საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-869-811-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები –მ. გ-ა, მ. ჩ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „პ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს "პ-ის" (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი მ. გ-ას (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან მოვალე, პირველი აპელანტი ან პირველი კერძო საჩივრის ავტორი), მ. ჩ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მოვალე, მეორე აპელანტი ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი), ი. ნ-ისა (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან მოვალე, მესამე აპელანტი ან მესამე კერძო საჩივრის ავტორი) და შპს ,,ქ- ის’’ (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე ან მოვალე, მეოთხე აპელანტი ან მეოთხე კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა 2017 წლის 9 მარტს წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის სახით, 2016 წლის 15 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე 121 719.4 აშშ დოლარზე წლიური 14 % სარგებლის დაკისრების ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელისათვის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით აპელანტთა სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 374-ე, 372-ე, 369-ე, 70-78-ე, 2591-ე, მე-60, 61-ე, 59-ე, 63-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ს.ფ. 105-116). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხეების წარმომადგენელი ლ. ბ-ე (იხ. საქალაქო სასამართლოს 14.12.2016წ. სხდომის ოქმი - ს,ფ, 105-116), რომელზედაც სასამართლომ განმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად აპელანტს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2014 წლის 14 იანვრისა. ვინაიდან, 2017 წლის 14-15 იანვარი იყო შაბათ-კვირა, არასამუშაო დღე, სსსკ-ს მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების ასლის მიღების ბოლო ვადა იყო 2017 წლის 16 იანვარი - ორშაბათი. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეები არ იყვნენ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ის პირები, რომლებსაც სასამართლოს ინიციატივით უნდა გაგზავნოდათ გადაწყვეტილების ასლი.
5. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ აპელანტების წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2017 წლის 17 თებერვალს (იხ. ს.ფ. 134). ასეთ შემთხვევაში, აპელანტებისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (ამ შემთხვევაში 2017 წლის 17 იანვრიდან). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაცო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეთათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და 2017 წლის 30 იანვარს ამოიწურა.
6. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს 2017 წლის 9 მარტს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 135). სსსკ-ს 59-ე და 63-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აპელანტთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეტანის გამო.
7. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე, საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინეს აპელანტებმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
8. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, აპელანტმა 2017 წლის იანვარში რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, თუმცა, გადაწყვეტილება მზად არ იყო. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ წერილობითი განცხადებით აპელანტებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა და შესაძლებელი იყო მისი მიღება. გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მათ სასამართლოს მიმართეს 2017 წლის 17 თებერვალს, ხოლო გადაწყვეტილება 2017 წლის 24 თებერვალს ჩაჰბარდათ. შესაბამისად, 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო საჩივრის შეტანით არ დარღვეულა სსსკ-ს 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო და განეხილა სააპელაციო საჩივარი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით მესამე მოპასუხის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხის კერძო საჩივარი, წარმოებაში მიიღო განსახილველად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მეოთხე მოპასუხის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4-6 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტებისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და 2017 წლის 30 იანვარს (ორშაბათი) ამოიწურა, რადგან მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღი (იხ. სასამართლო უწყება-ხელწერლი, ს/ფ 104) და 2016 წლის სასამართლოს სხდომას, სადაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, ესწრებოდა აპელანტთა წარმომადგენელი ლ. ბ-ე (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 105-116).
15. საკასაციო სასამართლო სასამართლო განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს კერძოს საჩივრის პრეტენზიას, რომ 2017 წლის იანვარში არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მზად და მხარემ წერილობით მხოლოდ მაშინ მოითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მოამზადა იგი (იხ. კერძო საჩივარი - ს.ფ.157). საკასაციო სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეთა წარმომადგენელმა 2017 წლის 17 თებერვალს მიმართა წერილობითი განცხადებით, რომელიც რეგისტრირებულია 18.00 საათზე, სამუშაო დღის ბოლოს, რა დროსაც საქალაქო სასამართლო უკვე ვეღარც ჩააბარებდა მხარეს გადაწყვეტილებას. აღნიშნულის ხაზგასმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ პირმა, რომელიც დაინტერესებული იყო მის წინააღმდეგ გამოტანლი გადაწყვეტილების გასაჩივრებით არა მხოლოდ საპოცესო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა წერილობითი განცხადება, არამედ - ამ განცხადების წარდგენიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ - 24 თებერვალს გამოცხადდა სასამართლოში და ჩაიბარა გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება, რაც საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მხოლოდ ერთი დასკვნის საფუძველს იძლევა: მოპასუხემ კანონით დადგენილი ვადების უგულებელყოფით მიმართა სასამართლოს იმ პირობებში, როდესაც როგორც გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს მოეთხოვებოდა კანონით განსაზღვრული პროცესუალური ვადების დაცვა და არა საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედება.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი ავალდებულებს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველ მხარეს, რომელმაც იცოდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ, კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს აკისრებს მოვალეობებსაც, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარემ იცის დავის სამართლებრივი შედეგის (სარეზოლუციო ნაწილის) გამოცხადების შესახებ და არც სხდომაზე ცხადდება და არც გონივრულ ვადაში ითხოვს გადაწყვეტილების ასლს, როგორ უნდა აიხსნას მისი ქცევა, თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებისადმი ინტერესის დაკარგვით ან დაუდევრობით (იხ. სუსგ №ას-1242-1165-2015, 12.02.2016წ.).
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან უნდა დაიწყოს, რადგან გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს (იხ. სსსკ-ს 369-ე და 2591 მუხლები). საკასაციო სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს, კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას, რომ მოპასუხეები 2017 წლის იანვარში არაერთხელ გამოცხადდნენ სასამართლოში, მაგრამ, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ ჩაიბარეს გადაწყვეტილების ასლი. მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი კერძო საჩივრის ავტორებს აწევთ, მათ კი, არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მომჩივანთა მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართვის ფაქტს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ასა და მ. ჩ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე