Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-778-727-2017 (ბ) 14 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - შპს ''ე-ი''(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''დ-ო"(მოსარჩელე)

მესამე პირი - შპს "დ-ი"

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით შპს „დ-ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე ან საწარმო) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 191-195 მუხლები) და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს "ე-ს" (შემდეგში: მოპასუხე ან განმცხადებელი) (ს/კ 2-) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა თ. ე-ი N5, დაზუსტებული ფართობი - 55 907.00 კვ.მ, ს/კ 0- - გასხვისება (იხ. ტ.1, ს.ფ. 255-261).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 27 870.97 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 986.12 ლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1 114.83 ლარის და სასამართლოსგარეშე ხარჯის - 500 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის - 6 324.93 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის დამატებითი განჩინებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 285 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

8. 2017 წლის 31 აგვისტოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხემ, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა (სსსკ-ის 196-ე მუხლი). განცხადებას თან ერთვის სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლითაც დასტურდება, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებულია 30 756.92 ლარი, როგორც მოპასუხის საგარანტიო თანხა, საქმეზე N ას-778-727-2017.

9. განმცხადებლის განმარტებით, საქმის განხილვის საპროცესო ვადებიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დაწესებული შეზღუდვის გამო, მის ბიზნეს საქმიანობას ექმნება გარკვეული პრობლემები. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა საგარანტიო თანხა - 30 756.92 ლარი (27870.97+986.12+1114.83+500+285), რაც სრულად მოიცავს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის მოცულობას და საფრთხეს არ შეუქმნის გადაწყვეტილების აღსრულებას.

10. მოპასუხის განცხადების შინაარსისა და მისი განხილვის თარიღის შესახებ მოსარჩელესაც და მესამე პირსაც ეცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოპასუხის განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და მოპასუხის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზეა წარმოდგენილი, სსსკ-ის 196-ე მუხლს მოიხმობს, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე დაიშვება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.). მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ „ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე“.

12. განსახილველ შემთხვევაში, დავა სწორედ ფულადი ვალდებულებიდან გამომდინარეობს და კანონით დასაშვები უზრუნველყოფის ღონისძიების ზომად თანხის დეპოზიტზე განთავსება მიიჩნევა. მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მან უკვე განათავსა მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად შესაბამისი თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ტოლფასი ღირებულების უზრუნველყოფის სახით შესაძლებელია, უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, თუკი ეს სრულად უზრუნველყოფს კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილებას.

13. საკასაციო სასამართლოს, მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების შეპირისპირების გათვალისწინებით, გამართლებულად მიაჩნია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა სსსკ-ის 196-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, რადგან მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ტოლფასი ფულადი თანხა რეალურად უკვე განთავსებულია სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებასა და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს. ამდენად, მოპასუხემ მართებულად გამოიყენა საპროცესო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი შესაძლებლობა.

14. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღინისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე და მიუთითა: „მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ბალანსის გონივრულად შეფასებისას, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია გადაწყვეტილების აღსრულებადობა, რაც რეალური უნდა იყოს. მოპასუხის შეთავაზება ეხება არა არსებულ ფაქტს - სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანას, არამედ მომავალ მოქმედებას, რაც უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“ (სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.). სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე „სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით“ (სუსგ # ას-1165-1095-2015, 25.11.2015წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ტოლფასი ფულადი თანხა განთავსებულია სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის მიზანშეწონილობას.

16. ზემოაღნიშნული მოტივაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის განცხადების დასაბუთებულობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები შესრულებულია და მოპასუხის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორით შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 196-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ე-ის" განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხით- 30 756.92 ლარით, როგორც შპს "ე-ის" საგარანტიო თანხა, საქმეზე #ას-778-727-2017;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს "ე-ს" (ს/კ 2-) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა თ. ე-ი N5, დაზუსტებული ფართობი - 55 907.00 კვ.მ, ს/კ 0- - გასხვისება;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე