საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-954-890-2017 29 სექტემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ. ც-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დ. ც-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 920.14 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ 2017 წლის 24 თებერვალს საჩივარი წარადგინა. შესაგებლის წარმოდგენისათვის დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა, საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მათი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.
6. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 365-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს, რაც განისაზღვრება იმის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს, აღნიშნულ შემთხვევაში კი დავის საგნის ღირებულება 920.14 ლარია, რაც 1000 ლარს არ აღემატება.
7. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ს 374-ე მუხლის თანახმად არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა, რის გამოც იგი განუხილველი უნდა დარჩენილიყო.
8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განჩინებაზე, მისი გაუქმებისა და საქმის განხილვის მოთხოვნით, საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინა.
9. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ყურადრბას ამახვილებს საჩივარზე, რომლითაც იგი ითხოვდა შესაგებლის წარდგენისათვის დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ ცნობას და საქმის არსებით განხილვას, რაც სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ ცნო საპატიოდ და საქმის წარმოება არ განახლდა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა საქმის არსებითი განხილვა, ხოლო საჩივარი შეეხება გადაწყვეტილების არა რაიმე ზომით ან ოდენობით შეცვლას, არამედ საქმის არსებითი განხილვის უფლების მოპოვებას, შესაბამისად, სსსკ-ს 365-ე მუხლის გამოყენება არის უკანონო და უსამართლო.
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებაზე, დაიცვას თავისი უფლებები სასამართლოში, რისი საშუალებაც აღნიშნულ შემთხვევაში მას არ ეძლევა. მიუთითა, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც უპირატესობას ანიჭებს სადავო საკითხის განხილვას მხარეთა უშუალო მონაწილეობითა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. ამასთან, მისი მტკიცებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ შესაგებლის დროულად წარუდგენლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
14. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების მე-6 ქვეპუნქტი).
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ამ განჩინების მე-6 ქვეპუნქტში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობას ქონებრივ-სამართლებრივ დავაში, რაც განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფასიდან გამომდინარე, არ შეესაბამება საპროცესო ნორმის მოთხოვნას.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ განსახილველი შემთხვევა არ განეკუთვნება ქონებრივ-სამართლებრივ დავათა კატეგორიას, რადგან სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისათვის 920.14 ლარის დაკისრება, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი გადასახდელი თანხით განისაზღვრება.
17. დაუსაბუთებელია, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე ხელყოფილია. „საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რომელიც არ შეიძლება იყოს 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები. სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში, დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვ; იხ. სუსგ # ას- 230-218-2016, 28.04.2017წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერ წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტიან ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR)“ -იხ. სუსგ ას-692-646-2017, 14.07.2017წ.
18. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ც-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე