№ას-1094-1014-2017 31 ოქტომბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ბ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.კ., ქ.ც. (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი :
1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორის რაიონის ......, ს/კ # ... (შემდეგში სადავო უძრავი ქონება), ქ.ც–სა და ნ.კ.ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან მესაკუთრეები) თანასაკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 15), საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას ბ., ვ., ნ. და მ.ბ–ები (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან აპელანტები) ფლობენ.
3. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრეების ნებას ეწინააღმდეგება.
4. 2016 წლის 24 ივნისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელეების მტკიცებით, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მათ თანასაკუთრებად ირიცხება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები განაგრძობენ აღნიშნული ქონების უკანონოდ ფლობას და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მათ წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი. მათი განმარტებით, უძრავი ქონების მესაკუთრეები თავად არიან, ხოლო იპოთეკარებმა ისე გაასხვისეს სადავო უძრავი ქონება, რომ მათთვის არ შეუტყობინებიათ და ამიტომ, მათი მტკიცებით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ასევე, სსკ-ის 115-ე, 158-ე, 170-ე და 172-ე მუხლები.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ;
7.2 მართალია, 2014 წლის 10 ივნისიდან, მოპასუხეები საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები გახდნენ, თუმცა, ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები 2017 წლის ბოლომდე მოსარჩელეებს ვალს დაუბრუნდებდნენ, ისინი კვლავ აღირიცხებოდნენ სადავო ქონების მესაკუთრეებად;
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა;
8.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა, რომ მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად ირიცხებოდნენ. საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნამდვილობა კი, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, პალატის დასკვნებით, სადავო ნივთზე მოსარჩელეების საკუთრების უფლება უტყუარი და სრულია;
8.3. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტები არ წარმოადგენდნენ სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელებს, ვინაიდან, მათ არ მიუთითებიათ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე;
9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით, სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით. ყურადსაღები იყო, რომ მოპასუხემ მარწმუნებელზე მინდობილობა დანიშნულ სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე მიანიჭა, შესაბამისად, მას არ მიეცა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა;
9.2. სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, თუმცა უგულებელყო ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 (1) მუხლი, რომელშიც გათვალისწინებულია პირის უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლებისას საკუთრების „შეფერხებით სარგებლობის“ უფლება, იქამდე, სანამ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მისი საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილებას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
14.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
14.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
14.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამრიგად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეებს უფლება აქვთ, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მათთვის გადაცემა მოითხოვონ.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: # ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; # ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.ბ.ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბიჭიკო ბერუაშვილს (პ/ნ 59001107684) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქართლოს ჯობავას (პ/ნ 58001003564) მიერ 2017 წლის 11 აგვისტოს №13905434 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარისა და 2017 წლის 30 სექტემბერს №254 საგადახდო დავალებით გადახდილი 250 ლარის, სულ 300 70% – 210 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი