საქმე №ას-1086-1006-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა(ა)იპ „ბ-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ ნ. ც-ის სარჩელის გამო ა(ა)იპ „ბ-ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 594 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორის ნატალია ზაქარეიშვილის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 4 (ოთხი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 594 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამასთან, განემარტა ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები.
2017 წლის 26 ოქტომბერს სასამართლოს მომართა კასატორმა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 594 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. რაც შეეხება დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარემ ის ფოსტას ჩააბარა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ _ 2017 წლის 6 ნოემბერს (სსსკ-ის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 24 ოქტომბერს და ამოიწურა 2017 წლის 27 ოქტომბერს).
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსათვის მიუმართავს საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა, ამასთანავე, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 25 ოქტომბერს #20445 საგადახდო მოთხოვნით ა(ა)იპ „ბ-ის“ მიერ გადახდილი 594 ლარი.
რაც შეეხება საპროცესო ვადის დარღვევით წარმოდგენილ დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს, პალატა მიიჩნევს, რომ ის ასევე ექვემდებარება განუხილველად დატოვებას, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა(ა)იპ „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. ა(ა)იპ „ბ-ის“ საპროცესო ვადის დარღვევით წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. ა(ა)იპ „ბ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2017 წლის 25 ოქტომბერს #20445 საგადახდო მოთხოვნით ა(ა)იპ „ბ-ის“ მიერ გადახდილი 594 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე