საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-640-598-2017 31 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ. ლ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თ-ში, გ-ის მ-ში, მე-6 მ/რ-ში, მე-7 კორპუსში მდებარე N139-ე (ს/კ 0-) ბინის მესაკუთრე ნ. ჯ-ია (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე), ხოლო ამ ბინის ზევით მდებარე N142-ე (ს/კ 0..) ბინის მესაკუთრე - ვ. ლ-ი (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 20-21; 32-33).
2. 2016 წლის აპრილის თვეში მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან მოსარჩელის ბინაში ჩავიდა წყალი და ბინის შესასვლელში, სააბაზანოსა და საპირფარეშოში იატაკის ნაწილი, კედლები და ჭერი დააზიანა. წყლის ჩაშვება დაზიანებულმა ონკანმა გამოიწვია, ონკანი 6-8 დღის განმავლობაში იყო დაზიანებული.
3. მესაკუთრის საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებამ 1960 (ათას ცხრაას სამოცი) ლარი შეადგინა (იხ. აუდიტორული შეფასება, ტ. 1, ს/ფ 15-18).
4. აუდიტორული შეფასებისათვის მოსარჩელემ 150 (ას ორმოცდაათი) ლარი გადაიხადა (იხ. ქვითარი, ტ. 1, ს/ფ 22).
5. სარჩელის საფუძვლები
5.1. მოსარჩელემ 2016 წლის 12 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხის მიერ დელიქტით მიყენებული ზიანის - 827 აშშ დოლარის და საპროცესო ხარჯის - 63.3 აშშ დოლარის ანაზღაურება /თანხა გამოთვლილია აუდიტორული შეფასების ჩატარების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, იხ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები, ტ. 1, ს/ფ 23/.
5.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით აღნიშნა, რომ მას მოპასუხის დაუდევრობით მიადგა ზიანი, ზიანის ოდენობა შეფასებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, ყოველივე აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითა:
6.1.1. მოსარჩელეს ერთხელ ნამდვილად ჩაუვიდა წყალი მოპასუხის ბინიდან, თუმცა აღნიშნული წყალგაყვანილობის უცაბედად მოშლით იყო გამოწვეული და არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ჩადენილ გამიზნულ ქმედებას, რაზეც მესაკუთრე სარჩელში უთითებდა;
6.1.2. მოპასუხემ სადავოდ გახადა აუდიტორის დასკვნა, სადაც ზიანის სავარაუდო ფასად 1960 ლარია მითითებული;
6.1.3. ზიანის ოდენობა გაცილებით ნაკლებია, რაც აუდიტორის მიერ გადაღებული ფოტოსურათებიდანაც ჩანს, უსამართლოა ზიანის ანაზღაურების აშშ დოლარში მოთხოვნა, ვინაიდან, მოპასუხე სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და თანახმაა ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად აანაზღაუროს მესაკუთრისათვის რეალურად მიყენებული ზიანი, თუმცა, არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 827 აშშ დოლარისა და საპროცესო ხარჯის - 150 ლარის გადახდა დაეკისრა.
7.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე, 409-ე, 412-ე, 992-ე და მე-1000 მუხლებით, დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის საჭირო ყველა ელემენტი სახეზე იყო, კერძოდ: 1. აუდიტორული შეფასებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ბინა დაზიანდა; 2. ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის, როგორც ბინის მესაკუთრის, მოქმედებით ან უმოქმედობით; 3. მოპასუხის მოქმედება/უმოქმედობა მიზეზობრივ კავშირში იყო დამდგარ ზიანთან.
7.3. ვინაიდან, მოსარჩელე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მოპასუხის მიერ საკუთარი სახსრებით სარემონტო სამუშაოების ჩატარების გზით ბინის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, სასამართლომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ფულადი კომპენსირება დააკისრა.
7.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სარემონტო საშუალებები და მასალები იყიდებოდა ლარებში, ვინაიდან ეროვნული ვალუტა საქართველოში ანგარიშსწორების ერთადერთი საშუალებაა, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა აშშ დოლარებში ლარის კურსის ცვალებადობის გამო და აღნიშნული მოთხოვნის ლარებში (1960 ლარი) დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გასცდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, რადგან მოსარჩელეს მიაკუთვნებდა იმაზე მეტს, ვიდრე იგი ითხოვდა, კერძოდ: ლარის დოლართან გაცვლის გადაწყვეტილების მიღების დღეს მოქმედი კურსის გათვალისწინებით (1$=1.3 ლარს), 827 აშშ დოლარი 1960 ლარია, ხოლო 1960 ლარის დაკისრების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრებოდა არა 827 აშშ დოლარის, არამედ 852.17 აშშ დოლარის გადახდა.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოითხოვა ზიანის სახით ფულადი ანაზღაურების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეცვლა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
8.2. მართალია, მან აღიარა მისი ბინიდან მოსარჩელესთან წყლის ჩასვლის ფაქტი, თუმცა, სასამართლოს აუდიტორის დასკვნის მიღმა აღარ შეუფასებია მოსარჩელის ბინაში რომელი დაზიანება იყო მოპასუხის ბინიდან წყლის ჩაშვების და რომელი - მანამდე ან სხვა მიზეზით არსებული;
8.3. სასამართლოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უნდა განესაზღვრა არა სსკ-ს 1000-ე მუხლის პირველი, არამედ იმავე მუხლის მესამე ნაწილით;
8.4. სასამართლოს გადაწყვეტილება ფულადი ანაზღაურების ნაწილში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და უნდა შეიცვალოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით, რადგან სასამართლომ, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა სსკ-ს 409-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობას, ან ამისთვის არათანაზომიერად დიდი დანახარჯების შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების შესაძლებლობას, რასაც არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ადგილი არ ჰქონია. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის იმ საფუძვლით გამოყენება, რომ მოსარჩელე უარს აცხადებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე და ითხოვს ფულად ანაზღაურებას, არასწორია, ვინაიდან, კანონი ასეთი საფუძვლით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე უარის თქმას არ იცნობს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოპასუხისათვის მისაღებია, რადგან მას ნაცნობი ხელოსნები დაეხმარებიან. თავად მოპასუხეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სოციალურად დაუცველია, უმუშევარი და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო დახმარების ფული, რომლის დახარჯვაც მოსარჩელის ბინაში რემონტის გასაკეთებლად მოუწევს.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
9.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მისი კვლევის საგანი მხოლოდ ზიანის ოდენობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხის გარკვევა იყო. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, მან სარწმუნოდ დაადასტურა, რომ ზიანი მოპასუხის ქმედების გამო მიადგა, ზიანის ოდენობა კი დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასა. მოპასუხეს კი, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობის უსწორობას დაადასტურებდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
9.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი მოტივაცია სსკ-ს 992-ე და 408-ე მუხლებზე დაყრდნობით და განმარტა, რომ სსკ-ს 408-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს მოსარჩელეს, მოითხოვოს ფულადი თანხა უშუალოდ მოვალის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაცვლად. ამრიგად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის თანხის გადახდა, თუკი შეუძლებელი იქნებოდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ზიანის ფულადი ანაზღაურების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეცვლა მოითხოვა.
10.2. კასატორის საკასაციო საჩივარი მისი სააპელაციო პრეტენზიების იდენტურ გარემოებებს შეიცავს (იხ. ამ განჩინების 8.2-8.4 პუნქტები).
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული ზიანის ოდენობის უსწორობასთან დაკავშირებით, რადგან კასატორს აუდიტორული შეფასების გამაქარწყლებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი მართებულად გადანაწილდა მხარეებს შორის, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) დაყრდნობით დავის განხილვასა და გადაწყვეტას და სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 9.2-9.4 ქვეპუნქტებშია ასახული.
19. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისა (სსკ-ის მე-1000 მუხლი) და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ან აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ფულადი კომპენსაციის (სსკ-ის 408-409-ე მუხლები) სამართლებრივი მოწესრიგება მოცემულია საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში (იხ. სუსგ-ები: ას-646-617-2016, 30.09.16 წ., ას-1287-1208-2015, 26.02.2016 წ., ას-485-466-2016, 16.09.2016 წ., ას-217-207-2016, 20.05.2016 წ., ას-304-288-11, 28.03.2011წ.).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
22. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე