საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-727-680-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს '' ბ-ო" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე –მ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 20 ოქტომბერს მ. კ-სა (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) და შპს „ბ-ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, დამსაქმებელი, აპელანტი ან კასატორი) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება). დასაქმებული გაფორმდა მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე, მისი სამსახურებრივი სარგო - 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 20 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 14-15).
2. ხელშეკრულების 9.3 ქვეპუნქტის თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე წერილობით არ გააფრთხილებდა მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდებოდა 3 თვის ვადით იმავე სახელშეკრულებო პირობებით.
3. დასაქმებული 2015 წლის 16 დეკემბრიდან 2016 წლის 5 იანვრამდე და 2016 წლის 6 იანვრიდან 2016 წლის 25 იანვრის ჩათვლით, გართულებული ორსულობის გამო, საავადმყოფო ფურცელზე იყო, რის გამოც ვერ ახორციელბდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ, 36-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი; იხ. საავადმყოფო ფურცელი, ს/ფ 29).
4. დასაქმებულს 2016 წლის 26 იანვრიდან სამსახურებრივი მოვალეობა არ შეუსრულებია დამსაქმებლის მიერ მისი გრაფიკში ჩაუსმელობის გამო. აღნიშნულის გასარკვევად კი, 2016 წლის 28 იანვარს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა კომპანიის დირექტორს (იხ. განცხადება, ს/ფ 26).
5. 2016 წლის 5 თებერვლიდან დასაქმებულს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო (იხ. დამსაქმებლის 2016 წლის 5 თებერვლის პასუხი, ს/ფ 30-31).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. 2016 წლის 16 თებერვალს დასაქმებულმა სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ და მოითხოვა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და 2015 წლის 25 დეკემბრიდან 2016 წლის 5 თებერვლამდე სახელფასო განაცდურის - 820 ლარის ანაზღაურება.
6.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-5 ქვეპუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ის უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა, კომპანიამ მისი სამსახურში გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ მას საავადმყოფო ფურცელი სათანადო წესით არ წარუდგენია დამსაქმებლისათვის (იხ. ამ განჩინების მე-5 ქვეპუნქტი).
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ კომპანიისათვის უცნობი იყო 2016 წლის 6 იანვრიდან იმავე წლის 26 იანვრამდე მოსარჩელის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ფაქტი. დასაქმებული სამსახურიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესაძლებლობას გამორიცხავს.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 20 თვის ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.
8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 36-ე მუხლის მე-2- მე-3 ნაწილებით და დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებულის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში მოსარჩელესა და დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო, რა დროსაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დაუშვებელია.
8.3. მოპასუხის მტკიცებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დასაქმებულის 2016 წლის 6 იანვრიდან სამსახურში გამოუცხადებლობამ გამოიწვია, რასაც საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა საქმეში განთავსებული საავადმყოფო ფურცლის არსებობის გამო, რაც ამ პერიოდში დასაქმებულის დროებით შრომისუუნარობას ადასტურებს (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).
8.4. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დამსაქმებელმა არც კი გაარკვია მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი და მისი მდგომარეობა, ისე გაათავისუფლა იგი თანამდებობიდან, იმ პირობებში, როცა 2016 წლის 28 იანვარს კომპანიამ უკვე იცოდა დასაქმებულის მდგომარეობის შესახებ (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).
8.5. საქალაქო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე მითითებით დაადგინა, რომ დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იყო ფორმალური პროცედურების დარღვევით მიღებული, არაადეკვატური, უკანონო და უკიდურესი ღონისძიება.
8.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული იყო და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება უნდა გაუქმებულიყო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თანამდებობაზე უკვე დასაქმებული იყო სხვა პიროვნება (იხ. კომპანიის მიერ 2016 წლის 5 თებერვალს სხვა პირთან დადებული ხელშეკრულება, ს/ფ 68-69), მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე და სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია კომპანიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 20 თვის ხელფასის დაკისრება.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
9.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2015 წლის 16 დეკემბრიდან 2016 წლის 25 იანვრამდე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებული იყო, რადგან 2016 წლის 6 იანვრიდან იმავე წლის 26 იანვრამდე დასაქმებულის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ფაქტი კომპანიისათვის უცნობი იყო. დამსაქმებელმა ზეპირად არაერთხელ გააფრთხილა დასაქმებული ვალდებულების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულების გამო. მოსარჩელე ხშირად არ ცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში მუშაობდა როგორც დამსაქმებელი, ასევე - კომპანიის სხვა თანამშრომლები. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
9.3. რაც შეეხება კომპანიისათვის დაკისრებულ კომპენსაციას, მოპასუხემ აღნიშნა, რომ 20 თვის ხელფასის გადახდა შეუსაბამოდ მაღალი იყო და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 248-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს იმაზე მეტი მიაკუთვნა, ვიდრე ის ითხოვდა.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში შეიცვალა და, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 13 თვის ხელფასის გადახდა დაეკისრა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
10.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. დამსაქმებელმა ამ ნაწილში, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.
10.4. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კომპანია ინფორმირებული იყო მოსარჩელის ავადმყოფობის შესახებ, ამას თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტება და ის ფაქტიც ადასტურებდა, რომ 2016 წლის 5 იანვრიდან იმავე წლის 5 თებერვლამდე, კომპანიას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით. დასაქმებული საავადმყოფო ფურცლის დახურვის შემდეგ გამოცხადდა სამსახურში, წარადგინა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებული მტკიცებულება და სამსახურებრივი მოვალეობის გაგრძელება ითხოვა, შესაბამისად, მოპასუხის შედავება, რომ მოსარჩელემ შრომის ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით დადგენილი რომელიმე ნორმა დაარღვია, საფუძველს მოკლებული იყო.
10.5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, სშკ-ის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუქტით, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ დასაქმებული სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა, რის გამოც მოპასუხეს მის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა უნდა დაკისრებოდა.
10.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.
10.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოპასუხემ მორიგების მიზნით მოსარჩელეს შესთავაზა სამუშაოზე აღდგენა, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა. სასამართლომ ხელშეკრულების მე-9 პუნქტისა და სშკ-ის მე-6 მუხლის 12 ნაწილის თანახმად ხელშეკრულება უვადოდ დადებულად მიიჩნია და აქედან გამომდინარე, კომპენსაცია გათავისუფლების დღიდან შეთავაზებამდე პერიოდში მისაღები ხელფასის ოდენობით განსაზღვრა, რაც 13 თვეს შეადგენს, ყოველთვიური ხელფასი კი - 500 ლარს.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებით კომპანიამ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
11.2. კასატორმა სააპელაციო საჩივარში წარდგენილი პრეტენზიები გაიმეორა და დამატებით იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ უზრუნველყო სამართლიანი ბალანსის დაცვა და გადაწყვეტილება დასაქმებულის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით მიიღო, ამით კი მძიმე ეკონომკიკურ მდგომარეობაში ჩააყენა დამსაქმებელი.
11.3. კასატორის განმარტებით, მასზე დაკისრებული კომპენსაციის გამოთვლის სტანდარტი (იხ. ამ განჩინების 10.7 ქვეპუნქტი) უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან ორსული ქალის ღამის სამუშაოზე დასაქმება აკრძალულია, დღის სამუშაოზე შესაბამისი ვაკანსია არ არსებობდა, დამსაქმებლის მხრიდან დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ვალდებულების არ არსებობისა და იმის გამო, რომ დასაქმებულის მიმართ პრეტენზიები არსებობდა, შრომითი ურთიერთობა ვერც 20 და ვერც 13 თვის განმავლობაში ვერ გაგრძელდებოდა.
11.4. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა დასაქმებულის მოთხოვნის ფარგლებს, რადგან მოსარჩელე თანახმა იყო კომპენსაციის ოდენობა 4000 ლარით განსაზღვრულიყო (საქმის განხილვისას მოსარჩელემ ეს თანხა დაასახელა).
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებულია სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ნიშანდობლივია შრომითსამართლებრივი ურთიერთობისათვის. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.
19. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა უხეში დარღვევის ფაქტი, რამაც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა განაპირობა. ბრძანების ბათილად ცნობას კი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაციის დაკისრება მოჰყვა შედეგად (იხ. ამ განჩინების 10.2-10.7 პუნქტები).
20. დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 36.1-ე მუხლის დანაწესია, რისი გაქარწყლებაც კასატორმა საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ შეძლო.
21. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთვლილი კომპენსაციის ოდენობას გონივრულად და სამართლიანად მიიჩნევს.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან: „კასატორის პოზიციას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი გამომდინარე იქედან, რომ კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე გათავისუფლებამდე არსებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო (ტოლფასი თანმდებობა) ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება სულ მცირე, კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ისე, რომ როგორც ამას კასატორი აღნიშნავს, უპრიანი არ არის მხოლოდ სახელფასო ანაზღაურება ყოფილიყო კომპენსაციის განსაზღვრის ერთადერთი კრიტერიუმი და ისიც , თუ რამდენს შეადგენს მოსარჩელის დარიცხული სახელფასო განაკვეთი. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას“(იხ. სუსგ # ას-353-338-2016, 03.05.2016წ.).
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორია დამსაქმებელი, რომელმაც არაკვალიფიციური შედავების პირობებში ვერ შეძლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობისა და დასკვნების გაქარწყლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
24. კასატორს სსსკ-ის 401-ე მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ბ-ოს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ბ-ოს" (ს/კ 4-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ს-ას (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 325 ლარის (საგადასახადო დავალება 0, გადახდის თარიღი 2017 წლის 19 მაისი), 70% – 227.5 (ორას ოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე