საქმე №ას-1334-1254-2017 13 ნოემბერი, 2017 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ზ. ჩ-ის სარჩელის გამო, ნ. ჩ-ი-ხ-ის მიმართ განქორწინების, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ქმედების დავალდებულების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებებს გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, მხარე მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მეუღლეთა საერთო ვალები განაწილდა და ამ მიზნით ზ. ჩ-ს, ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სს „ს-იდან“ და შპს „ბ-იდან“ მიღებული სესხის ნახევრის, 2540 ლარისა და 1565 აშშ დოლარის გადახდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჩ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი, ლოგიკური განმარტების საფუძველზე, სამართალწარმოების იმ მხარეს მოიაზრებს, ვისაც მართლმსაჯულების აქტის აღსრულებაუნარიანი ნაწილით დაუდგინდა გარკვეული ვალდებულება ან უარი ეთქვა უფლების იმგვარ რეალიზაციაზე, ვიდრე მას მიაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ მხარე სადავოდ სწორედ მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხდის. დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო/საკასაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას“. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 266-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტა გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი (იხ. სუსგ-ებები: №ას-710-1011-09, 7 სექტემბერი, 2009 წელი; №ას-797-750-2012, 4 ივნისი, 2012 წელი). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრებისას, ბუნებრივია, მხარეს უფლება აქვს, პრეტენზია განაცხადოს დადგენილი ფაქტების სისწორეზეც, რასაც ზემდგომი სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის კონტექსტში შეაფასებს, თუმცა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტის გაუქმების მოთხოვნის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებისა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე