3გ-ად-45-კს-03 19 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 16 მაისს კერძო საჩივრის ავტორებმა – მ., ჟ., თ., მუ., რ. და ჯ. დ.-ეებმა სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს მათთვის საკარმიდამო ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსება, საიჯარო მიწის ნაკვეთის გამოყოფა და მოპასუხე ო., შ. და თ. ზ.-ეების სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის ბათილად ცნობა, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. კერძოდ, ...-ის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა მოსარჩელე მ. დ.-ისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 0,35 ჰა-მდე შევსება; ჯ., თ., მუ. და რ. დ.-ეებს უარი ეთქვათ მათზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთების 0,75 ჰა-მდე შევსებაზე; ჟ. დ.-ს უარი ეთქვა საკარმიდამო მიწის გამოყოფაზე. მოსარჩელეებს ასევე უარი ეთქვათ ო., თ. და შ. ზ.-ეების სახელზე საკარმიდამო მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით გაცემული პასპორტების გაუქმებაზე, ხოლო მიწის იჯარით გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 22 მარტის განჩინებით.
2002წ. 14 აგვისტოს კერძო საჩივრის ავტორებმა განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, 2001წ. 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს შემდეგი მოტივით: მოსარჩელეებისათვის (განმცხადებლებისათვის) არ იყო ცნობილი სასამართლოში წარდგენილი საბუთების სიყალბის შესახებ. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა მინისტრთა საბჭოს 1994წ. ¹41 დებულება, რომელიც ეხება ...-ის ზოგიერთ მეურნობას, ...-ის სადავო ტერიტორია კი ეკუთვნის კოლმეურნეობას. კოლმეურნეობას სახელი 1997-98 წლებში შეეცვალა და აღნიშნული ტერიტორია ნამდვილად არაფონდირებულია. განმცხადებელთა აზრით, ასევე ყალბია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიწის მართვის სამმართველოს ტიტულოვან ქაღალდზე უნდა იყოს შესრულებული და ხელს უნდა აწერდეს მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი. განმცხადებლებმა მოითხოვეს სსკ-ს 137-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბუთების ბათილად ცნობა, საგამოძიებო ორგანოში მათი გადაგზავნა და ...-ის კოოპერატიული მეურნეობიდან რიგი დოკუმენტების (1997წ. 25 ნოემბრის, 1997წ. 23 დეკემბრის, 1999წ. 23 დეკემბრის ოქმები) გამოთხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებით, სსკ-ს 429-ე მუხლის საფუძველზე, მ., ჟ., თ., მუ., რ. და ჯ. დ.-ეებს უარი ეთქვათ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადების დასაშვებობაზე და განცხადება შემდეგი მოტივით დარჩა განუხილველი:
სააპელაციო სასამართლოს აზრით, განცხადებაში მითითებული გარემოებები სამართლებრივად არ წარმოადგენენ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან გადაწყვეტილება არ ემყარება ყალბ დოკუმენტებს. სახელდობრ, მინისტრთა საბჭოს 1994წ. ¹41 დადგენილება, ბუნებრივია, არ შეიძლება ყალბი იყოს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა, მართალია, არ არის ტიტულოვან ქაღალდზე, მაგრამ მისი შედგენის დროს დაცულია ყველა რეკვიზიტი. ამასთან, სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თახმად, დოკუმენტის სიყალბეზე უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რაც კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ განმცხადებლებს გაშვებული აქვთ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე განცხადების შეტანის სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული 1-თვიანი ვადა.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებაზე მ., ჟ., თ., მუ. და ჯ. დ.-ეებმა კერძო საჩივარი შეიტანეს, მოითხოვეს განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა. მათი აზრით, საქმეში არსებული სოფ. ...-ის კრების ოქმები მოწინააღმდეგე მხარე ზ.-ეებზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ყალბია, ვინაიდან არავითარი კრება არ ჩატარებულა, რასაც ადასტურებს სოფლის მაცხოვრებელთა ხელმოწერები. განმცხადებელთა მითითებით, მათთვის ცნობილი გადა საქმის განმხილველი მოსამართლეების, ხელვაჩაურის რაიონული მოსამართლე მ. ქ.-ისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე თ. წ.-ის ნათესაური კავშირი მოპასუხეებთან, რაც სსკ-ს 30-31-ე მუხლების დარღვევაა და მოსამართლეებს არ ჰქონდათ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის განჩინებით დ.-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ., ჟ., თ., მუ., რ. და ჯ. დ.-ეების კერძო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრისა და 2003წ. 31 მარტის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კერძო საჩივრის ავტორები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმ საფუძვლით, რომ ყალბია მოწინააღმდეგე მხარე ზ.-ეებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ სოფ. ...-ის კრების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნა. სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მითითების მიხედვით, დოკუმენტის სიყალბის შესახებ უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება (ჩატარება) ვერ განხორციელდა არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ სხვა რაიმე მიზ.- გამო. ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ სოფ. ...-ის კრების ოქმებისა და ექსპერტიზის დასკვნის სიყალბის შესახებ კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე განცხადების დაუშვებლობის შესახებ და განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს;
2. კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე მიუთითეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველზეც და აღნიშნეს, რომ ხელვაჩაურის რაიონულ მოსამართლე მ. ქ.-სა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე თ. წ.-ს მოწინააღმდეგე მხარეებთან ნათესაური კავშირის გამო არ ჰქონდათ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება. სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 30-31-ე მუხლით გათვალისწინებული ნათესაური კავშირის გამო, არ ჰქონდა მონაწილეობის მიღების უფლება, მაგრამ მითითებული ნათესაური კავშირი კერძო საჩივრის ავტორების მიერ ვერ იქნა დადასტურებული. მოსამართლეთა წერილობითი განმარტებების მიხედვით მათ არ ჰქონდათ საქმეზე თვითაცილების განცხადების საფუძველი. ამიტომ, უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარს და ეთანხმება საქმის წარმოების განახლებაზე განცხადების დაუშვებლობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.
ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს დ.-ეების კერძო საჩივარს და თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრისა და 2003წ. 31 მარტის განჩინებები, რადგან სააპელაციო პალატამ სსკ-ს 422-ე, 423-ე მუხლების პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის სწორი გამოყენება-განმარტებით, მართებულად ცნო დაუშვებლად აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დ.-ეების განცხადება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ., ჟ., თ., მუ., რ. და ჯ. დ.-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრისა და 2003წ. 31 მარტის განჩინებები;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.