Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-772-721-2017 4 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. ტ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჭ-ე, თ. ჟ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ტ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გ. ჭ-ისა და თ. ჟ-ის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 120 (ას ოცი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს/ფ 204-205).

5. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, მოსარჩელის წარმომადგენელს, ს. ო-ის მეუღლეს - რ. კ-ს ჩაბარდა 2017 წლის 21 აპრილს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ს/ფ 210).

6. 2017 წლის 3 მაისს აპელანტმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შუამდგომლობით მიმართა და ითხოვა ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ბაჟი მან 2017 წლის 2 მაისს გადაიხადა, ნაცვლად 1 მაისისა. აპელანტმა განმარტა, რომ მან ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, გადახდა და ხარვეზის აღმოფხვრის ვადის 2 დღით გაგრძელება ითხოვა. აპელანტმა, იმავე დღეს, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარუდგინა.

7. სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების 4-6 ქვეპუნქტებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 59-ე, მე-60, 63-ე, 65-ე, 215.3-ე, 102-ე, 368-ე, 374-ე მუხლებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 22 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 1 მაისს (ორშაბათი) ამოიწურა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობასთან ერთად კი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი, რასაც თავად აპელანტიც ადასტურებდა, თუმცა, ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევას ითხოვდა. ვინაიდან, აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი გამოასწორა და არც ვადის გაგრძელება უთხოვია, მისი სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი განუხილველად დარჩა.

8. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, რადგან თავად ეს შუამდგომლობაც ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი. რაც შეეხება, ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას (საპროცესო ვადის აღდგენა), სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტი არ განმარტავდა იმ მიზეზებს, თუ რატომ ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა და რამ გამოიწვია ამ დოკუმენტის ორ დღიანი დაგვიანებით სასამართლოში წარდგენა. ამ მიზეზების დასახელება კი საპროცესო ვადის აღსადგენად აუცილებელი გარემოებაა. მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ მან უბრალოდ ვერ შეძლო განსაზღვრულ ვადაში ბაჟის გადახდა არასაკმარისია, რადგან ეს ისედაც ნათელი იყო. აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე დაუსაბუთებულად მიიჩნია სასამართლომ და განმარტა, რომ აღნიშნული არ იძლეოდა აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას.

9. ამ განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, მისი გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო, რადგან მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა, მის ანგარიშებს ადევს ყადაღა და შემოსავალი ავტომატურად ეჭრება, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. მან დახმარების თხოვნით მეგობარს მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, ასევე თავის მეგობარს მიმართა, რომ აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟი გადაეხადათ. მართალია, მხარემ სახელმწიფო ბაჟი ვადის დაგვიანებით გადაიხადა, თუმცა, მიაჩნია, რომ 2 დღით დაგვიანების გამო, მას არ უნდა წაერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება. კერძო საჩივრის ავტორმა საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თავისი შუამდგომლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში ვერ წარადგინა, რადგან მათი მოპოვება გაუჭირდა - სააღსრულებო საქმეს აწარმოებს კერძო აღმასრულებელი ქ. თბილისიდან, თვითონ ცხოვრობს ქ. ვანში, ხოლო საქმეს იხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

14. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად 2017 წლის 21 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენლის მეუღლეს ჩაბარდა ხარვეზის შესახებ განჩინება (იხ. ს/ფ 210), რაც კერძო საჩივრის ავტორმაც დაადასტურა და სადავოდ არ გაუხდია.

15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4-8 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 22 აპრილს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2017 წლის 1 მაისს ამოიწურა (ორშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

16. რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის 2017 წლის 3 მაისის შუამდგომლობას (იხ. მე-6 პუნქტი), იგი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი სასამართლოში, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში წარდგენა ვერ შეძლო მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რადგან სახელმწიფო ბაჟი 2017 წლის 2 მაისს უკვე გადახდილი იყო. კერძო საჩივრის ავტორს საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამასთან, ამ ფაქტის მტკიცებაც უშედეგო იქნებოდა კერძო საჩივრის ავტორისათვის, რადგან მას შეეძლო 2017 წლის 1 მაისს მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით და ორი დღის შემდეგ წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში საპროცესო ვადა დარღვეულად არ ჩაითვლებოდა.

18. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ტ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე