საქმე №ა-4678-შ-88-2012 18 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – „ო-ი“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია); „ო-ი“; სს „ო-ი“ (რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია)
მოსარჩელეთა წარმომადგენელი – გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ა
შუამდგომლობის ავტორთა მოთხოვნა – დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების (მოპასუხე ვ. გ-ას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანებით მოსარჩელეების: „ო-ის“, „ო-ისა“ და სს „ო-ის“ (მოსარჩელეების) განცხადების საფუძველზე მიღებულ იქნა განკარგულება მოპასუხეების, მათ შორის -ვ. გ-ას წინააღმდეგ ქონების დაყადაღების შესახებ.
მოსარჩელეების - „ო-ის“, „ო-ისა“ და სს „ო-ის“ წარმომადგენელმა გ. გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთმითითებული ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება მოპასუხე ვ. გ-ას ქონების დაყადაღების შესახებ, კერძოდ, მითითებული ბრძანების შემდეგი პარაგრაფები:
3. სასამართლოს მიერ მომდევნო ბრძანების მიღებამდე, მოპასუხე ვ. გ-ას ეკრძალება ქვემოთ მოცემული ქონების რაიმე სახით განკარგვა ან ღირებულების შემცირება:
3.2. 160 000 000 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ცნობილ თანხას, დაკავშირებულს 2011 წლის 14-დან 18 მარტამდე პერიოდში მეორე მოსარჩელის („ო-“) მიერ ან მისი სახელით „ადმანტ ქეფითალ პართნერზ ეი.დისთვის“ (ადმანტ) გადახდილ 213 468 750 აშშ დოლარის თანხასთან; ან
3.3. ზემოხსენებული თანხიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი ან მოგება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს:
3.3.1. ზემოხსენებული თანხის ან მისი ნაწილის საშუალებით შეძენილ ნებისმიერ აქტივს;
3.3.2. ზემოხსენებული თანხიდან წარმოშობილ ნებისმიერ პროცენტს, შემოსავალს ან დივიდენდს.
6. სასამართლოს მიერ მომდევნო ბრძანების გაცემამდე, მოპასუხე ვ. გ-ას ეკრძალება ინგლისის ან უელსის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული 160 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნებისმიერი აქტივის ღირებულების შემცირება.
7. პარაგრაფი 6 გამოიყენება მოპასუხე ვ. გ-ას აქტივებთან მიმართებაში განურჩევლად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ისინი მის სახელზე, ფლობს თუ არა მათ მოპასუხე და აქვს თუ არა მოპასუხეს კანონიერი, ბენეფიციალური თუ სხვაგვარი დაინტერესება ამ აქტივებთან დაკავშირებით. წინამდებარე ბრძანების მიზნებისათვის მოპასუხის აქტივები მოიცავს ნებისმიერ აქტივს, რომლის პირდაპირ თუ არაპირდაპირ განკარგვის უფლება გააჩნია მოპასუხეს ან რომლის განკარგვაც მას შეუძლია როგორც საკუთარი აქტივებისა. ჩაითვლება, რომ მოპასუხეს აქვს ასეთი უფლებამოსილება, თუ მესამე პირი ფლობს ან აკონტროლებს აქტივს მოპასუხის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინსტრუქციების შესაბამისად.
8. ეს აკრძალვა მოიცავს შემდეგ აქტივებს:
8.1. წინამდებარე ბრძანების დანართ ბ5-ში განსაზღვრულ შემდეგ აქტივებს:
1. ნებისმიერი დაინტერესება შემდეგ ქონებაში:
ა. ქონება ლონდონში (მისამართი უცნობია);
ბ. ქონება საქართველოში, თბილისი, 0179, ფ-ის 32, ბინა №...;
2. ნებისმიერი წილი ან ინტერესი შემდეგ კომპანიებში:
ა. „თ-ი“;
ბ. „KD შ-გ“;
გ. „ტ-დ“;
3. ნებისმიერი თანხა ან ინტერესი შემდეგ ანგარიშებთან დაკავშირებით:
„თ-“
ა. ანგარიშის #... Clariden Leu Bahamas;
ბ. ანგარიშის #..., ლ-ი, საქართველო;
„თრემილეტ ინთერნეშენალ ლიმითიდ“
ა. ანგარიშის ნომერი CH ... Clariden Leu Zurich;
ბ. ანგარიშის ნომერი CH ... Clariden Leu Zurich;
„KD შ-გ“
ა. A. Cuprus Limited;
„ჯასპენ ქეფითალ ლიმითიდ“
ა. ING Bank Slaski SA, ანგარიშის №PL ...;
ბ. Raiffeisen Zent, Vienna, ანგარიშის №АТ...;
გ. Raiffeisen Zent, Vienna, ანგარიშის №....
4. ნებისმიერი დაინტერესება მოძრავ ქონებაში: A-r;
5. ნებისმიერი წილის ან სხვა ინტერესი შემდეგ კომპანიებში:
ა. „ბ-ნ ლიმითიდ“;
6. ნებისმიერი თანხა ან სხვა ინტერესი შემდეგ ანგარიშებზე:
თ. გ-ა
ა. ანგარიშის ნომერი ... – Barclay Bank Seychelles „ბ-დ“;
ბ. ანგარიშის ნომერი ... – Barclay Bank Seychelles;
8.2. ტრასტის ან მსგავსი სამართლებრივი სუბიექტის მეშვეობით მიღებული პროცენტი (ინტერესი), მათ შორის, ნებისმიერი ინტერესი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დანიშვნის, დისკრეციის ან სხვაგვარი უფლებამოსილების გამოყენების შედეგად.
(1) თუ ინგლისსა და უელსში განთავსებული მოპასუხის ყოველგვარი დატვირთვისაგან და სხვა უზრუნველყოფისაგან თავისუფალი აქტივების საერთო ღირებულება (დაუტვირთავის ღირებულება) აჭარბებს 160 მილიონ აშშ დოლარს, მოპასუხეს შეუძლია, გაიტანოს ნებისმიერი ასეთი აქტივი ინგლისიდან და უელსიდან ან განკარგოს ისინი იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოპასუხის ინგლისსა და უელსში დარჩენილი აქტივების საერთო დაუტვირთავი ღირებულება აღემატება 160 მილიონ აშშ დოლარს.
(2) თუ ინგლისში განთავსებული მოპასუხის აქტივების მთლიანი დაუტვირთავი ღირებულება არ აღემატება 160 მილიონ აშშ დოლარს, მას ეკრძალება რომელიმე ასეთი აქტივის გატანა ინგლისიდან და უელსიდან ან მათი რაიმე სახით განკარგვა. თუ მოპასუხეს აქვს სხვა აქტივები ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ, მას შეუძლია, ასეთი აქტივების განკარგვა ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ იმ პირობით, რომ (i) ისინი არ არის გათვალისწინებული მე-3 პარაგრაფით და (ii) ინგლისსა და უელსში ან მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა აქტივის საერთო დაუტვირთავი ღირებულება აღემატება 160 მილიონ აშშ დოლარს.
11. გამონაკლისები
(1) ეს ბრძანება არ უკრძალავს მოპასუხე ვ. გ-ას, საცხოვრებელი ხარჯების სახით დახარჯოს კვირაში 1000 ფუნტი სტერლინგი, ასევე, მას შეუძლია გაიღოს გონივრული თანხა იურიდიული კონსულტაციისათვის და მისი ინტერესების წარმოდგენისათვის იმის გათვალისწინებით, რომ:
(ა) ასეთი ხარჯები არ გაიღება ზემოხსენებულ მე-3 პარაგრაფში განსაზღვრული ქონების დაყადაღების ბრძანების შესაბამისად დაყადაღებული ფულიდან და/ან აქტივებიდან; და
(ბ) ნებისმიერ შემთხვევაში, ხარჯების გაღებამდე მოპასუხე ვალდებულია, შეატყობინოს მოსარჩელთა კანონიერ წარმომადგენლებს ფულის წარმომავლობის შესახებ.
(2) წინამდებარე ბრძანება არ უკრძალავს მოპასუხე ვ. გ-ას მისი აქტივების რაიმე სახით განკარგვას საქმიანობის ჩვეული წესით წარმოების პროცესში, გარდა იმ ფულისა და/ან აქტივების განკარგვისა, რომელიც დაყადაღებულია ზემოხსენებულ მე-3 პარაგრაფში განსაზღვრული ქონების დაყადაღების შესახებ ბრძანების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, ფულის და/ან აქტივების საქმიანობის ჩვეული წესით წარმოების პროცესში განკარგვამდე მოპასუხემ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებს.
(3) მოპასუხეს შეუძლია, შეუთანხმდეს მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებს ზემოთ განსაზღვრული სახარჯო ფულის ოდენობის გაზრდაზე ან წინამდებარე ბრძანებაში რაიმე სხვა სახის ცვლილებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით.
(4) ბრძანება დაკარგავს ძალას მოპასუხის წინააღმდეგ, თუ მოპასუხე:
(ა) წარმოადგენს უზრუნველყოფას 160 მილიონი აშშ დოლარის სასამართლოსათვის გადახდის გზით, რომელიც იქნება სასამართლოს განკარგულებაში; ან
(ბ) იმავე თანხის უზრუნველყოფას წარმოადგენს მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებთან შეთანხმებული სხვა საშუალებით.
14. მოპასუხე ვ. გ-ამ, რომელსაც უბრძანეს არ განახორციელოს ესა თუ ის ქმედება, არ უნდა განახორციელოს ასეთი ქმედება არც პირადად და არც რაიმე სხვა გზით. მან არ უნდა განახორციელოს ასეთი ქმედება იმ პირთა საშუალებით, რომლებიც მოქმედებენ მისი სახელით ან მისი ინსტრუქციების შესაბამისად ან მისი წახალისებით.
17. წინამდებარე ბრძანება არ ზღუდავს ნებისმიერ ბანკს, გამოიყენოს ჩათვლის უფლება, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს წინამდებარე ბრძანების შესახებ შეტყობინების მიღებამდე მოპასუხისათვის გაცემულ რომელიმე კრედიტთან დაკავშირებით.
18. არც ერთ ბანკს არ ესაჭიროება მოპასუხის მიერ ფულის გამოტანასთან დაკავშირებული განცხადების შესახებ ინფორმაციის მოძიება, თუ ასეთი გამოტანა ნებადართულია წინამდებარე ბრძანებით.
19. ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ არსებული პირები
(1) გარდა ქვემოთმოცემულ მე-2 პარაგრაფში განსაზღვრულისა, ამ ბრძანების პირობები არ მოახდენს გავლენას რომელიმე პირზე, რომელიც არ ექვემდებარება ამ სასამართლოს იურისდიქციას.
(2) წინამდებარე ბრძანების პირობები ძალაშია ამ სასამართლოს იურისდიქციის გარეთ მყოფი შემდეგი პირებისათვის:
(ა) მოპასუხე ან მინდობილობის საფუძველზე მოქმედი მისი თანამდებობის პირები ან აგენტები;
(ბ) ნებისმიერი პირი:
(i) რომელიც ექვემდებარება ამ სასამართლოს იურისდიქციას;
(ii) რომელმაც ამ სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში მიიღო წერილობითი შეტყობინება ამ ბრძანების შესახებ თავის საცხოვრებელ ან სამუშაო მისამართზე;
(iii) რომელსაც შეუძლია, ხელი შეუშალოს ქმედებას ან უმოქმედობას ამ იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოადგენს ან ხელს უწყობს ამ ბრძანების პირობების დარღვევას; და
(გ) ნებისმიერი სხვა პირი, იმ შემთხვევაში, თუ ეს ბრძანება აღსრულებადია ან აღსრულებულია ამ ქვეყნის სასამართლოს მიერ.
20. ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ განლაგებული აქტივები.
წინამდებარე ბრძანების არც ერთი დებულება, დაკავშირებული ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ განლაგებულ აქტივებთან, არ შეუშლის ხელს რომელიმე მესამე მხარეს იყოს შესაბამისობაში:
(1) იმასთან, რასაც იგი გონივრულად მიიჩნევს თავის ვალდებულებად, იქნება ეს საკონტრაქტო თუ სხვა ვალდებულება, იმ ქვეყნის კანონებისა და ვალდებულებების შესაბამისად, რომლებშიც განლაგებულია ასეთი აქტივები ან მასა და მოპასუხეს შორის დადებულ კონტრაქტთან მიმართებაში მოქმედი კანონით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისად და
(2) ასეთი ქვეყნის სასამართლოების ბრძანებებთან იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ბრძანების გამოყენების შესახებ შეტყობინება გაეგზავნება მოსარჩელეების ადვოკატებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით ვ. გ-ასა და ნ. ც-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის Nა-4678-შ-88-2012 განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზემოხსენებული განჩინება, ასევე, გაუქმდა ამ განჩინების საფუძველზე 2013 წლის 15 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და განახლდა საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ „ო-ის“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია), „ო-ისა“ და სს „ო-ის“ (რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია) შუამდგომლობა ვ. გ-ას მიმართ დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების თაობაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა. ამ საკითხის მარეგულირებელ ზოგად დებულებას ადგენს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელის უზრუნველყოფისას საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია. რაც შეეხება უშუალოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას შესაფასებელ გარემოებებს, მათ ადგენს ამავე კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები და ძირითად პრინციპი ასეთია:
საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხევებისა (68-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ:
ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები;
გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში;
დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება;
ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს;
ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი;
ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, თუ იგი ქონებრივ უფლებებს არ ეხება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის მათი ადგილობრივი განსჯადობა.
თუ სამართალწარმოება მიმდინარეობს „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია საქართველოში ამ საქმის დამთავრების შემდეგ.
სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას.
შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე, ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონის ზემოხსენებულ დანაწესებს სრულად შეესაბამება და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას ექვემდებარება დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც:
I სასამართლოს მიერ მომდევნო ბრძანების გამოცემამდე ვ. გ-ას აეკრძალა ქვემოთ მოცემული ქონების რაიმე სახით განკარგვა ან ღირებულების შემცირება:
ა) „ო-ის“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნზულებზე დაფუძნებული კომპანია) მიერ ან მისი სახელით 2010 წლის 22 ნოემბერს „თ-ის“ ანგარიშზე გადახდილი 23 000 000 აშშ დოლარი (კლარიდენ ლიუ ლიმითიდ, ციურიხი, შვეიცარია (კ-ის მეშვეობით, ანგარიშის #...));
ბ) 160 000 000 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ცნობილ თანხას, დაკავშირებულს 2011 წლის 14-დან 18 მარტამდე პერიოდში „ო-ის“ მიერ საკუთარი სახელით „ა- ეი.დი-სათვის“ გადახდილ 213 468 750 აშშ დოლართან;
გ) ზემოხსენებული თანხებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი ან მოგება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს:
გ.ა.) ამ თანხებით ან მათი ნაწილის საშუალებით შეძენილ ნებისმიერ აქტივს;
გ.ბ.) ამ თანხებიდან წარმოშობილ ნებისმიერ პროცენტს, შემოსავალს ან დივიდენდს.
II სასამართლოს მიერ მომდევნო ბრძანების გამოცემამდე ვ. გ-ას აეკრძალა:
ა) ინგლისისა და უელსის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული 160 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ნებისმიერი აქტივის ღირებულების შემცირება;
ბ) ტრასტის ან მსგავსი სამართლებრივი სუბიექტის მეშვეობით მიღებული პროცენტის (ინტერესი), მათ შორის ნებისმიერი ინტერესის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დანიშვნის, დისკრეციის ან სხვაგვარი უფლებამოსილების გამოყენების შედეგად, შემცირება.
III ეს ბრძანება არ უკრძალავს ვ. გ-ას საცხოვრებელი ხარჯების სახით დახარჯოს კვირაში 1 000 ფუნტ სტერლინგი, ასევე, გაიღოს გონივრული თანხა იურიდიული კონსულტაციისათვის საკუთარი ინტერესების წარმოსადგენად იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) ასეთი ხარჯები არ გაიღება ზემოხსენებული პარაგრაფით (ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) დაყადაღებული ფულიდან ან/და აქტივებიდან;
ბ) ნებისმიერ შემთხვევაში, ხარჯების გაღებამდე ვ. გ-ა ვალდებულია, შეატყობინოს მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებს ფულის წარმომავლობის შესახებ;
გ) წინამდებარე ბრძანება არ უკრძალავს ვ. გ-ას მისი აქტივების რაიმე სახით განკარგვას საქმიანობის ჩვეული წესით წარმოების პროცესში, გარდა იმ ფულისა და/ან აქტივების განკარგვისა, რომელიც დაყადაღებულია ზემოხსენებულ პარაგრაფში (ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის პუნქტი II, ქვეპუნქტები: „ა“ და „ბ“) განსაზღვრული ქონების დაყადაღების შესახებ ბრძანების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, ფულის ან/და აქტივების საქმიანობის ჩვეული წესით წარმოების პროცესში განკარგვამდე ვ. გ-ამ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენელს;
დ) ვ. გ-ას შეუძლია, შეუთანხმდეს მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებს ზემოთ განსაზღვრული სახარჯო ფულის ოდენობის გაზრდაზე ან წინამდებარე ბრძანებაში რაიმე სხვა სახის ცვლილებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით.
IV წინამდებარე ბრძანება არ ზღუდავს ნებისმიერ ბანკს, გამოიყენოს ჩათვლის უფლება, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს წინამდებარე ბრძანების შესახებ შეტყობინების მიღებამდე მოპასუხისათვის გაცემულ რომელიმე კრედიტთან დაკავშირებით.
V არც ერთ ბანკს არ ესაჭიროება მოპასუხის მიერ ფულის გამოტანასთან დაკავშირებული განცხადების შესახებ ინფორმაციის მოძიება თუ ასეთი გამოტანა ნებადართულია წინამდებარე ბრძანებით.
VI წინამდებარე ბრძანების პირობები ძალაშია დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის იურისდიქციის გარეთ მყოფი მოპასუხის ან მინდობილობის საფუძველზე მოქმედი მისი თანამდებობის პირებისა და აგენტების მიმართ, ასევე, ნებისმიერი პირის მიმართ, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუშალოს ქმედებას ან უმოქმედობას ამ იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოადგენს ან ხელს უწყობს ამ ბრძანების პირობების დარღვევას, ასევე, ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, თუ ეს ბრძანება აღსრულებადია ან აღსრულებულია ამ ქვეყნის სასამართლოს მიერ.
VII მოპასუხე ვ. გ-ას აეკრძალა სს „ლ-ში“ (საქართველო) არსებული ანგარიშის #GE81LB... რაიმე ფორმით განკარგვა ან ღირებულების შემცირება.
შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების შესწავლით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა/აკრძალვა შეეხო აგრეთვე, საქართველოში, ქ.თბილისში, 0179, ფ-ის 32-ში მდებარე №... ბინას.
საკასაციო პალატამ 2016 წლის 13 მაისის განჩინებით ბათილად ცნო რა ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება, განმცხადებელ ნ. ც-ის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის მდგომარეობით ხსენებული უძრავი ქონება (ს/კ #...) წარმოადგენდა არა მოპასუხე ვ. გ-ას, არამედ, ნ. ც-ის საკუთრებას. საკასაციო პალატა ამ ფაქტობრივი გარემოების შეფასების მიზნით ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფციით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის თავდაპირველად განხილვის დროისათვის ქონება ვ.გ-ას არ ეკუთვნოდა (ამჟამინდელი მონაცემებით, იგი კვლავ არ წარმოადგენს ვ.გ-ას საკუთრებას), ხოლო ქონების მესაკუთრე _ ნ.ც-ე არ იყო არც ლონდონში და არც საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოების სუბიექტი, ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს ), რამდენადაც უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომლის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი ადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს, ხოლო მე-2 ნაწილით განსაზღვრავს, რომ, როდესაც შეზღუდვა უძრავ ქონებაზე უფლებრივ მდგომარეობას შეეხება, ამ ქონებაზე უფლება უნდა დადასტურდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კონკრეტული სახეები და დადგენილია, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული შეზღუდვების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნივთი ეკუთვნის მოპასუხეს.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში, ქ.თბილისში, 0179, ფ-ის 32-ში მდებარე №... ბინა არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, ხოლო ქონების მესაკუთრე არ არის დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამართალწარმოებაში მოპასუხე, პალატა თვლის, რომ ამ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს და არ არსებობს ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
შუამდგომლობის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების დასაბუთება:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილი თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომელიც ხელმძღვანელობს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით (სსსკ-ის პირველი მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია.
მოცემულ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანებით უზრუნველყოფის ღონისძიების საგანს წარმოადგენს, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ვ. გ-ას კუთვნილი ქონება/ფულადი სახსრები და საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიშები.
საქართველოს საერთო სასამართლოების კომპეტენციას განსაზღვრავს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი და ზოგადი წესის თანახმად, აღნიშნილი მართალია, უკავშირდება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის, რეზიდენციის ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელის საქართველოში არსებობას (იხ. მე-8 მუხლი), თუმცა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძების მიმართ ეს დათქმა საკმარისი არაა, რადგანაც ამავე კანონის მე-20 მუხლით კომპეტენციის პრინციპის განსაზღვრის მიზნით დამატებულია უზრუნველყოფის ღონისძიების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების აუცილებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, ბუნებრივია, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ მატერიალურ და არამატერიალურ სახსრებზე გამოყენებული შეზღუდვების მიმართ საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინება ვერ იქნება მიჩნეული აღსრულებად აქტად, რის გამოც, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები.
ვინაიდან საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე გამოვლინდა შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის წინაპირობები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 187-ე, 191-ე, 198-ე, 372-ე, 399-ე, 404-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „ო-ის“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია), „ო-ისა“ და სს „ო-ის“ (რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია) შუამდგომლობა ვ. გ-ას მიმართ დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც:
2.1. სასამართლოს მიერ მომდევნო ბრძანების გამოცემამდე ვ. გ-ას აეკრძალა ქვემოთ მოცემული ქონების რაიმე სახით განკარგვა ან ღირებულების შემცირება:
ა) ო-ის (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნზულებზე დაფუძნებული კომპანია) მიერ ან მისი სახელით 2010 წლის 22 ნოემბერს თ-ის ანგარიშზე გადახდილი 23 000 000 აშშ დოლარი (კლარიდენ ლიუ ლიმითიდ, ციურიხი, შვეიცარია (კ-ის მეშვეობით, ანგარიშის #...));
ბ) 160 000 000 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ცნობილ თანხას, დაკავშირებულს 2011 წლის 14-დან 18 მარტამდე პერიოდში ო-ის მიერ საკუთარი სახელით ა- ეი.დი-სათვის გადახდილ 213 468 750 აშშ დოლართან;
გ) ზემოხსენებული თანხებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი ან მოგება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს:
გ.ა.) ამ თანხებით ან მათი ნაწილის საშუალებით შეძენილ ნებისმიერ აქტივს;
გ.ბ.) ამ თანხებიდან წარმოშობილ ნებისმიერ პროცენტს, შემოსავალს ან დივიდენდს.
2.2. სასამართლოს მიერ მომდევნო ბრძანების გამოცემამდე ვ. გ-ას აეკრძალა:
ა) ინგლისისა და უელსის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული 160 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ნებისმიერი აქტივის ღირებულების შემცირება;
ბ) ტრასტის ან მსგავსი სამართლებრივი სუბიექტის მეშვეობით მიღებული პროცენტის (ინტერესი), მათ შორის ნებისმიერი ინტერესის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დანიშვნის, დისკრეციის ან სხვაგვარი უფლებამოსილების გამოყენების შედეგად, შემცირება.
2.3. ეს ბრძანება არ უკრძალავს ვ. გ-ას საცხოვრებელი ხარჯების სახით დახარჯოს კვირაში 1 000 ფუნტ სტერლინგი, ასევე, გაიღოს გონივრული თანხა იურიდიული კონსულტაციისათვის საკუთარი ინტერესების წარმოსადგენად იმის გათვალისწინებით, რომ:
ა) ასეთი ხარჯები არ გაიღება ზემოხსენებული პარაგრაფით (ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) დაყადაღებული ფულიდან ან/და აქტივებიდან;
ბ) ნებისმიერ შემთხვევაში, ხარჯების გაღებამდე ვ. გ-ა ვალდებულია შეატყობინოს მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებს ფულის წარმომავლობის შესახებ;
გ) წინამდებარე ბრძანება არ უკრძალავს ვ. გ-ას მისი აქტივების რაიმე სახით განკარგვას საქმიანობის ჩვეული წესით წარმოების პროცესში, გარდა იმ ფულისა და/ან აქტივების განკარგვისა, რომელიც დაყადაღებულია ზემოხსენებულ პარაგრაფში (ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) განსაზღვრული ქონების დაყადაღების შესახებ ბრძანების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, ფულის ან/და აქტივების საქმიანობის ჩვეული წესით წარმოების პროცესში განკარგვამდე ვ. გ-ამ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენელს;
დ) ვ. გ-ას შეუძლია შეუთანხმდეს მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებს ზემოთ განსაზღვრული სახარჯო ფულის ოდენობის გაზრდაზე ან წინამდებარე ბრძანებაში რაიმე სხვა სახის ცვლილებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით.
2.4. წინამდებარე ბრძანება არ ზღუდავს ნებისმიერ ბანკს გამოიყენოს ჩათვლის უფლება, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს წინამდებარე ბრძანების შესახებ შეტყობინების მიღებამდე მოპასუხისათვის გაცემულ რომელიმე კრედიტთან დაკავშირებით.
2.5. არც ერთ ბანკს არ ესაჭიროება მოპასუხის მიერ ფულის გამოტანასთან დაკავშირებული განცხადების შესახებ ინფორმაციის მოძიება თუ ასეთი გამოტანა ნებადართულია წინამდებარე ბრძანებით.
2.6. წინამდებარე ბრძანების პირობები ძალაშია დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის იურისდიქციის გარეთ მყოფი მოპასუხის ან მინდობილობის საფუძველზე მოქმედი მისი თანამდებობის პირებისა და აგენტების მიმართ, ასევე, ნებისმიერი პირის მიმართ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ქმედებას ან უმოქმედობას ამ იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოადგენს ან ხელს უწყობს ამ ბრძანების პირობების დარღვევას, ასევე, ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, თუ ეს ბრძანება აღსრულებადია ან აღსრულებულია ამ ქვეყნის სასამართლოს მიერ.
2.7. მოპასუხე ვ. გ-ას აეკრძალა სს „ლ-ში“ (საქართველო) არსებული ანგარიშის #GE81LB... რაიმე ფორმით განკარგვა ან ღირებულების შემცირება.
3. საქართველოში, ქ.თბილისში (0179) ფ-ის 32-ში მდებარე #27 ბინაზე დაწესებული შეზღუდვის ნაწილში დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან წინააღმდეგობის გამო.
4. იმ აკრძალვების ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ქონებას/ფულად სახსრებსა და საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებს „ო-ის“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია), „ო-ისა“ და სს „ო-ის“ (რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია) შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არარსებობის გამო.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე