Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-854-798-2017 27 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი შპს „ჩ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, საწარმო ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი, განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საწარმოს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 212.8 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.

5. ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2017 წლის 16 მარტს პირადად ჩაბარდა, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ს/ფ 91). შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის დენა 2017 წლის 17 მარტს დაიწყო და ამავე წლის 23 მარტს 24:00 საათზე ამოიწურა. აპელანტს ამ დროის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

6. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 372-ე, 374-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველ შემთხვევაში საწარმომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნით აპელანტმა საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინა.

8. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი უთითებს, რომ 2017 წლის 28 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინება არც მას და არც საწარმოს რეალურად არ ჩაბარებია და, შესაბამისად, ხარვეზსაც ვერ შეავსებდა. ასევე მან აღნიშნა, რომ სასამართლო ვალდებულია განჩინება ჩააბაროს მხარეს პირადად ან მის წარმომადგენელს, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ განხორციელებულა და განჩინება მათ, კანონით დადგენილი წესით, არ ჩაბარებიათ, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10.სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11.სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2017 წლის 16 მარტს მოპასუხის წარმომადგენელს - ა. ც-ეს პირადად ჩაბარდა ხარვეზის შესახებ განჩინება (იხ. ს/ფ 91).

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ განჩინების 4-6 ქვეპუნქტებში ასახულ სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 17 მარტს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2017 წლის 23 მარტს ამოიწურა (ხუთშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 368.5-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, რადგან საქმეში განთავსებულია საფოსტო უკუგზავნილი, რომელსაც საწარმოს წარმომადგენლის ა. ც-ის ხელმოწერა აქვს, იმის დასტურად, რომ მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირადად ჩაიბარა 2017 წლის 16 მარტს. კერძო საჩივრის ავტორს ამ ფაქტობრივი გარემოების გამაქარწყლებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჩ–ის" კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე