Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-922-862-2017 1 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ჯ. კ-ე, ლ. კ-ე, რ. კ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ო–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. ო–ის სარჩელი, ჯ. კ-ის, ლ. კ-ის, რ. კ-ის, გ. კ-ის, შ. კ-ის, ლ. კ-ის, ი. კ-ის, დ. ნ-ის, გ. ნ-ისა და თ. ჭ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ჯ. კ-ემ, ლ. კ-ემ და რ. კ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, ამავე სასამართლოს, 2016 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარმოადგინეს ჯ. კ-ემ, ლ. კ-ემ, რ. კ-ე, გ. კ-ემ, შ. კ-ემ და ლ. კ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და 2016 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

2017 წლის 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განცხადება წარმოადგინეს რ. კ-ემ, ჯ. კ-ემ და ლ. კ-ემ, მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ჯ. კ-ემ, ლ. კ-ემ და . კ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს განესაზღვრათ, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან, 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი რ. კ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 31 ივლისს.

2017 წლის 4 აგვისტოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს კერძო საჩივრის ავტორებმა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მოითხოვეს ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდათ 3 (სამი) დღით. მათ დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინება 2017 წლის 18 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინების გზით, ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს, ლ. კ-ეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჯ. და რ. კ-ეები არიან მისი მშობლები და გადასცემდა შეტყობინებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. კ-ის, ლ. კ-ისა და რ. კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 18 ოტქომბერს, სსსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაჰბარდა კერძო საჩივრის ავტორს ლ. კ-ეს, რომელმაც განაცხადა, რომ ჯ. და რ. კ-ეები არიან მისი მშობლები და გადასცემდა შეტყობინებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 19 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 ოქტომბერს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2017 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჯ. კ-ემ, რ. კ-ემ და ლ. კ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. კ-ის, ლ. კ-ისა და რ. კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი