№ას-1083-1002-2017 31 ოქტომბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ.თ., პ.გ, ნ.დ., ბ.გ., ნ.გ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ქ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვ
აღწერილობითი ნაწილი :
1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ....., ს/კ ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან საცხოვრებელი სახლი), 2016 წლის 23 სექტემბრიდან რ.ქ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 14-15), საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას ლ.თ., ნ.დ., ბ., პ. და ნ.გ–ები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) ფლობენ.
3. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. 2016 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, მას სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება 2016 წლის 16 სექტემბრიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების საფუძველზე წარმოეშვა, რის შედეგადაც, 2016 წლის 23 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადავო ქონების მესაკუთრედ აღირიცხა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები განაგრძობენ საცხოვრებელი სახლის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათ არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) შესაგებელი წარადგინეს.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლი, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის # 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 42-ე მუხლები, ასევე, სსკ-ის 160-162, 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სადავო უძრავ ნივთზე ფლობისა და სარგებლობის უფლება მოპასუხეებს მინიჭებული თავად მოსარჩელისგან ჰქონდათ, შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის უკანონო ფლობას ადგილი არ ჰქონია;
7.2. მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ვალის გადახდის სანაცვლოდ, სადავო ქონების კვლავ მოსარჩელეების საკუთრებად აღრიცხვასთან დაკავშირებით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ვადა ამოწურული არ ყოფილა, მოსარჩელემ მაინც წარადგინა სარჩელი;
7.3. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიაქცია გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ვინაიდან, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების ავტომატურ რეჟიმში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა დაუშვებელი და კანონსაწინააღმდეგოა;
7.4. სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ვინდიკაციური მოთხოვნის შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა;
8.2. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტები არ წარმოადგენდნენ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს, ამდენად, პალატის დასკვნებით, ამ ქონების დაკავების უფლება მათ არ გააჩნდათ;
8.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა კომპონენტს აკმაყოფილებდა, ხოლო, ამავე კოდექსის 164-ე, 168-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეები ვალდებული იყვნენ, შეეწყვიტათ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მფლობელობა;
9. აღნიშნული განჩინება, 2017 წლის 28 ივლისის (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის, ასევე, საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე) ადგილზე თათბირით მიღებულ განჩინებებთან ერთად, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9.1. ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასეს ისინი;
9.2. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპები და სასარჩელო მოთხოვნაც უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა;
9.3. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა, ვინაიდან, მოსარჩელე არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ ორჯერ არ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე;
9.4. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობაც მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
14.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
14.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
14.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) ზედიზედ ორჯერ გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. ამ მხრივ, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები სააპელაციო მოთხოვნას არ ამართლებდა და, აქედან გამომდინარე, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები (სსსკ-ის 372-ე, 387-ე, 229-230-ე მუხლები).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: # ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; # ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.თ–ს, პ. გ–ის, ნ. დ–ის, ბ.გ–ის და ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.თ–ს (პ/ნ .....), პ.გ–ს (პ/ნ .....), ნ.დ–ს (პ/ნ .....), ბ.გ–ს (პ/ნ ....) და ნ.გ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეთ პ.შ–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის ქვითარი #1, გადახდის თარიღი 29.09.2017 წ. სს ,,თიბისი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი