საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ას-1146-1066-2017 30 ოქტომბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ. ხ-ი (მოსარჩელე) (შეგებებული სარჩელით-მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ს-ე, ნ. ს-ე (მოპასუხეები) (შეგებებული სარჩელით- მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი (თავდაპირველ სარჩელში) – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი, დ. ს-ისა და ნ. ს-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, დ. ს-ის შეგებებული სარჩელი, გ. ხ-ის მიმრთ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩნებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.
საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ, ა. გ-ის მეუღლეს, ნ. კ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 11 ოქტომბერს.
2017 წლის 19 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლა და ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის 7 დღით გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება, სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ, ა. გ-ის მეუღლეს, ნ. კ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 11 ოქტომბერს, წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე, რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კასატორის წარმომადგენლმა სასამართლოს ვადის დარღვევით, 2017 წლის 19 ოქტომბერს, მომართა შუამდგომლობთ ხარვეზის გამოსწორების ვადის დარღვევის საპატიოს ჩათვლის და მისის გაგრძელების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გ. ხ-ს ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 12 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 18 ოქტომბერს (ოთხშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. მან მაშინ მომართა სასამართლოს, როცა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადა უკვე გასული იყო.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მესამე და მეოთხე ნაწილებით, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ხ-ის შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.
2. გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი