საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-906-846-2017 9 ოქტომბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ვ. მ-ე, გ. მ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. დ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - თ. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი თ. ჯ-ის, ვ. მ-ისა და გ. მ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-ემ და გ. მ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით ვ. მ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ვ. მ-ემ და გ. მ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს განესაზღვრათ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან, 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ვ. მ-ის მეუღლე ნ. წ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 5 აგვისტოს.
2017 წლის 9 აგვისტოს უზენაეს სასამართლოს, ფოსტის მეშვეობით, განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორებმა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინების გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადსტურებელი დოკუმენტის დედანი.
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ვ. მ-ეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 22 სექტემბერს.
2017 წლის 28 სექტემბერს უზენაეს სასამართლოს, ფოსტის მეშვეობით განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორებმა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის და გ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის.
ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბერს უზენაეს სასამართლოს, ფოსტის მეშვეობით განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორებმა და კიდევ ერთხელ ითხოვეს მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება .
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძო საჩივრის ავტორებმა არაერთხელ ისარგებლეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მინიჭებული უფლებით. წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, ამასთანავე მათ არაერთხელ გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა და მიეცათ საშუალება გამოესწორებინათ ხარვეზი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი შუამდგომლობა პროცესის გაჭიანურებას ემსახურება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის და გ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე, 368 მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. მ-ის და გ. მ-ის შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ვ. მ-ის და გ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი