Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-981-913-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ი. ჯ-ე, გ. ჯ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სარჩელი, ი. ჯ-ისა და გ. ჯ-ის მიმართ, საკრედიტო დავალიანების გადახდევინების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ი. ჯ-ემ და გ. ჯ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის განხილვის განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით ი. ჯ-ისა და გ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ი. ჯ-ემ და გ. ჯ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინებით ი. ჯ-ისა და გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ჯ-ემ და გ. ჯ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 239,63(ორას ოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და სამოცდასამი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს ორჯერ გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე, თუმცა, როგორც საფოსტო შეტყობინებებით დასტურდება, კასატორები მითითებულ მისამართებზე არ იმყოფებიან და არც მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ზარებს პასუხობენ. 2017 წლის 10 ოქტომბერს ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ი. ჯ-ის წარმომადგენელ დ. ჯ-ეს, ხოლო გ. ჯ-ესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მის მიერ მითითბულ ნომრებზე დარეკვისას, ერთ შემთხვევაში მობილური ოპერატორი განმარტავდა, რომ აღნიშნული ნომერი არ არის რეგისტრირებული, ხოლო მეორე შემთხვევაში - პასუხობდა სხვა პიროვნება, რომლის განცხადებითაც აღნიშნული ნომერი არ ეკუთვნის გ. ჯ-ეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჯ-ის და ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 239,63(ორას ოცდაცხრამეტი აშშ დოლარი და სამოცდასამი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინებებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის ი. ჯ-ის წარმომადგენელს და გ. ჯ-ეს ჩაბარდათ 2017 წლის 10 ოქტომბერს, სატელეფონო შეტყობინებით, რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 11 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 ოქტომბერს (სამშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. და გ. ჯ-ეების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 399-ე,მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ჯ-ის და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი