Facebook Twitter

3გ-ად-43-კს-03 3 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საჩივრის განუხილველად დატოვება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2003წ. 4 თებერვლის ბრძანებით დაკმაყოფილებული იქნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლის ინსპექციის შუამდგომლობა შპს “...-ის” სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების ნებართვაზე ბრძანების გაცემის თაობაზე.

მითითებული ბრძანება თბილისის საოლქო სასამართლოში გასაჩივრებული იქნა შპს “...-ის” პარტნიორთა ე. ქ-ის, ნ. ტ-ის და სხვათა მიერ, რომლის საფუძველზეც საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით, შპს “...-ის” პარტნიორთა საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. განჩინება საოლქო სასამართლოს მიერ დასაბუთებული იყო იმ საფუძვლით, რომ საჩივარი, სასამართლოს ბრძანების გაუქმების თაობაზე, შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის, შპს-ის დამფუძნებელთა და არა დირექტორის მიერ.

მითითებული განჩინება გასაჩივრებული იქნა შპს “...-ის” პარტნიორთა მიერ, რომლებიც ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას ითხოვდენ შემდეგი საფუძვლებით: შპს “...-ის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2002წ. 20 დეკემბერს საზოგადოების დირექტორი ლ. ხ-ა გადაყენებული იქნა თანამდებობიდან, მის ნაცვლად დირექტორებად დაინიშნენ ახალი პირები, რომელთა რეგისტრაციაც სასამართლოში ვერ ხორციელდება ყოფილი დირექტორის უმოქმედობის გამო. კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ სასამართლომ განჩინების მიღებისას გაითვალისწინა მხოლოდ სამართლებრივი გარემოებები და მხედველობაში არ მიიღო საზოგადოებაში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, რის გამოც სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული იქნა არასწორი განჩინება, რომელიც ექვემდებარება გაუქმებას.

თბილისის საოლქო სასამართლომ იმ მოტივით, რომ საქმის სააპელაციო პალატაში განხილვის მომენტისათვის საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული დირექტორი, კერძო საჩივრის ავტორებს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და 2003წ. 12 მარტის განჩინებით, სსკ-ს 414-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებსა და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლოს მხრიდან მხედველობაში არ იქნა მიღებული საზოგადოებაში შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობა, კერძოდ კი არსებულ დირექტორთან წარმოშობილი კონფლიქტი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გადაყენებული იქნა საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან.

საწარმოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციით შესაბამისად ამ უკანასკნელის დირექტორს კვლავ წარმოადგენს ლ. ხ.-ა.

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება შპს-ში აქვს დირექტორს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დირექტორები საზოგადოებას წარმოადგენენ მე-3 პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.

საგულისხმოა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის პრინციპებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობა იმდენად დამოუკიდებელი და სპეციფიკურია, რომ დაუშვებელია მისი კომპეტენციის სხვა პირებზე გადაცემა.

ამავე კანონის 56-ე მუხლის თანახმად, 5.4 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.

ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, დირექტორის შეცვლა მოითხოვს რეგისტრაციას სამეწარმეო რეესტრში და დირექტორის შეცვლის შესახებ მხოლოდ საზოგადოების მიერ გადაწყვეტილების მიღება არ არის საკმარისი პირობა, მე-3 პირებთან ურთიერთობაში აუცილებელია ახალი დირექტორის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულ საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორებისაგან მართებულად მოითხოვა შესაბამისი უფლებამოსილება, ვინაიდან სასამართლოს მერ მიცემული ბრძანება ეხება საწარმოს, როგორც იურიდიულ პირს, რომელსაც ზემოთ დასახალებული მუხლების შესაბამისად, წარმოადგენს დირექტორი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ გამოიყენა სსკ-ს 374-ე მუხლის ანალოგია და საჩივარი კანონშესაბამისად დატოვა განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილის, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ქ-ის, ნ. ტ-ის, ნ. დ-ისა და სხვათა კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს:

2. უცვლელად იქნას დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.