ასახული მოპასუხის პოზიციები და დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობა საერთოდ არ იყო წარმოშობილი და ძალადაკარგულად გამოცხადდა ბათილი ხელშეკრულება. ბათილი ხელშეკრულების მოშლა, თავის მხრივ, ვერ გამოიწვევდა კანონით გათვალისწინებულ შედეგებს. შესაბამისად, მოპასუხის ბრძანებით სამართლებრივად არ შეწყვეტილა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა, რის გამოც ვერ მოხდებოდა სშკ-ს ძველი რედაქციის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის გამოყენება.
13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
13.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილისა (მოწმეთა დაკითხვის შესახებ) და 6 ოქტომბრის (მტკიცებულებათა დართვის შესახებ) საოქმო განჩინებები გაასაჩივრა. დასაქმებულმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით,:
13.1.1 სასამართლომ კანონდარღვევით დაავალა მოპასუხეს მთავარ სხდომაზე თეატრის შინაგანაწესის წარმოდგენა, რაც შესაგებელზე დართულ „შინაგანაწესს“ არ შეესაბამებოდა;
13.1.2 საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე რეალურად არ დადიოდა დაწესებულებებში აბონემენტების გასავრცელებლად და სადავო ხელშეკრულების დადებით მისი მიზანი იყო დამატებითი ანაზღაურების მიღება მაშინ, როდესაც იგივე ვალდებულებების შესრულებაში სახელმწიფო ისედაც უხდიდა ხელფასს. მოსარჩელე, როგორც თეატრის მმართველის მოადგილე, ნამდვილად იღებდა სახელფასო ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა, მარკეტოლოგის მოვალეობებიდნ გამომდინარე, თავად ზრუნავდა შემოსავლის მიღებაზე. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დასაქმებულისათვის დაკისრებული მარკეტოლოგის ვალდებულებები იდენტური იყო მისი თეატრის მმართველის მოადგილის ვალდებულებებისა, არასწორი იყო;
13.1.3 საქალაქო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან, თავად დაავალა მოპასუხე მხარეს მტკიცებულების (თეატრის შინაგანაწესის) წარმოდგენა, ასევე, საკუთარი ინიციატივით, მხარის მოთხოვნის გარეშე, ბათილად ცნო ხელშეკრულება.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, აპელანტის სასარგებლოდ, თეატრს სახელფასო დავალიანების - 9 170 ლარის გადახდა დაეკისრა. აპელანტის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2 თვის კომპენსაციის - 8 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
14.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-8 ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე.
14.3 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ თეატრის მმართველის მოადგილის შრომითი ფუნქციები მარკეტოლოგის ფუნქციებსაც ითვალისწინებდა და არ არსებობდა დასაქმებულთან მეორე ხელშეკრულების დადების წინაპირობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მეორე ხელშეკრულების ფიქტიური ხასიათი და შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულისათვის დაკისრებული ვალდებულებების იგივეობა, როგორც მარკეტოლოგისა და როგორც თეატრის მმართველის მოადგილისა, წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
14.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე არ უარყოფდა თეატრში, სადავო პერიოდში ე.წ. ,,მოწვეული მარკეტოლოგის’’ პოზიციის არსებობის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ აღნიშნული საქმიანობა შემოსავლების დამატებით მოზიდვასთან იყო დაკავშირებული, რა დროსაც დასაქმებული (მარკეტოლოგი) მოტივირებული იყო, რაც შეიძლება მეტი აბონემენტი გაეყიდა, რათა დამატებითი ანაზღაურება მიეღო. აღნიშნული დაადასტურა საქმეზე მოწმედ დაკითხულმა თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა და განმარტა, რომ აპელანტი ნამდვილად ახორციელებდა თეატრის აბონემენტების რეალიზაციას. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა ისიც, რომ აპელანტის გარდა, სადავო პერიოდში ,,მოწვეული მარკეტოლოგის’’ პოზიციაზე მუშაობდნენ საქმეზე მოწმედ დაკითხული პირები (იხ. 12.3. ქვეპუნქტი). დამსაქმებელმა თვითონვე განმარტა, რომ დასახელებული პოზიცია თეატრში ამჟამადაც არსებობს და მისი დაკავება ხელშეკრულების საფუძველზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სააპელაციო სასამართლომ მითითებული მტკიცებულებებისა და თავად მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ,,მოწვეული მარკეტოლოგის’’ პოზიცია თეატრში ინდივიდუალური დასაქმების სახეს წარმოადგენდა და მას თეატრში დასაქმებულები შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დამატებითი შემოსავლის მისაღებად ახორციელებდნენ. თეატრს არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, რომლებიც აპელანტის მიერ აღნიშნული საქმიანობით დაკავებისა და შესაბამისად, დამატებითი თანხების გამომუშავების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
14.5 სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ დასაქმებულსა და თეატრს შორის დადებული მეორე ხელშეკრულება ძალადაკარგულად გამოცხადდა მარკეტინგის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით და არა იმ საფუძვლით, რომ იგივე ფუნქციებს თეატრის მმართველის მოადგილის თანამდებობდა ისედაც მოიცავდა. ამ ფაქტობრივი გარემოების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის, როგორც ,,მოწვეული მარკეტოლოგის’’ ვალდებულებების შესრულება არ შედიოდა მისი, როგორც თეატრის მმართველის მოადგილის ფუნქციებში.
14.6 სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებად ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული წერილი მიიჩნია და სშკ-ს 31-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 34-ე მუხლზე დაყრდნობით დაადგინა, რომ დამსაქმებელს ჰქონდა სახელფასო დავალიანების გადახდის ვალდებულება, რადგან მოსარჩელეს არ მიუღია 2012 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების შრომის ანაზღაურება - 9 170 ლარი.
14.7 სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა კომპენსაციის სახით 8 000 (რვა ათასი) ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან, დასაქმებული 2013 წლის 1 თებერვალს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის საფუძვლით გათავისუფლდა და სშკ-ს 38.2 მუხლის შესაბამისად არ არსებობდა დასაქმებულისათვის კომპენსაციის მიცემის ვალდებულება.
15. პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
15.2 სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ 2006 წლის 25 მაისის რედაქციით მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 38.3 მუხლის თანახმად: ,,შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება’’;
15.3 სასამართლომ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში არასწორად მიუთითა ის ფაქტი, რომ დასაქმებულთან დადებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა გაუვიდა. დასაქმებულის ორივე სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობდა მეორე ხელშეკრულებიდან, რომლის მოქმედების ვადა 2013 წლის 30 ივნისამდე იყო განსაზღვრული.
16. მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
16.1 საკასაციო საჩივარი წარადგინა დამსაქმებელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
16.2 მეორე კასატორმა ამ განჩინების 1-6, 11.1-11-5 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეების ნაწილმა უარყო დასაქმებულის მიერ აბონემენტების გავრცელების ფაქტი, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელეს სამსახურზე ზედამხედველობა ევალებოდა. თანამშრომლები დასაქმებულს აწვდიდნენ ინფორმაციას რეალიზებული აბონემენტების შესახებ, თუმცა, ის უშუალოდ არ ახორციელებდა აღნიშნულ საქმიანობას. აპელანტის მიერ აბონემენტების რეალიზაციის ფაქტი მხოლოდ მოწმე ანთაძემ დაადასტურა და სწორედ მის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო მაშინ, როდესაც აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები დასაქმებულს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
16.3 კასატორის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება დამსაქმებლის მიერ შესრულებულია, ხოლო დასაქმებული არ ასრულებდა მასზე, როგორც მმართველის მოადგილეზე, შინაგანაწესით დაკისრებულ ვალდებულებებს.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისისა და 14 ივნისის განჩინებებით დასაქმებულისა და დამსაქმებლის საკასაციო საჩივრები წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადები.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
22. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ნიშანდობლივია შრომითსამართლებრივი ურთიერთობისათვის. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.
24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, რადგან ამ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ნაწილში სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები.
25. მეორე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება პირველი და მეორე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელ ვალდებულებათა იდენტურობა. ამასთან, დასაქმებულის გარდა, თეატრში სხვა მოწვეული მარკეტოლოგებიც მუშაობდნენ. დასაქმებულს მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ორი თვის ხელფასი არ აუღია, დანარჩენი ხელფასი დამსაქმებელმა მას აუნაზღაურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თეატრმა დაადასტურა მოსარჩელის მიმართ 9 170 ლარის დავალიანების არსებობის ფაქტი (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი).
26. პირველი კასატორის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 31-ე და 34-ე მუხლების დანაწესია, რისი გაქარწყლებაც მეორე კასატორმა საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ შეძლო.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: # ას-172-167-2016, 21.04.2016წ; # ას-560-535-2016, 02.09.2016 წ.).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადების დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
30. პირველი კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, მეორე კასატორს კი სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ''ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. სსიპ ''ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრს" (ს/კ 202063989) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 458.5 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N02746, გადახდის თარიღი 2017 წლის 5 ივნისი), 70% – 320.95 ლარი;
4. ნ. პ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე