Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1234-1154-2017 13 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ა-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ–ოს“ სარჩელი, შპს „ა-ას“ მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-ამ“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებთ შპს „ა-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-ამ“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 6 ოქტომბრის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1) შპს „ა-ას“ დირექტორის მიერ გ. ჟ–ისთვის მინიჭებული მინდობილობა ან დაზუსტებული საკასაციო საჩივარი ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ; 2) სახელმწიფო ბაჟის 2 227, 76 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, 2017 წლის 23 ოქტომბერს, ჩაჰბარდა შპს „ა-ას“ ბუღალტერს, მ. ბ-ეს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 1 ნოემბერს, განცხადებით მომართა გ. ჟ–მა, წარმოადგინა „ა-ას“ დირექტორის მიერ გ. ჟ–ისთვის მინიჭებული მინდობილობა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ას“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 1) შპს „ა-ას“ დირექტორის მიერ გ. ჟ–ისთვის მინიჭებული მინდობილობა ან დაზუსტებული საკასაციო საჩივარი ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ; 2) სახელმწიფო ბაჟის 2 227, 76 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტზე ხელმოწერით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 23 ოქტომბერს, სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა შპს „ა-ას“ ბუღალტერს, მ. ბ-ეს, რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 24 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 ოქტომბერს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 30 ოქტომბრის (ორშაბათი) ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 1 ნოემბერს, განცხადებით მომართა გ. ჟ–მა, წარმოადგინა „ა-ას“ დირექტორის მიერ გ. ჟ–ისთვის მინიჭებული მინდობილობა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა-ას“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და სასამართლოს მომართა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი