საქმე №ას-85-81-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ. და ნ. კ-ეები (მოსარჩელეები, გ.კ-ე _ მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე )
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ა-ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობის წესის დადგენა (ძირითად სარჩელში), მამობის გაუქმება, დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. და ნ. კ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ხ. ა-ის მიმართ და მოითხოვეს 2013 წლის 13 ნოემბერს დაბადებულ არასრულწლოვან ე. კ-ესთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, კერძოდ, გ. კ-ემ მოითხოვა უფლების მინიჭება, ყოველი კვირის სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს დღის 14:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით წაიყვანოს ბავშვი, ხოლო ნ. კ-ემ _ ყოველი კვირის ორშაბათსა და ოთხშაბათს, დღის 14:00 საათიდან 20:00 საათამდე.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 15 ოქტომბრიდან გ. კ-ე და ხ. ა-ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 13 ნოემბერს შეეძინათ შვილი _ ე. კ-ე. 2014 წლის ნოემბრიდან მეუღლეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ, ხოლო ბავშვი იმყოფება დედასთან. 2015 წლის 27 მარტიდან მოპასუხე უკრძალავს მამას _ გ.კ-ეს შვილთან ურთიერთობას, ასევე, უარს აცხადებს ბებიამ _ ნ.კ-ემ მოინახულოს და ურთიერთობა იქონიოს შვილიშვილთან. მოსარჩელეებს განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა აქვთ მცირეწლოვანთან, რომელიც ასევე, შეჩვეულია მათთან ყოფნას. გ.კ-ე არის მზრუნველი მამა, ყურადღებას იჩენს მის მიმართ და ცდილობს უზრუნველყოს საჭირო საშუალებებით, ასევე ყურადღებით გამოირჩევა ნ. კ-ე, რომელიც იჩენს მზრუნველობას შვილიშვილის მიმართ, უზრუნველყოფს მას საჭირო მატერიალური საშულებებით, მიჰყავს ბავშვი ექიმთან და აძლევს მედიკამენტებს. ეს ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მეუღლეთა სატელეფონო მიმოწერითაც. მას შემდეგ, რაც მოპასუხე უკრძალავს მოსარჩელეებს ბავშვთან ურთიერთობას, მის ამბებს იგებენ ძიძის მეშვეობით. ბავშვს ამჟამად ძირითადად მოპასუხის დედა უვლის, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, გარდა ამისა, ხ. ა-ი დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში და სამუშაო დღეებში 9:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ ახერხებს შვილთან ურთიერთობას.
1.2. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ხ. ა-მა გ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მამობის გაუქმება 2013 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ე. კ-ის მიმართ და შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ ამოღებულ იქნეს ბავშვის მამის გრაფიდან მითითებული ჩანაწერი - გ. კ-ე, ხოლო ბავშვის გვარის გრაფაში, ნაცვლად კ-ისა, მიეთითოს - ა-ი.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ე. კ-ე არ არის მეუღლეთა საერთო შვილი, რაც კარგად იცის გ.კ-ემაც. სამშობიაროდან გამოყვანიდან შვიდი თვის განმავლობაში ბავშვი იყო დედის გვარზე, თუმცა იგი მოპასუხემ დაარწმუნა, რომ ბავშვისთვის უმჯობესი იქნებოდა გვარის შეცვლა. გ.კ-ეს ბავშვთან არავითარი ნათესაური კავშირი არ გააჩნია, მიუხედავად ამისა, ის დაჟინებით მოითხოვს მასთან ურთიერთობას, რაც ემსახურება მის სამომავლო მიზანს, მანიპულირება მოახდინოს ბავშვით შეგებებულ მოსარჩელეზე, რას აპირებს მომავალში უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მას ბავშვის სიყვარული და მასზე მზრუნველობის სურვილი არ ამოძრავებს.
2. მოპასუხეების/მესამე პირის პოზიცია:
2.1. ხ. ა-მა თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ. კ-ე არ არის არასრულწლოვნის ბიოლოგიური მამა, რაც თავადაც კარგად იცის, მხარეები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინდნენ, ამასთან, დიდი ხანია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ამასთანავე, ბიოლოგიური ნათესაობა არ აკავშირებს ბავშვს მეორე მოსარჩელესთან. გ.კ-ე უარს აცხადებს, ჩაიტაროს ბიოლოგიური კვლევა, რითაც შეძლებს მამობის დადასტურებას და ბავშვთან ურთიერთობის მოთხოვნას კანონის ძალით, იგი მკურნალობდა უშვილობაზე. მოპასუხემ გამოხატა შეშფოთება, რომ მოსარჩელეს სურს მისი შვილის წაყვანა ბავშვისათვის საფრთხის შექმნის მიზნით. რაც შეეხება ყოფილ მეუღლეთა მიმოწერას, იგი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის;
2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნო არც გ. კ-ემ და აღნიშნა, რომ ბავშვის სააქტო ჩანაწერში მამის მითითება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა განხორციელებული. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს ქორწინებაში დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური მშობელს, ამ ფაქტის მტკიცება ეკისრება შეგებებულ მოსარჩელეს, როელმაც უნდა დაასახელოს ბიოლოგიური მამის ვინაობა, გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის მოთხოვნის 1-წლიან ხანდაზმულობაზე.
2.3. ბავშვის კანონიერმა წარმომადგენლმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია, გაირკვეს ე. კ-ის ბიოლოგიური მამის ვინაობა და თუკი დადგინდება, რომ გ. კ-ე წარმოადგენს არასრულწლოვნის მამას, სწორედ აღნიშნულის შემდეგ უნდა განისაზღვროს მამასთან და ბებიასთან ურთიერთობის წესი. არასრულწლოვანი ე. კ-ის ურთიერთობის წესის დადგენა იმ პირებთან, რომელთანაც არ აქვს ნათესაური კავშირი, არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს და უსაფუძვლოდ ხელყოფს მის უფლებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ-ისა და ნ. კ-ის თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხ. ა-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გ. კ-ის მამობა არასრულწლოვან ე. კ-ის მიმართ, რის შესაბამისადაც დადგინდა ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, ბავშვის მამის გრაფიდან ამოღებულ იქნა გ. კ-ე, ხოლო ბავშვის გვარის გრაფაში, ნაცვლად კ-ისა, მიეთითა ა-ი, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერის სხვა მონაცემები დარჩა უცვლელად.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თავდაპირველმა მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და გ. კ-ეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და მიიჩნევს, რომ გ. და ნ. კ-ეების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
1.1.1. გ. კ-ე და ხ. ა-ი 2011 წლის 15 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
1.1.2. 2013 წლის 13 ნოემბერს დაიბადა ე. ა-ი, რომლის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულია გ. კ-ე, ხოლო დედის გრაფაში - ხ. ა-ი. ე. ა-ს შეეცვალა გვარი და მიენიჭა - კ-ე;
1.1.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, ე. კ-ის დაბადების შემდგომ, გ. კ-ე და ხ. ა-ი ერთად აღარ ცხოვრობენ. 2014 წლის ნოემბრიდან გ. კ-ეს ბავშვი არ უნახავს და მას ურთიერთობა არ აქვს არასრულწლოვან ბავშვთან. ვინაიდან,ხ. ა-ის განცხადებით, ის ე. კ-ის ბიოლოგიური მამა არ არის, არასრულწლოვნის დედა წინააღმდეგია გ. კ-ესა და ნ. კ-ეს ურთიერთობა ჰქონდეთ ბავშვთან _ ე. კ-ესთან;
1.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით მეუღლეთა შორის ქორწინება შეწყდა;
1.1.5. ნ. კ-ე არის გ. კ-ის დედა;
1.1.6. ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნის მიხედვით, გ. კ-ის ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. ბინა არის სამოთახიანი, დაცულია ჰიგიენური პირობები და იდეალური სისუფთავეა. ოჯახში ცხოვრობს გ. კ-ე დედასთან, ნ. კ-ესთან ერთად. გ. კ-ე დასაქმებულია, მუშაობს „ჯ-ში“ მენეჯერად სახელფასო ანაზღაურებით 3 500 ლარი. ოჯახში არის ბავშვის განვითარებისათვის უსაფრთხო გარემო;
1.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის განჩინებით დაინიშნა სასამართლო-გენეტიკური ექსპერტიზა და ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვა: არის თუ არა გ. კ-ე (დაბადებული ... წლის 10 სექტმბერს) 2013 წლის 13 ნოემბერს დაბადებული ე. კ-ის ბიოლოგიური მამა. ექსპერტიზაზე არ გამოცხადდა გ.კ-ე, მან საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ასევე უარი განაცხადა გენეტიკურ კვლევაზე.
1.1.8. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოხსენებული გარემოებები საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, შესაბამისად, მათ წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნიათ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)).
1.2. საკასაციო განხილვის ფარგლები:
კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ.კ-ე ვალდებული იყო, ჩაეტარებინა გენეტიკური კვლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნეოდა, რომ არ წარმოადგენდა არასრულწლოვნის ბიოლოგიურ მამას და არ გააჩნდა მასთან ურთიერთობის მოთხოვნის უფლება. არსებითად ამავე პრეტენზიას გამოთქვამს მეორე კასატორი და საბოლოოდ, სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გამოყენება-განმარტებას, ისე _ შეჯიბრებითობის წარმართვასა და ამ მხრივ ცენტრალური საკითხის _ მამობის ფაქტის კვლევის კანონიერებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, (1) საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. (2) სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. (3) საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი). ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, როგორც ძირითადი (მამისა და ბებიის მიერ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის დადგენა), ისე _ შეგებებული სარჩელის (არასრულწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანა: მამის რეგისტრაციის გაუქმება და ბავშვის გვარის დედის გვარით განსაზღვრა) საფუძვლიანობა.
1.3. გამოსაყენებელი ეროვნული და საერთაშორისო სამართლის ნორმები:
1.3.1. სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1189-ე, 1195-ე (1), 1196-ე (1), 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე და 1203-ე მუხლების თანახმად:
მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.
შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.
მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.
შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
1.3.2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად,
მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებული პირი მისი მამა არ არის.
1.3.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 352-ე, 354-ე (1) მუხლების თანახმად:
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი.
სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
1.3.4. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 (1), მე-5, მე-7, მე-8, მე-9 (1) (3), მე-18 (1) მუხლების თანახმად:
ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობლების და, შესაბამის შემთხვევებში, გაფართოებული ოჯახის ან თემის წევრების, როგორც ეს გათვალისწინებულია ადგილობრივი წეს-ჩვეულებებით, მეურვეების ან კანონით ბავშვისათვის პასუხისმგებელი სხვა პირების პასუხისმგებლობას, უფლებებსა და მოვალეობებს, რომ სათანადოდ მართავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ბავშვს მის მიერ წინამდებარე კონვენციით აღიარებული უფლებების განხორციელებაში და ამას აკეთებდნენ ბავშვის განვითარებადი უნარების შესაბამისად.
ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელის ... უფლება, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს, და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებების განხორციელებას თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი ვალდებულებების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად ბავშვს არ ექნებოდა მოქალაქეობა.
მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის ... სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის.
მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
1.3.5. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად:
ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
1.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.4.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს კასატორთა მოსაზრებას სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმების, ასევე _ მტკიცების საპროცესო წესებისა და საშუალებათა არასწორად გამოყენება-განმარტების თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არასწორია, არ ემყარება საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ კვლევას, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სრულყოფილად დადგენასა და კოლიდირებულ ინტერესთა სწორ განსაზღვრა-კვალიფიკაციას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად ვერ გამიჯნეს შეპირისპირებული სამართლებრივი სიკეთეები, ვერ დაადგინეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც მიღებულ გადაწყვეტილებას გაუმართლებელს ხდის. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და ეს დასკვნა გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მამამ უარი განაცხადა გენეტეკური კვლევის ჩატარებაზე, არსებობდა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში დაბადებული ბავშვის სააქტო ჩანაწერში მამის რეგისტრაციის გაუქმებისა და ბავშვისათვის გვარის შეცვლის წინაპირობა. ის გარემოება, რომ თავდაპირველი მოსარჩელე უარს აცხადებდა „დნმ-ის“ ტესტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მამის მიმართ მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოების (გ.კ-ე არ იყო არასრულწლოვნის ბიოლოგიური მამა) უპირობოდ გაზიარების საფუძვლად ჩათვალეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, მათივე განმარტებით, რადგანაც არასრულწლოვანს არ ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი გ.კ-ესთან და არ იყო შეჩვეული მას, მამა-შვილის სამომავლო ურთიერთობა ბავშვის ინტერესებში არ შედიოდა, თავის მხრივ, ის ფაქტი, რომ გ.კ-ე არ წარმოადგენდა ბავშის ბიოლოგიურ მშობელს, გამორიცხავდა მასთან ურთიერთობის წესის დადგენის თაობაზე ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
1.4.2. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როგორც კვლევის ბიოლოგიური მეთოდი, ისე _ მარეგულირებელი ნორმა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა გამოყენებული, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი ადგენს ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილების წარმოშობის დადგენას და ნორმაში მითითებული კვლევის მეთოდების გამოყენება, ასევე, იმ საპროცესო საშუალებათა განკარგვა (მტკიცების ტვირთის შებრუნება), რომლებიც მშობლისა და შვილის ბიოლოგიური კავშირის დადგენას ისახავს მიზნად, გამართლებულია მაშინ, როდესაც ბავშვის მშობლები არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც განსხვავდება ამავე კოდექსის 1189-ე მუხლით მოწესრიგებული შემთხვევისაგან, როდესაც ივარაუდება შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან. ამ თვალსაზრით სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს და ეთანხმება იმ ზოგად იდეას, რომ ბავშვს აქვს თვითგამორკვევის უფლება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ასევე უფლებას, იცოდეს საკუთარი ბიოლოგიური წარმომავლობა. უფრო მეტიც, სასამართლო ემხრობა და არ უკარგავს არასრულწლოვანს უფლებას, სურვილის შემთხვევაში, გამოარკვიოს მამასთან ბიოლოგიური კავშირი, ასევე, არსებობის შემთხვევაში, დაადგინოს თუ ვინ არის მისი ბიოლოგიური მშობელი, თუმცა ეს საკითხი წინამდებარე დავის ფარგლებში შესაფასებელი არ არის. ამდენად, უდავოა, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის დებულებებით, რადგანაც სახეზე არ არის ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა, რამეთუ არასრულწლოვანი დაბადებულია რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, რაც ძირითადი მოსარჩელის კანონიერ მამად აღიარების საფუძველს წარმოადგენს (ამ მხრივ პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე (სკ-ის 1190-ე მუხლის მე-7 ნაწილი), ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ნორმის მოქმედება განსახილველ საკითხზე არ ვრცელდება). საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მითითებას პრეცედენტულ სამართალზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: Mikulić v. Croatia, no. 53176/99 judgment of 07.02.2002; Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014; Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX; Sahin v. Gernamy [GC], no.30943/96,§66,ECHR 003-VIII), თუმცა, განმარტავს, რომ მოხმობილი გადაწყვეტილებები იცავენ არასრულწლოვნის უფლებას, იცოდეს საკუთარი წარმომავლობა და ნაკლები შემხებლობა აქვთ განსახილველ საკითხთან.
1.4.3. საკასაციო პალატა უპირატესად შეაფასებს შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობას, ვინაიდან ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებიც სწორედ მასზეა ორიენტირებული და ბიოლოგიური კავშირის არარსებობაზე მითითებით სასამართლოებს ძირითადი სარჩელის საფუძვლიანობის ელემენტების განსაზღვრა არ განუხორციელებიათ. თავად შეგებებული სარჩელი ემყარება მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებას, რომ გ.კ-ე არ არის ბავშვის ბიოლოგიურ მშობელი, რაიმე მითითება არასრულწლოვნის ბიოლოგიური მშობლის ვინაობაზე, მასთან ბავშვის ურთიერთობასა და სოციალურ ადაპტაციაზე საქმეში არ მოიპოვება. არასრულწლოვნის დედა მამობის გაუქმების მეორე საფუძვლად, როგორც შეგებებულ სარჩელში, ისე _ ძირითადი სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში ასახელებს საკუთარ შიშს იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, შეგებებულმა მოპასუხემ, რომელმაც იცის, რომ არ არის ბავშვის ბიოლოგიური მშობელი, ეს ფაქტორი გამოიყენოს დედაზე შურის საძიებლად. რეალური ფაქტობრივი გარემოება, რაც ამ შიშს გაამართლებდა, არც შეგებებულ მოსარჩელეს წარმოუდგენია და არც სასამართლოების მიერ დადგენილა, უფრო მეტიც, საქმეში არსებული, ხ.ა-ის მხრიდან შეუდავებელი მტკიცებულებებით (მიმოწერა ბავშვის მშობლებს შორის, რომელსაც ხ.ა-ი მხოლოდ საკმარისობის კუთხით ხდის სადავოდ) დასტურდება, რომ გ.კ-ე იჩენს ყურადღებას არასრულწლოვნის მიმართ, უწევს მატერიალურ დახმარებას და ცდილობს ურთიერთობა იქონიოს ბავშვთან, თუმცა, ამის საშუალება მას ნაკლებად ეძლევა. მიმოწერით ირკვევა, რომ დედის სურვილის შემთხვევაში, მას ჰქონია კიდევაც ბავშვთან ურთიერთობა (საუბარია არასრულწლოვნის ეზოში გასეირნებაზე).
1.4.4. ზემოხსენებული ეროვნული და საერთაშორისო სამართლის ნორმების ანალიზით ირკვევა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს წარმოადგენს მათ შორის მისი ოჯახურ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა, სადაც ის იქნება ინტეგრირებული, თუნდაც განქორწინებულ მშობლებთან და სხვა ახლო ნათესავებთან, რადგანაც მას ინდივიდუალურად და შეძლებისდაგვარად შეექმნება კეთილსაიმედო გარემო საზოგადოების ღირსებულ წევრად, როგორც მორალური, ისე _ ფიზიკური თვალსაზრისით აღზრდის მიზნით. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესად არ შეიძლება განხილულ იქნას მდგომარეობა, როდესაც დედა მოითხოვს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის რეგისტრაციის გაუქმებას იმგვარად, რომ ბავშის მამის ვინაობა არ იქნას ფიქსირებული და უფრო მეტიც, აცხადებს, რომ კანონიერი მამა არ წარმოადგენს ბიოლოგიურ მშობელს, ხოლო სასამართლოს არ წარმოუდგენს წონად ფაქტებსა და არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი ადაპტირებულია ბიოლოგიური მამის ოჯახურ გარემოში, იზრდება მასთან ერთად და გააჩნია „ოჯახური ცხოვრების“ დაცვის ინტერესი მასთან. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ამგვარი მიდგომა არ იცავს არასწრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
1.4.5. საკასაციო პალატა ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში გაჟღერებულ იდეას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს (იხ. მაგ: CASE OF S.L. AND J.L. v. CROATIA, განაცხადი N13712/11, 7 მაისი 2015 წელი, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი) და ამ კონცეფციის ფარგლებში ერთმანეთისგან გამიჯნავს შეპირისპირებულ სიკეთეებს, რომელთა კონკურენციაც წინამდებარე გადაწყეტილების განსჯის საგანს წარმოადგენს, კერძოდ: ძირითადი და შეგებებული სარჩელების ფარგლებში შეპირისპირებულ სიკეთეებს წარმოადგენს: ა) მამის „ოჯახური ცხოვრების“ პატივისცემის უფლება; ბ) არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი; გ) დედის „პირადი ცხოვრების“ პატივისცემის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ადგენს რა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა განსაზღვრავს, რომ კანონიერი და ბიოლოგიური მშობლის სტატუსის სამართლებრივი დეკლარირების და ამ გზით დაცული ზემოხსენებული სიკეთეების გამიჯვნის თაობაზე არ არსებობს ერთიანი ევროპული კონსენსუსი, რის გამოც, კონვენციის წევრი სახელმწიფოებისათვის დადგენილია მიხედულების შედარებით ფართო ზღვარი, თუმცა, ნებისმიერი ქმედება უნდა გამომდინარეობდეს ნორმის ტელეოლოგიური განმარტებიდან და არ უნდა არღვევდეს მის ნამდვილ არსს. ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, დაცული სიკეთის უზრუნველყოფის ხელშეწყობის თვალსაზრისით და დასაშვებია მხოლოდ კვალიფიციური ჩარევა _ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების, ასევე, ჩარევის მინიმალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, უფლების დარღვევა შეფასებას ექვემდებარება ე.წ „პროპორციულობის _ სამართლიანი წონასწორობის ტესტით“ (ე.წ „მიხედულების ზღვრის თეორიის“ თანახმად, ჩარევის პროპორციულობის დასადგენად შეფასებას ექვემდებარება სადავოდ ქცეული უფლების/თავისუფლების ბუნება; სუბიექტის მიმართ ამ უფლების მნიშვნელობა; ქმედების ხასიათი; ჩარევის გამართლების ხარისხი და ევროპის საბჭოს ქვეყნების მხრიდან სადავო საკითხზე აშკარა კონსენსუსის არსებობა). ქართული კანონმდებლობა, მსგავსად ევროსაბჭოს წევრი არაერთი ქვეყნის კანონმდებლობისა, ადგენს კანონიერი მამობის პრეზუმფციას იმ ბვშვისა და მშობლის მიმართ, რომელიც რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში დაიბადა. ამასთანავე, „ოჯახური ცხოვრების“ უფლების დადგენის მიზნით პრეცედენტულ სამართალში განმარტებულია, რომ სახეზე უნდა იყოს მშობლისა და შვილის სოციალური ინტეგრაცია და შეჩვევის ინტენსიური ხასიათი, რაც ამავდროულად ემსახურება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს _ იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში. ევროსასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ „ოჯახური ცხოვრების“ უფლებით დაცულ სფეროს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნის მშობლები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და კანონიერ მამას, თუნდაც ის არ იყოს ბიოლოგიური მშობელი, აქვს ბავშვის მიმართ სოციალური ერთობა. ამ გარემოებას არსებითად უთანაბრდება შემთხვევა, როდესაც ბავშვი ქორწინების გარეშეა დაბადებული და სახეზეა de facto „ოჯახური ცხოვრება“. საქმეებში: Ahrens v. Germany (განაცხადი # 45071/09, 22 მარტი 2012) და Kautzor v. Germany (განაცხადი # 23338/09, 22 მარტი, 2012) ევროსასამართლომ გამიჯნა კანონიერი და ბიოლოგიური მამების უფლებები და განმარტა, რომ ბიოლოგიური მამის უფლება, რომელსაც არ გააჩნდა შვილთან ახლო პირადი ცხოვრება, ექვემდებარებოდა „პირადი ცხოვრებით“ დაცულ სფეროს, ხოლო კანონიერი მამის უფლება, რომელთანაც იზრდებოდა ბავშვი _ „ოჯახური ცხოვრებით“ დაცულ სფეროს, ამასთანავე, კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად არ იქნა მიჩნეული ბიოლოგიური მამისათვის მამის სრულყოფილი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ევროსასამართლოს განმარტებით, მართალია განმცხადებლების ინტერესს წარმოადგენდა მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტის დადგენა და სამართლებრივი აღიარება, თუმცა, გერმანიის სასმართლოების გადაწყვეტილება ემსახურებოდა კანონმდებლის ნების შესრულებას, უპირატესობა მინიჭებოდა არსებულ ოჯახურ ურთიერთობას ბავშვსა და კანონიერ მამას შორის, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფდა მას მშობლის მზრუნველობით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე, ევროსასამართლოს განმარტება საქმეზე ANAYO v. GERMANY (განაცხადი № 20578/07, 21 დეკემბერი, 2010 წელი), რომლის თანახმადაც, ბატონი ანაიოს მოთხოვნის არ დაკმაყოფილება შვილებთან ურთიერთობის თაობაზე წარმოადგენდა მე-8 მუხლით დაცულ უფლებებში ჩარევას. იმის გათვალისწინებით, რომ მას არასდროს უცხოვრია ტყუპებთან და არც არასდროს შეხვედრია, მათ ურთიერთობას მართლაც არ ახასიათებდა საკმარისი სიხშირე, რომ მიჩნეულიყო „ოჯახურ ცხოვრებად“, თუმცა, სასამართლომ მანამდე დაადგინა, რომ ოჯახური ცხოვრების სურვილი შესაძლოა მოექცეს მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში, თუკი ოჯახური ცხოვრების არარსებობის ფაქტი არ უკავშირდება განმცხადებელს. ასეც მოხდა ბატონი ანაიოს შემთხვევაში, რომელსაც ტყუპებთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დედა და კანონიერი მამა უარს ეუბნებოდნენ მას თხოვნებზე. ბატონმა ანაიომ გამოავლინა ბავშვების მიმართ ნამდვილი ინტერესი სურვილის გამოხატვით, რომ მას სურდა მათთან ურთიერთობა, როგორც მათ დაბადებამდე, ისე დაბადების შემდგომ და მალევე წამოიწყო სამართალწარმოება სასამართლოებში ურთიერთობასთან დაკავშირებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ის და ქალბატონი B. არ ეწეოდნენ თანაცხოვრებას, ბავშვები გაჩნდნენ იმ ურთიერთობის შედეგად, რომელიც ორი წლის მანძილზე გრძელდებოდა და არ იყო უბრალოდ შემთხვევით შეხვედრებზე აგებული. თუნდაც მიჩნეულიყო, რომ მისი ურთიერთობა ბავშვებთან არ ექცეოდა „ოჯახური ცხოვრების“ ცნებაში, ეს ურთიერთობა ბატონი ანაიოს იდენტობისა და მისი „პირადი ცხოვრების“ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა მე-8 მუხლის მნიშვნელობისთვის.
1.4.6. მოხმობილი განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აფასებს იმ ფაქტებს, რომელიც მხარეთა ქორწინებას, ბავშვის დაბადებას, განქორწინებასა და გ.კ-ის მცდელობას შეეხება, იქონიოს ურთიერთობა ბავშვთან, იზრუნოს მასზე და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან მამობის რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენს გ.კ-ის ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევას, რომლის გამართლება არ შეიძლება მოხდეს თუნდაც იმით, რომ იგი არ იტარებს გენეტიკურ კვლევას, რადგანაც მეორე მხრივ, ამ გარემოებას ვერ გადაწონის ხ.ა-ის „პირადი ცხოვრების“ პატივისცემის უფლება, რომელიც არ ასახელებს არასრულწლოვნის ბიოლოგიურ მშობელს და რაც უფრო მთავარია, არ იკვეთება არასრუწლოვნის შესაძლებლობა, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, რომელიც, როგორც სააპელაციო პალატამ დაადგინა, არ ემყარება ბავშვისა და კანონიერი მამის მამა-შვილურ მიჯაჭვულობას, თუმცა, სასამართლოს მხრიდან შეფასება არ მისცემია იმ გარემოებას, თუ რატომ არ არსებობს მიჯაჭვულობა მამა-შვილს შორის. ამ მხრივ სრულიად გაურკვეველია არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (მესამე პირი) პოზიცია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს დაბადების სააქტო ჩანაწერში კანონიერი მამის რეგისტრაციის გაუქმება. სააგენტოს ეს პოზიცია არ ემყარება რაიმე კვლევას, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობის ნეგატიურ ასპექტს გამოკვეთავდა.
1.4.7. აქვე საკასაციო პალატა ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს იმ გარემოებას, რომ იგი არ უარყოფს მცირეწლოვანი ე.ის უფლებას, იცოდეს საკუთარი წარმომავლობის შესახებ, ასევე, მესამე პირის შესაძლებლობას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დაამტკიცოს საკუთარი მამობის ფაქტი, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, თუმცა, როგორც წინამდებარე საქმის ფაქტობრივი თავისებურების, ისე _ შესაძლო სამომავლო დავის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იყოს უწინარესად ბავშვის ინტერესები (იხ. MANDET v. France, განაცხადის #30955/12, 14 იანვარი, 2016 წელი).
1.4.8. მამობის საკითხის განსაზღვრის კრიტიკული სიმწვავის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოიშველიებს ასევე ევროსასამართლოს მიდგომებს საქმეზე NAZARENKO v. Russia (საჩივარი #39438/13, 16 ივლისი, 2015 წელი), რომელიც შეეხებოდა ქორწინების განმავლობაში დაბადებული ბავშვისა და კანონიერი მამის უფლებას, როდესაც გენეტიკური კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ იგი არ წარმოადგენდა ბიოლოგიურ მშობელს, ხოლო, მშობლების განქორწინების შემდგომ არასრულწლოვნის დედა ცხოვრობდა ახალ პარტნიორთან ერთად. ევროკონვენციის მე-8 მუხლის კონტექსტში ადამიანის უფლებათა სასამართლომ განმარტა, რომ პირველ რიგში უნდა შეფასდეს არსებობდა თუ არა პირადი ან ოჯახური ურთიერთობების მსგავსი ურთიერთობები მომჩივანს და ბავშვს შორის. „ოჯახური ცხოვრების“ ცნება, კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, არ შემოიფარგლება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობებით და ასევე შეიძლება მოიცავდეს სხვა de facto „ოჯახურ“ კავშირებს (იხ. Anayo v. Germany, no. 20578/07, § 55, 21 დეკემბერი 2010). „ოჯახური კავშირების“ არსებობა ან არ არსებობა კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისათვის არსებითად დამოკიდებულია ახლო პირადი კავშირების რეალურად არსებობის ფაქტზე. (იხ. K. and T. v. Finland [GC], no. 25702/94, § 150, ECHR 2001-VII). მიუხედავად იმისა რომ კოჰაბიტაცია შეიძლება ასეთი ურთიერთობების მოთხოვნად იყოს მიჩნეული, სხვა გამოკვეთილი ფაქტორებიც არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს დემონსტრირება იმისა, რომ ურთიერთობები საკმარისად მყარია, რათა შექმნას de facto „ოჯახური კავშირი“ (იხ. Kroon and Others v. the Netherlands). ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვი დაიბადა მომჩივნისა და ნ-ს ქორწინების პერიოდში და რეგისტრირებული იყო როგორც მისი ქალიშვილი. მომჩივანს არანაირი ეჭვი არ ჰქონია ა-ს მამობასთან დაკავშირებით ისე ზრდიდა და ზრუნავდა მასზე ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. როგორც ბავშვზე ზრუნვის ორგანომ და ექსპერტმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, არსებობდა ახლო ემოციური კავშირი მომჩივანსა და ბავშვს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი და ბავშვი წლების განმავლობაში თავს მამად და ქალიშვილად მიიჩნევდნენ იქამდე, სანამ არ გამოაშკარავდა, რომ მომჩივანი არ იყო მისი ბიოლოგიური მამა, ასევე, მათ შორის არსებობდა ახლო პირადი კავშირები, სასამართლომ დაადგინა, რომ მათი ურთიერთობები წარმოადგენდა ოჯახურ ურთიერთობებს კონვენციის მე-8 მუხლის § 1-ის მიზნებისთვის. იქ სადაც ოჯახური კავშირების არსებობა დადგენილია, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეს კავშირი შენარჩუნდეს. მშობლისა და შვილის მიერ ურთიერთობების ორმხრივად შენარჩუნება წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს და ეროვნული ღონისძიებები, რომლებიც ხელს უშლიან მსგავსი ურთიერთობების შენარჩუნებას წარმოადგენს კონვენციის მე-8-ე მუხლით დადგენილ უფლებაში ჩარევას (იხ. მონორი Monory v. Romania and Hungary, no. 71099/01, § 70, 5 აპრილი 2005, K. and T. v. Finland), მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის პირველადი მიზანი არის დაიცვას ინდივიდი სახელმწიფო ორგანოების თვითნებური მოქმედებებისგან, ამასთანვე არსებობს ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ პოზიტიური ვალდებულება. ეს ვალდებულება შესაძლოა მოიცავდეს ისეთი მექანიზმების მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრების პატივისცემას ინდივიდებს შორის ურთიერთობისასაც კი, მათ შორის, ინდივიდის უფლებების სასამართლო რეგულირებისა და აღსრულების მექანიზმის დაცვისთვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს (იხ. Glaser v. the United Kingdom, no. 32346/96, § 63, 19 სექტემბერი 2000). კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს მშობლის უფლებას, მიიღოს ზომები საკუთარ შვილთან კავშირისა და ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით და სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებას, განახორციელონ მსგავსი მოქმედებები. ეს ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ურთიერთობის და ცხოვრების დავები ბავშვებთან დაკავშირებით წარმოიშობა მშობლებს და/ან ოჯახის სხვა წევრებს შორის (იხ. Manic v. Lithuania, no. 46600/11, § 101, 13 იანვარი 2015). როგორც უარყოფითი ისე პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსის დაცვა პირის სადავო ინტერსებსა და მთლიანად საზოგადოებას შორის; ორივე შემთხვევაში სახელმწიფო სარგებლობს თავისუფალი შეფასებით. მე-8 მუხლი მოითხოვს ეროვნული უწყებებისაგან დაიცვან სამართლიანი ბალანსი ბავშვისა და მშობლის ინტერსებს შორის და დაბალანსების პროცესში უმნიშვნელოვანესია ბავშვის საუკეთესო ინტერსების დაცვა, რომელიც მათი სერიოზულობისა და ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება უფრო უპირატესი იყოს, ვიდრე მშობლის (იხ. Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII; Płaza v. Poland, no. 18830/07, § 71, 25 იანვარი 2011). მითითებულ საქმეზე სასამართლომ უფლების დარღვევად მიიჩნია გარემოება, როდესაც მომჩივანს მამის უფლება ჩამოერთვა და მისი სახელი ამოიშალა ბავშვის დაბადების მოწმობიდან მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მისი ბიოლოგიური მამა არ იყო, ამის შემდგომ მომჩივანმა დაკარგა ბავშვთან კონტაქტის შესაძლებლობა, რადგან ამას ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის წევრი ქვეყნები ვალდებული იყვნენ, არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, დაედგინათ ბავშვის კავშირის შესაძლებლობა პირთან, რომელსაც მოპოვებული ჰქონდა „ოჯახური ცხოვრების“ უფლება. ამასთანავე, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქმის მასალებით მომჩივანის კონტაქტი ბავშის მიმართ რომ საზიანო იყო, არ დასტურდებოდა, შესაბამისად, დადგინდა „ოჯახური ცხოვრების“ პატივისცემის უფლების დარღვევა, რადგანაც არ არსებობდა ამ უფლებაში ჩარევის „აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
1.5. შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვნის კანონიერი მამის „ოჯახური ცხოვრების“ უფლებაში ჩარევა ქვემდგომმა სასამართლოებმა ისე განახორციელეს, რომ შეგებებულ მოსარჩელეს არ გაუქარწყლებია სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილი პრეზუმფცია ქორწინებაში დაბადებული ბავშვის მამობის თაობაზე, მას არ მიუთითებია ბავშის ბიოლოგიური მშობლის ვინაობა და სარწმუნოდ არ დაუდასტურებია ბავშვსა და ბიოლოგიურ მამას შორის მჭიდრო ემოციური კავშირის არსებობის ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამგავრი მიდგომა არ გამომდინარეობს არასრულწლოვნის ოჯახურ გარემოში აღზრდისა და ორივე მშობელთან ურთიერთობის ქონის შესაძლებლობიდან. მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ ბავშვსა და მოპასუხეს (შეგებებულ სარჩელზე) შორის ურთიერთობის ნეგატიური ფაქტორები საქმის მასალებით დადგენილი არ არის, ხოლო საკასაციო პალატა არ უარყოფს მცირეწლოვნის სამომავლო შესაძლებლობას წარმოშობის თვალსაზრისით თვითგამორკევის უფლებაზე. ამ გარემოებათა ანალიზის შედეგად პალატა თვლის, რომ გ.კ-ის ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩარევა გაუმართლებლად მოხდა და არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები.
1.6. შვილთან/შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება:
1.6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
1.6.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში ასახული „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“ და „ოჯახური ცხოვრების“ კონცეფციის ფართო გაგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის ურთიერთობა ერთ-ერთ მშობელსა და ბებიასთან არ შეიძლება მხოლოდ კანონის ფორმალურ დანაწესზე იყოს დამყარებული (რომ ამ პირებს კანონი ანიჭებთ სრულ შესაძლებლობასა და ვალდებულებას, ზრუნავდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ბავშვის აღზრდაში, ხოლო მეორე მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი, არ აქვს ამ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობა), ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომლის თანახმადაც ბავშვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი კასატორებთან და მისი ასაკის გათვალსიწინებით არ არის ჩამოყალიბებული ემოციური კავშირი. საკითხის გადაწყვეტის მიზნით ქვემდგომ სასამართლოებს არ დაუდგენიათ ის ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები, რაც ბავშვის ოჯახთან ინტეგრირებას შეუწყობს ხელს და არ არის დასახული გზები, ფსიქო-ემოციური გაუცხოების აღმოსაფხვრელად.
1.6.3. საკასაციო პალატა არ გამორიცხავს, რომ ბავშვის მამის/ბებიის გარემოში ადაპტაციის საკითხი შესაძლებელია ხანგძრლივი პერიოდის პერსპექტივაშიც იქნას შეფასებული, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ საკმაო პერიოდია გასული დავის აღძვრიდან, რაც ბავშვის ასაკობრივ ზრდასა და მით უფრო გაუცხოების ფაქტორს ზრდის, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ უნდა განკარგოს მათ შორის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ინკვიზიციურობის საპროცესო შესაძლებობა და სპეციალისტთა ინტენსიური და ხანგრძლივი დაკვირვების გზით უნდა გადაჭრას ურთიერთობის აღდგენის საკითხი გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით. ამ მხრივ სამწუხაროა ის ფაქტორი, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ქვემდგომმა სასამართლომ არ გამოიყენა დროებითი განკარგულების ინსტიტუტი, რამაც კიდევ გაზარდა მამა-შვილის, ასევე, სხვა ნათესავების გაუცხოება, თუმცა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არც სააპელაციო პალატის მხრიდან არ არის გამორიცხული ამ საშუალების გამოყენების შესაძლებლობა. ამასთანავე, ბავშვსა და მის ნათესავებს შორის გარკვეული ემოციური ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბების შემდგომ, ეს კვშირი უნდა შეფასდეს ფსიქოლოგის არა ერთჯერადი დაკვირვების შედეგადაც.
1.6.4. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოცემულ დავაში სოციალური მომსახურების სააგენტოს როლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის საქმეებზე მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს (სკ-ის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი ანალიზი ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება, აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამ პროცესში წარმომადგენლობა პასიური ქმედებებით არ შემოიფარგლება და არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩასატარებელი სამუშაოს ფორმალურ შესრულებაზე. მან ეფექტური გზით, პროფესიული კეთილსინდისიერებითა და სრული პასუხისმგებლობით უნდა გაწიოს სათანადო მუშაობა დასახული მიზნის მიღწევისათვის. ამგვარად კი, ვერ იქნება განხილული საქმეში წარმოდგენილი ორი დასკვნა, რომლებიც ბავშვის მშობელთა საცხოვრისის ფორმალურ აღწერასა და მოდავე სიბიექტთა ერთჯერადი გამოკითხვის შედეგებს ემყარება.
1.6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმის მასალებითა და გასაჩივრებული განჩინებით არ არის დადგენილი თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, ამ ნაწილში იგი მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია.
1.7. პროცესის ხარჯები:
1.7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
1.7.2. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ (მოთხოვნის ½ ნაწილში) დაკმაყოფილდა, პალატა თვლის, რომ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ხ. ა-ს გ. კ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი ბაჟის (150+300) ნახევარი _ 225 ლარი, რაც შეეხება თავდაპირველი სარჩელსა და ამ მოთხოვნის პროპორციულად გაღებულ ხარჯს, ვინაიდან ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება ქვემდგომ სასამართლოს, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ. და ნ. კ-ეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ხ. ა-ის შეგებებული სარჩელი გ. კ-ის მიმართ მამობის რეგისტრაციის გაუქმებისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. შვილთან/შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
5. ხ. ა-ს (პ/# ...) გ. კ-ის (პ/# ...) სასარგებლოდ დაეკისროს 225 ლარის გადახდა.
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური