Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-648-604-2017 14 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –ა. ს-ე (მოპასუხე)

მესამე პირი - ნოტარიუსი ე. გ-ი

თავდაპირველი მოპასუხე - ი. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, ი. ბ-ისა (შემდეგში: თავდაპირველი მოპასუხე) და ა. ს-ეს (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7. განმცხადებლის განმარტებით, საქმეში ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებაა საცხოვრებელი სახლის 1936 წლის პროექტი, რომელიც ადასტურებს, რომ სადავოდ გამხდარი შემინული აივანი (დერეფანი) არ იყო არც თავდაპირველი მოპასუხის და არც მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრება და იგი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა. უფრო მეტიც, მოსარჩელის აზრით, სადავო შემინული აივანი (დერეფანი) იყო მისი მამის საკუთრება და იგი სახლში შესასვლელად გამოიყენებოდა.

8. განმცხადებლის მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება (1936 წლის პროექტი) მთლიანად აბათილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გამოყენებულ და გადაწყვეტილებაში მითითებულ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებს.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

10.სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-10, 423-ე, 215-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე საქმის წარმოების განახლება დაუშვებელია.

11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან ჩანს, რომ გადაწყვეტილებას ძირითად საფუძვლად დაედო სსსკ-ის 266-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 311-ე, 312-ე და 185-ე მუხლები, ე.ი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დადგენილი ფაქტები და საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ჯერ ერთი, მოსარჩელე თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებას სადავოდ ვეღარ გახდიდა; ამასთან, „სინამდვილეში, ამ ქონების მესაკუთრე თავდაპირველი მოპასუხე რომც არ ყოფილიყო, შემძენის, ე.ი. მოპასუხის ინტერესებისთვის იგი მაინც ასეთად ჩაითვლებოდა“.

13.სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ ფაქტებსა და სამართლებრივ შეფასებას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნახაზი არ ეხება. ასევე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტი ოფიციალურ საბუთს საერთოდ არ წარმოადგენს და სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და შეფასებულ მტკიცებულებებს - ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცულ გეგმებსა და ცნობა-დახასიათებას ვერანაირად გააქარწყლებს.

14. სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული მტკიცებულება საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე სასამართლოსთვის წარდგენილი რომც ყოფილიყო, სავარაუდოდ, ეს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას ვერ გამოიწვევდა.

15. სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ხნის განმავლობაში განმცხადებელს შეეძლო მისთვის საჭირო საბუთების მოსაპოვებლად მიემართა ქუთაისის ცენტრალური არქივისათვის, გასცნობოდა იქ არსებულ მასალებს, გადაეღო ასლები და სასამართლოსათვის წარედგინა. ამასთან, განმცხადებელს არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული არც ერთი საპატიო მიზეზი, რომელთა გამოც მან საპროცესო ვალდებულება ვერ შეასრულა და ახლად აღმოჩენილად მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლოს, საქმის განხილვის დროს, არ წარუდგინა.

16. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო სასამართლოში, კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

17. კერძო საჩივრის ავტორმა გაიმეორა ამ განჩინების მე-7 პუნქტში დასახელებულ განცხადებაში აღნიშნული გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ სრულიად შემთხვევით მოიპოვა საბუთი, კერძოდ, მთელი საცხოვრებელი სახლის პროექტი (დათარიღებული 1936 წლით), რომელიც აშკარად და არაერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ სადავოდ გამხდარი შემინული აივანი (დერეფანი) არის მოსარჩელის მამის საკუთრება და იგი გამოიყენებოდა სახლში შესასვლელად.

18. მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის 3 ნოემბერს არქივში სახლის პროექტი შემთხვევით იქნა მოძიებული. ახალი მტკიცებულების წარდგენა საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღების დროს შეუძლებელი იყო, რადგან ასეთი მტკიცებულების შესახებ მისთვის უცნობი იყო. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საჯარო რეესტრში არ იყო დაცული ამჟამად მის მიერ წარდგენილი სახლის პროექტი. ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული მასალიდან.

19. მოსარჩელის მტკიცებით, ამჟამად წარმოდგენილი მტკიცებულება ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 29 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

21.სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

22.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

23.საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, ასახულს ამ განჩინების 10-15 ქვეპუნქტებში და დამატებით აღნიშნავს, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეს შეეძლო მისთვის საჭირო საბუთების მოსაპოვებლად მიემართა ქუთაისის ცენტრალური არქივისთვის, გასცნობოდა იქ არსებულ მასალებს, გადაეღო მათი ასლები და წარედგინა სასამართლოსთვის. კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია კანონით გათვალისწინებული არც ერთი საპატიო მიზეზი, რომელთა გამოც მან საპროცესო ვალდებულება ვერ შეასრულა და ახლად აღმოჩენილად მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლოს, საქმის განხილვის დროს, არ წარუდგინა.

24. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსსკ-ის 380-ე მუხლი). შესაბამისად, მხარე ვალდებულია, მისი არგუმენტების მტკიცებულებებით დადასტურებისათვის ყველა ღონე იხმაროს ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასაწყის ეტაპზე. მას არ გააჩნია საპროცესო შესაძლებლობა, დაელოდოს საქმის განხილვის შედეგს და შემდეგ გადაწყვიტოს, წარადგინოს თუ არა სხვა მტკიცებულებებიც საკუთარი პოზიციის სარწმუნოდ სამტკიცებლად. აღნიშნული წესი და აკრძალვა მით უფრო ეხება უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადების წარდგენისას მხარის მიერ მითითებულ გარემოებებსა და მათი დადასტურებისათვის წარდგენილ მტკიცებულებებს (იხ. სუსგ ას-1008-969-2016, 30.11.2016 წ.).

25. „კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას“ (იხ. სუსგ-ები: # ას-582-553-2015, 15.07.2015 წ. და # ას-283-269-2016, 06.05.2016 წ.).

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. კ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე