Facebook Twitter

№ას-1104-1024-2017 31 ოქტომბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს „ს.ს.ბ.ს." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით, შპს „პ–ს“ განცხადება სასამართლოს მიერ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; სს „ს.ს.ბ.ს–ს“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ......., საკადასტრო კოდი ..... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა.

2. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

3.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უძრავი ქონება, რომლის მიმართაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (გასხვისება და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა), სს „ს.ს.ბ.ს–ს“ საკუთრებას წარმოადგენს (ტ.2. ს.ფ. 79-83). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით, ის სამართლებრივი გარანტიები შეიქმნებოდა, რომლითაც მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნას დასაბუთებულად და საფუძვლიანად მიიჩნევდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, დავის საგნის არარსებობის გამო.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

6. სსსკ-ის 264-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

7. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლო აღარ განიხილავს მხარეთა შორის მიმდინარე დავას და შეწყვეტს განხილვას საქმეზე, თუ გამოარკვევს, რომ დავის საგანი აღარ არსებობს.

8. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შპს „პ–ს“ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ასევე უდავოა, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, შპს „პ–ს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განსახილველ საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე და 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.ს.ბ.ს–ს" საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი