Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-664-620-2017 25 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – თ. ხ-ი, ლ. ჭ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ხ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის მიღებით დადგენა, ანდერძისმიერი სამკვიდროს მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიკუთვნება, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ისა და ლ. ჭ-ის (შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი დ. ხ-ის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინებით, აპელანტებს, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ და მის აღმოსაფხვრელად შვიდი დღე განესაზღვრათ.

5. აპელანტების წარმომადგენელმა 2017 წლის 17 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის ერთი თვით, 2017 წლის 17 მარტამდე, გაგრძელება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა 14 დღით გაუგრძელდათ.

7. აპელანტების წარმომადგენელმა 2017 წლის 3 აპრილს, ფოსტის მეშვეობით, შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

8. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373-ე, 374-ე და 63-ე მუხლებზე მიუთითა და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინების ასლი აპელანტების წარმომადგენელს 2017 წლის 17 მარტს პირადად ჩაბარდა (იხ. საფოსტო უკუგზავნილი, ს/ფ 280).

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების 14-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 18 მარტს დაიწყო და ამავე წლის 31 მარტს ამოიწურა. აპელანტების წარმომადგენლის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ ფოსტას ჩაბარდა 2017 წლის 3 აპრილს, ხოლო სასამართლოში წარდგენილია - 2017 წლის 5 აპრილს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა მისი გაუქმების მოთხოვნით.

11. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, ინდივიდუალურ მეწარმე ი. დ-ს (შემდეგში: კურიერი), რომელიც საკურიერო მომსახურებას უწევს მას, 2017 წლის 31 მარტსა და 3 აპრილს გადაეცა სააპელაციო სასამართლოსთვის განკუთვნილი ორი გზავნილი, რომლებიც სასამართლოს კანცელარიას 2017 წლის 5 აპრილს ჩაბარდა.

12. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელმა კურიერის განმარტებაზე მიუთითა, რომლის თანახმადაც ჩაბარების დასტურის/ქვითრის კონვერტზე დართვის დროს მოხდა ტექნიკური შეცდომა, რადგან გამგზავნი იყო ერთი და იგივე პირი, ხოლო გზავნილის აღწერის გრაფა არ იყო შევსებული კონვერტზე დართულ ქვითრის ეგზემპლარზე. კურიერის ინფორმაციის თანახმად, მას გაებნა ქვითრები და იმ გზავნილის მეორე ეგზემპლარიც, რომელიც 2017 წლის 3 აპრილს იყო გაგზავნილი კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის მიერ დაურთო ამავე წლის 31 მარტს გაგზავნილ კონვერტს.

13. კერძო საჩივარზე დართულია, წარმომადგენლის საადვოკატო ბიუროში დაცული ქვითრის ეგზემპლარები, რაც მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, კურიერისათვის (ფოსტისათვის) სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, გზავნილის ჩაბარებას ადასტურებს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება წარმოდგენილი აქვთ.

17. კერძო საჩივრის ავტორების ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მათ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, შეავსეს ხარვეზი, თუმცა, ტექნიკური შეცდომის გამო, არასწორად დაფიქსირდა მოთხოვნილი დოკუმენტების სასამართლოში ჩაბარების ვადა.

18. საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ურთიერთწინააღმდეგობის გამო არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განხილვის საჭიროება.

19. სააპელაციო სასამართლომ ს/ფ 284-ზე განთავსებული საფოსტო გზავნილის ასლის მიხედვით მიიჩნია, რომ გამგზავნმა ნ. ქ-ამ (კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელი) სააპელაციო საჩივარზე, ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოში, 2015 წლის 3 აპრილს გადაგზავნა დოკუმენტები ფოსტის მეშვეობით.

20. სასამართლოს საქმისწარმოების მასალებში, ს/ფ 294-ზე განთავსებულ საფოსტოს ბილზე მითითებულია, რომ 2017 წლის 31 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ნ. ქ-ას საადვოკატო ბიუროდან გაიგზავნა ხ–ის შუამდგომლობა, ხოლო ს/ფ 284-ე განთავსებულ ბილზე აღნიშნულია, რომ 2017 წლის 3 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ნ. ქ-ას საადვოკატო ბიუროდან გაიგზავნა გზავნილი, თუმცა, ბილზე გზავნილის აღწერა დასახელებული არ არის.

21. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, ს/ფ 284-ზე მითითებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, მოპასუხის მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაშვების თაობაზე, ვინაიდან სასამართლოს არ შეუფასებია ს/ფ 294-ე განთავსებული საფოსტო ბილი, რაც კერძო საჩივარზე იქნა დართული.

22. აღნიშნული წინააღმდეგობა, დამატებით გამოსაკვლევია და სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის მიერ გაგზავნილი, ფოსტისთვის ჩაბარებული კორესპონდენციით, მოცემული საქმის რა მასალა მიიღო სასამართლომ 2017 წლის 31 მარტსა და 2017 წლის 3 აპრილს, რაც შესაძლებელია ერთმანეთს შედარდეს და გადამოწმდეს სასამართლოს კანცელარიაში აღრიცხული მასალების მიხედვით (შდრ. სუსგ ას-37-37-2016, 04.03.2016წ).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინება და, წინამდებარე განჩინების მითითებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ხ-ისა და ლ. ჭ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე