Facebook Twitter

საქმე №ას-1100-1057-2016 9 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ნ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპაუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ნ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემკვეთი) მიმართ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების _ 219 611,97 ლარის ანაზღაურება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე წარმოადგენს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელთანაც 2013 წლის 18 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა ქ.წალენჯიხაში, თ-ის, ს-იას, მ-ის, კ-ას, შ-იას, ფ-ის, მ-ასა და კ-იას სახელობის ცენტრალური მოედნის შავის საფარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება 2013 წლის 20 დეკემბრამდე. 2013 წლის 16 დეკემბრის ცვლილების თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 15 მაისამდე, თავის მხრივ, შემკვეთმა იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოებისა და ინსპექტირების ჯგუფის დადასტურებული მოცულობის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე, მისი წარდგენიდან 10 დღეში გადაეხადა სამუშაოს ღირებულება, რომლის ჯამურმა ოდენობამაც შეადგინა 1 486 385 ლარი. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, სამუშაოს მიღებისათვის სავალდებულო იყო ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარდგენა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზის გამო, ექსპერტიზამ დასკვნა არ გასცა მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული ტექნოლოგიური წესების გამოყენების გამო, შესაბამისად ამისა, კვლევისათვის მენარდემ მიმართა შპს „კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიის“ საგამოცდო ლაბორატორიას, რომლის დასკვნებითაც დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ სამუშაოები სათანადო ტექნოლოგიური წესების დაცვით შეასრულა. სამუშაოების წარმოება დასრულდა 2014 წლის 15 მაისს. სამუშაოების შესრულების ყოველ ეტაპზე განხორციელდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რომელთა დადასტურების შემთხვევაშიც, თანხა ირიცხებოდა მენარდის ანგარიშზე. შემკვეთმა აანაზღაურა მხოლოდ მისი ნაწილი _ 1 263 221,68 ლარი, რაც შეეხება 219 611,97 ლარს, იგი აღიარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით, თუმცა, ამ ვალდებულებას მოპასუხე არ ასრულებს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემფარხებელი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ, ხელშეკრულების 2.3. პუნტის თანახმად საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო იყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის დადასტურება სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებოდა მოსარჩელეს. ამ უკანასკნელმა კი, ხელშეკრულებთ ნაკისრი დადასტურების ვალდებულება ვერ უზრუნველყო. მოპასუხემ იხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 5.11. პუნქტით, რომლის თანახმადაც შემკვეთი უფლებამოსილია, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენამდე შესრულებული სამუშაოზე შეაჩეროს საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 15%-ის ოდენობით. ინსპექტირების ჯგუფის 2015 წლის 6 იანვრის #1/2 აქტის თანახმად, მიზანშეუწონლადაა მიჩნეული მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა ზემოხსენებული დასკვნის წარმოდგენამდე, ხოლო, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ინსპექტირების ჯგუფის მიერ გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება საკუთარი ხარჯით ეკისრება მენარდეს. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიუხედავად, შემკვეთმა ვერ უზრუნველყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საფუძველსაა მოკლებული. გარდა ამისა, მენარდემ გადააცილა სამუშაოს შესრულების ვადას, რის გამოც მოპასუხემ არაერთხელ გაფრთხილა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, წარედგინა შესაბამისი დასკვნა და გადაეხადა პირგასამტეხლო, ამ ვალდებულებათა დარღვევის გამო კი, შემკვეთმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და უარი განაცხადა დარჩენილი თანხის გადახდაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის პრეტენზიები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ნორმის მე-2 ნაწილის გვთავაზობს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, თუ რა განიხილება სამართლის ნორმის დარღვევად, მათ შორისაა სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი განმარტება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ძალით კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

1.2. საკასაციო განხილვის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერება, რომლის ფარგლებშიც მენარდე აცხადებს, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, ხოლო შემკვეთი, რომელმაც ფაქტობრივად მიიღო შესრულება, დაუსაბუთებლად აცხადებს უარს შემხვედრ შესრულებაზე. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, საზღაურის სრულად გადახდაზე უარს ასაბუთებს იმით, რომ მენარდემ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების წარდგენით არ დაადასტურა სამუშაოს ჯეროვანი შესრულების ფაქტი, რის გამოც იგი გავიდა ხელშეკრულებიდან და აღარ არსებობს შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები.

1.3. ქვემდგომმა სასამართლოებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უმთავრეს წინაპირობად მიიჩნიეს სწორედ ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, ვერ შეძლო შესრულებული სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხთან შესაბამისობის დადასტურება. სასამართლოების ამ დასკვნას არ ეთანხმება მენარდე და პრეტენზიას აცხადებს საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის არასათანადო შეფასებაზე.

1.4. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.4.1. 2013 წლის 18 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... (20570) ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ქ.წალენჯიხაში, თ-ის, ს-იას, მ-ის, კ-ას, შ-იას, ფ-ის, მ-ას ქუჩებისა და გ.კ-იას სახელობის ცენტრალური მოედნის შავი საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც შემდგომში დაემატა ე-სა და მ-იას ქუჩის ასფალტის საფარის მოპირკეთება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 1 486 385 ლარით. შესრულების საბოლოო ვადა _ 2014 წლის 1 მაისამდე, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა _ 2014 წლის 15 მაისამდე;

1.4.2. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე ინსპექტირების ჯგუფის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიღების აქტი) და დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მათი წარდგენიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, რომლის წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა მენარდეს;

1.4.3. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, მსგავსი სამუშაოებისათვის უკვე არსებული სტანდარტებისა და მოპასუხის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული წესებისა და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში, მენარდე ვალდებული იყო, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, ხოლო შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, არ მიეღო სამუშაო ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოეყენებინა ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. ნებისმიერი გადახრა ან ცვლილება ამ ხელშეკრულების პირობებში დაიშვებოდა მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების საფუძველზე (ხელშეკრულების 15.1. პუნქტი). გარდა ამისა, შემკვეთი უფლებამოსილი იყო, ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე შესრულებულ სამუშაოებზე შეეჩერებინა საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 15%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 5.11. პუნქტი). სარჩელით მოთხოვნილი თანხა _ 219 611,97 ლარი, სწორედ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 15%-ს შეესაბამება;

1.4.4. 2015 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელემ წერილით მიმართა შემკვეთს და აღნიშნა რომ 2013 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გამოკვლევა ჩაატარა რუსული გოსტ-ის მიხედვით. ექსპერტიზის დასკვნით მიჩნეული იქნა, რომ ასფალტის ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა „გოსტ 9128-84“ მოთხოვნებს, რის გამოც სამუშაოების ღირებულების დადგენა შეუძლებელი იყო. აღნიშნულის შემდეგ, მენარდემ წალენჯიხის ზოგიერთ ქუჩებზე (შ-იას, ფ-ისა და თ-ის ქუჩა) ამოჭრა კერნები და ჩაატარა მათი ლაბორატორიული კვლევა აკრედიტაციის მქონე შპს „კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიის“ საგამოცდო ლაბორატორიაში, რომლის დასკვნითაც დგინდება, რომ ასფალტობეტონის ნარევები აკმაყოფილებდა გერმანული სტანდარტის მოთხოვნებს;

1.4.5. ინდ.მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტ „დ-ის“ 2016 წლის 20 იანვრის #002/0-1 დ.რ. დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი გაეცნო შესრულებული სამუშაოს შესახებ დამკვეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის #45 დადგენილებით, საქართველოში სამოქმედოდ დასაშვებად იქნა მიჩნეული გერმანიის რესპუბლიკაში მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები. 2014 წლის 14 იანვრის #52 დადგენილებით დამატებით, დროებით სამოქმედოდ დაიშვა ყოფილ საბჭოთა კავშირში 1992 წლამდე მოქმედი და შემდგომ პერიოდში მოდიფიცირებული სამშენებლო ნორმები და წესები, თუმცა #52 დადგენილებას არ გაუბათილებია ან არ აუკრძალავს 2006 წლის 24 თებერვალს მიღებული #45 დადგენილებით დასაშვები ნორმები და წესები, რისი გათვალისწინებით, გერმანიის რესპუბლიკაში მოქმედი ნორმები და წესები დღესაც მისაღებად უნდა ჩაითვალოს.

1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, არამედ, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი სადავოდ ხდის სამუშაოს შესრულების დადასტურების მიზნით მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების მართლზომიერებას.

1.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის შედავებას ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. ამ მხრივ, პალატა ჯერ დავის მატერიალურ-სამართლებრივ, ხოლო შემდგომ საპროცესო წესებზე გაამახვილებს ყურადღებას:

1.6.1. უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. უდავოა ისიც, რომ მხარეები შეთანხმდნენ ანაზღაურების ოდენობასა (სკ-ის 630-ე მუხლი) და წესზე (სკ-ის 648-ე მუხლი), რომლის ფარგლებშიც განსაზღვრეს, რომ სამუშაოს შესრულების ხარისხი და ოდენობა უნდა დადასტურებულიყო სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნით (სკ-ის 641-ე მუხლი).

1.6.2. მოსარჩელე აცხადებს, რომ მან ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, რის მიუხედავადაც მოპასუხე არ ანაზღაურებს შეთანხმებულ საზღაურს სრულად. სარჩელშივეა განმარტებული, რომ სამუშაოს ჯეროვანი შესრულების ფაქტი სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ვერ დაადასტურა სათანადო მეთოდოლოგიის არარსებობის გამო, ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით კი, დგინდება, რომ შესრულებას არ გააჩნია ნივთობრივი ნაკლი.

1.6.3. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლის შესწავლით დასტურდება, რომ შემკვეთი დარჩენილი საზღაურის გადახდაზე უარს ასაბუთებს ნარდობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ პირდაპირ გათვალისწინებული მტკიცებულების _ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარუდგენლობით და განმარტავს, რომ ინსპექტირების ჯგუფმა ამ საფუძვლით არ გააფორმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ეკისრებოდა მენარდეს საკუთარი ხარჯით, რაც არ განუხორციელებია, ამ, ასევე, ვალდებულების დარღვევის საფუძვლით კი, მოპასუხე გავიდა ხელშეკრულებიდან და ისარგებლა შეთანხმების 5.11. პუნქტით (შემკვეთი უფლებამოსილია, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენამდე შესრულებული სამუშაოზე შეაჩეროს საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 15%-ის ოდენობით).

1.6.4. არსებული ფაქტობრივი მოცემულობის საპროცესო-სამართლებრივი მხარის შეფასების მიზნით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1. მუხლი). შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საპროცესო თავდაცვის საშუალებად ადგენს მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარდგენის უფლებას, რომელიც საქმის მომზადების ეტაპზე უნდა იქნეს წარდგენილი და პასუხობდეს კანონის მოთხოვნებს: მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები). აღნიშნული საპროცესო წესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაგებლით შეუდავებელ ფაქტებს სასამართლოს მოსამზადებელი ეტაპის ამოწურვის შემდგომ ვეღარ გახდის სადავოდ მოპასუხე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ბუნებრივია, ამ საპროცესო სტანდარტის დადგენა გავლენას ახდენს სასამართლო კვლევის საგანზე, რაც იმას ნიშნავს, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, მტკიცებულებათა კვლევას ახორციელებს არა საკუთარი, არამედ, მხარეთა მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში და ამ მხრივ ადგენს საქმის გადაწვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა-არარსებობას.

1.6.5. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ 2016 წლის 11 მარტს რაიონულმა სასამართლომ დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა და ამ დრომდე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხის მხრიდან დამატებითი შედავების წარდგენა არ იკვეთება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როგორც პირველი ინსტანციის, ისე _ სააპელაციო სასამართლო გასცდა შეფასების საგანს და შესაგებელში შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებში საკუთარი ინიციატივით მიიჩნია არასაკმარისად მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით წარდგენილი ალტერნატიული კვლევის შედეგები. მტკიცებულებათა შეფასების ზემოხსენებული საპროცესო წესებიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს პალატა ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტის კვლევის უარყოფას იმ საფუძლით, რომ „დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ თეორიულ საფუძვლებს; დამოუკიდებელ ექსპერტს პირადად არ შეუმოწმებია ადგილზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი; არ ჩაუტარებია ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესასწავლად საკონტროლო ღონისძიებები; ექსპერტის მიერ დასკვნა მიღებულია, მხოლოდ წარმოდენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე; წარმოდგენილი დოკუმენტაცია კი მოიცავდა მხოლოდ, შპს „ნ-ის“ მიერ, გადამოწმების მიზნით, წალენჯიხის ზოგიერთ ქუჩებზე კერძოდ: შ-იას, ფ-ისა და თ-ის ქუჩებზე ამოჭრილ კერნებს და კვლევის დროს არ არსებობდა კ-ას, მ-ის, მ-ას, ს-იას, ე-ს, მ-იას ქუჩებისა და გ.კ-იას ცენტრალური მოედნიდან აღებული ნიმუშები. გარდა ამისა, დასკვნაში გამოყენებულია გაუქმებული ადმინისტრაციული აქტები და მასში არ არის მსჯელობა შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხის მაჩვენებელზე“. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომლის თანახმადაც, სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის კვლევის თანახმად, შესრულებული სამუშაო იმ დროს მოქმედი ასფალტის საფარის ხარისხის მოქმედ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა. საკასაციო სასამართლო ამ საკითხის სწორი ანალიზის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს, შეაფსოს ხელშეკრულებით სამუშაოს ხარისხის განმსაზღვრელი წესი. საქმეში წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს მოცულობა და ხარისხი მენარდეს სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარდგენით უნდა დაედასტურებინა. ხელშეკრულების ეს დებულება, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხედველობაში იქნას მიღებული მისი დანიშნულება და ის, თუ რა შედეგის მიღწევას ისახავდნენ მიზნად მხარეები არსებით პირობებზე შეთანხმებისას, რადგანაც ხელშეკრულების დებულების უკრიტიკოდ გაზიარება ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. უდავოა ის ფაქტი, რომ შეთანხმებული მტკიცებულების წარდგენა სამუშაოს ხარისხის განსაზღვრის მიზანს ემსახურება, თავის მხრივ, ნარდობის ხელშეკრულების სპეციფიკას წარმოადგენს უნაკლო ნივთის დამზადების ვალდებულება, თუ ხელშეკრულების საგანს ნაკეთობის დამზადება წარმოადგენს (სკ-ის 639-ე მუხლი). კანონმდებელი გვთავაზობს ნივთობრივი ნაკლის არაპირდაპირ დეფინიციას და 641-ე მუხლით ადგენს, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საექსპერტო დაწესებულების კვლევის შედეგებისადმი კონტრაჰენტის მაღალი სანდოობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მხარეთა წინასწარი შეთანხმება სრულად ექცეოდეს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპით დაცულ სფეროში (სკ-ის 327-ე მუხლი), თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც კვლევის ჩატარებას ვერ ახერხებს ექსპერტი გარკვეული მიზეზით, ეს გარემოება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მენარდეს და წაერთვას შესაძლებლობა, სხვა სპეციალისტის/ექსპერტის მიერ ნაწარმოებ კვლევაზე დაყრდნობით ადასტუროს მოვალეობის ჯეროვანი შესრულების ფაქტი. კანონის სხვაგვარი განმარტება მიგვიყვანდა სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით გარანტირებული კერძო ხასიათის ურთიერთობაში დამკვიდრებულ „პირთა თანასწორობის“ პრინციპის უარყოფამდე. საკასაციო პალატა მიუბრუნდება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.4.4.; 1.6.3. და 1.6.4. პუნქტებში განვითარებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შემკვეთის დასაბუთებული შედავების არარსებობის პირობებში გასაზიარებელია მოსარჩელის პოზოცია სამუშაოს უნაკლოდ შესრულების შესახებ. ამ დასკვნის საპირისპიროდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, შემკვეთს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გერმანული სტანდარტით შესრულებული შავი საფარის სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს და გოსტ 9128-84 სტანდარტთან შედარებით, იგი გამოყენებისათვის არ არის ვარგისი.

1.6.6. ზემოთ განვითარებული მსჯელობის საპირიპიროდ, სარჩელის უარსაყოფად ვერ გამოდგება მოპასუხის შედავება, მოსარჩელის მხრიდან სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელობის გამო შემკვეთის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. ამ შემთხვევაში, უპირველესად, უნდა აღინიშნოს ის, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები, მეორად მოთხოვნამდე კრედიტორს ანიჭებენ სრულ შესაძლებლობას, მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება ასეთის დამტკიცების შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის 642-ე, 643-ე და 645-ე მუხლები), ხოლო 644-ე მუხლით ნაკეთობის ნაკლის გამო ხელშეკრულებიდან გასვლა დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება პირველადი მოთხოვნის შესრულების კანონისმიერი რესურსები (სკ-ის 405-ე მუხლის წინაპირობები). მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთს შესაგებელში არ მიუთითებია, რომ ის ნაკლიანი შესრულების გამო გავიდა ხელშეკრულებიდან და ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად დაიცვა დამატებითი ვადის განსაზღვრის წინაპირობები, უფრო მეტიც, მოპასუხის შედავების თუნდაც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გაზიარება არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მენარდემ ნაკლიანი შესრულება განახორციელა, იგი საკუთარ პოზიციას ამყარებს მხოლოდ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარუდგენლობაზე, ასევე აღნიშნავს, რომ არ მომხდარა ფორმა #2-ებისა და „სხვა დოკუმენტების“ წარდგენა. რაც შეეხება ვადის გადაცილებით გამოწვეული ჯარიმის საკითხს, შეგებებული სარჩელის არარსებობის პირობებში მას საკასაციო პალატა ვერ განიხილავს.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასების ნაწილში წარმოადგინა დასაშვები საკასაციო პრეტენზია, რომლის ანალიზი იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საფუძველს. ამასთანავე, რადგანაც არც შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ოდენობა და არც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის სადავო არაა (არ იკვეთება სსსკ-ის 412-ე მუხლით განსაზღვრული საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, პალატა უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მენარდემ სამუშაოს ჯეროვანი შესრულების ფაქტის დადასტურება შეძლო სათანადო მტკიცებულებით, რომლის წინააღმდეგაც შემკვეთს არსებითი შესაგებელი არ აქვს წარმოდგენილი, სასამართლო თვლის, რომ არსებობს მენარდის სარჩელის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

2.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე სულ 13 000 ლარი გადაიხადა, ამ თანხის ანაზღაურება, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს მოპასუხეს მენარდის სასარგებლოდ.

2.3. რაც შეეხება სააპელაციო სამართალწარმოებისას გადავადებულ სახელმწიფო ბაჟს _ 7 000 ლარს, ვინაიდან მოპასუხე, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაცია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია, ამ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ნ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს „ნ-ის“ სარჩელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, 2013 წლის 18 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ს/კ #...) შპს „ნ-ის“ (ს/კ #...) სასარგებლოდ დაეკისროს 219 611,97 ლარის გადახდა.

5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ს/კ #...) შპს „ნ-ის“ (ს/კ #...) სასარგებლოდ ასევე დაეკისროს პროცესის ხარჯის _ 13 000 ლარის ანაზღაურება.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი