Facebook Twitter

საქმე №ას-527-493-2017 16 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. პ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ვ. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. პ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) მიმართ, კასპის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #.....) 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის უფლების გაუქმების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 30 დეკემბერს კასპის რაიონის სოფელ მ-ში მოსარჩელემ შეიძინა საკუთარი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად (ს/კ #...), რომელიც მოპასუხეს ხელშეკრულების დადებიდან 6 თვეში უნდა გამოესყიდა. ამ უფლებით გამყიდველს არ უსარგებლია და მოსარჩელის არაერთი მიმართვის მიუხედავად, თუკი არ აპირებდა ქონების გამოსყიდვას, საჯარო რეესტრისათვის ეცნობებინა აღნიშნული და გაეუქმებინა გამოსყიდვის უფლება, უარი განაცხადა. მოსარჩელის განმარტებით, მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი, დღემდე ცხოვრობს ნათესავებთან და აქვს იმედი, რომ საკუთრებაში ექნება სახლი, თუმცა ამაოდ, გარდა ამისა, შემძენი დაავადებულია მძიმე სენით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისთვის გაურკვეველია, რატომ უნდა გაუქმდეს გამოსყიდვის უფლება, როდესაც იგი იხდის გამოსასყიდ თანხას და ამ თანხის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მხარეთა შორის 2013 წლის 30 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კასპის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #...) მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებული უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა, მოითხოვა მისი, ასევე, მტკიცებულების მიღების შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მყიდველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2013 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის კასპის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 8 470 აშშ დოლარით;

1.2.2. 2014 წლის 8 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია შემძენის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია 2013 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით;

1.2.3. მოპასუხე ოჯახთან ერთად 2013 წლის 30 დეკემბრამდეც და მის შემდეგაც ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. 2013 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულების ტექსტი შედგენილ იქნა შუამავლის, ვინმე ც. მ-ის მიერ;

1.2.4. 2013 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული ხელწერილის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო „გამოსყიდვის“ თანხა 490 აშშ დოლარი. ამავე ოდენობით თანხა ჩარიცხა მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე 2014 წლის 7 მარტს, 31 მარტს, 29 აპრილსა და 30 მაისს;

1.2.5. სს „პ-ის“ მეშვეობით მოსარჩელის ანგარიშზე მოპასუხეს თანხა არ ჩაურიცხავს, ამავე ბანკის მიერ 2015 წლის 3 აპრილს გაცემული ცნობის მიხედვით, სწრაფი ფულადი გზავნილების გატარებულ ოპერაციებზე 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 2 აპრილამდე შემძენის სახელზე განხორციელებულია ერთი ჩარიცხვა 2014 წლის 1 ივლისს, კერძოდ, მოსარჩელემ ც. მ-ლის სახელზე გადარიცხა 60 აშშ დოლარი. აღნიშნულს ადასტურებს ამავე ბანკის საბანკო ოპერაციების დეტალური ამონაწერიც. 2014 წლის 1 და 31 ივლისს მოპასუხემ 490-490 აშშ დოლარი ჩარიცხა არა მოსარჩელის, არამედ _ მ. რ–ის ანგარიშზე;

1.2.6. მხარეთა შორის 2013 წლის 30 დეკემბერს დადებული გარიგება არ შეიცავს გამოსყიდვის კონკრეტულ ვადას, შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლით განსაზღვრული 10-წლიანი ვადა;

1.2.7. მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის 2 450 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები გადახდის კონკრეტულ გრაფიკზე არ შეთანხმებულან, ხოლო გამოსყიდვისათვის მოპასუხეს 10-წლიანი ვადა გააჩნია, გამოსყიდვის უფლების მქონე პირის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები დარღვეული არ არის;

1.2.8. სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე ვერ გავა გრძელვადიანი ხელშეკრულებიდან, ანუ ოფერტს უკან ვერ გამოითხოვს, ვანაიდან მას აქცეპტისათვის ვადა არ განუსაზღვრავს. იმ ფაქტს, რომ გამოსყიდვის ვადა იყო 6 თვე, მოწმეების: მ. რ–ისა და ა. თ–ის ჩვენება ვერ დაადასტურებს, ვინაიდან ეს ჩვენება პირდაპირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მოწმეები ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების დადების მომენტში ამავე ხელშეკრულების პირობების შეთანხმების ფაქტს არ ესწრებოდნენ და აღნიშნული ფაქტის შესახებ მოსარჩელის მხრიდან არიან ინფორმირებულები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მისცეს სწორი განმარტებები. მოწმეთაგან ერთ-ერთი (მ.რ–ი) ესწრებოდა ხელშეკრულების დადებას, მოწინააღმდეგე მხარე კი განმარტავს, რომ კასატორისათვის მისაცემი თანხის ნაწილი ჩარიცხა სწორედ მ.რ–ის ანგარიშზე. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებენა ამ მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ მხარეები გამოსყიდვის 6-თვიან ვადაზე შეთანხმდნენ;

1.4.2. შეთანხმების გაუქმების საფუძვლის არსებობას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო ჩარიცხვიდან სარჩელის წარდგენამდე პერიოდში მოპასუხეს თანხა არ გადაურიცხავს მოსარჩელისათვის და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოში, ამასთანავე, ყოველგვარ გონივრულობას ცდება გამოსყიდვის 10-წლიან ვადაზე შეთანხმება, როდესაც ქონების ღირებულება 8 470 აშშ დოლარს წარმოადგენს;

1.4.3. საქმეში წარმოდგენილი ა.თ–ის სანოტარო წესით დადასტურებული განმარტება (ეს პირი ასევე ხელშეკრულების დადებას ესწრებოდა) ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას გამოსყიდვის 6-თვიან ვადაზე, უშუალოდ მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიარა კიდეც აღნიშნული, თუმცა, შემდგომ სხდომებზე იგი წარმომადგენლის მითითებით აღარ გამოცხადებულა;

1.4.4. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა გარემოებაზე, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ, მან საკუთარი ინიციატივით დაადგინა, რომ გამოსყიდვის ვადა იყო 10 წელი. ამ თვალსაზრისით კი, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მითითება, ეხელმძღვანელა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, რადგანც მიცემული განმარტებები არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას, ხოლო მოწმე, რომელიც 10-წლიან ვადაზე შეთანხმებას დაადასტურებდა, ვერ იქნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი;

1.4.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხე სარგებლობს ქონებით, რადგანაც ის რეალურად ცხოვრობს ქ.თბილისში, ასევე, უდავოდ იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება ვინმე ც. მ-მა შეავსო. ეს გარემოება არ დასტურებს არაფერს, რადგანაც ხელმოწერა განხორციელდა საჯარო რეესტრის რეგისტრატორის წინაშე, რა დროსაც კასატორს არ წაუკითხავს გამოსყიდვის ვადა;

1.4.6. გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, თუ რატომ არ მიიჩნევს გამოსყიდვის გაუქმების საფუძვლად იმას, რომ კასატორს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და არის ავად. სასამართლოს შინაგანი რწმენით უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), მხარეს უდგენს ვალდებულებას, სარწმუნოდ დაადასტუროს საკუთარი პოზიციის დამამტკიცებელი ფაქტები (სსსკ-ის 102-ე მუხლი). თავის მხრივ, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, შეფასოს განკუთვნადი და სარწმუნოა თუ არა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მათი ყოველმხრივი ანალიზი (სსსკ-ის 105-ე მუხლი) იძლევა თუ არა სადავო გარემოების დამტკიცებულად მიჩნევის საფუძველს. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც წერილობით გამოვლენილი ორმხრივი ნების უარყოფას ვერ დაედებოდა საფუძვლად.

1.5.2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას მხარეთა შორის ოფციის ხელშეკრულების დადების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 515-ე მუხლიდან გამომდინარე, ოფციის ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ განსხვავებით ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის სტანდარტული შემთხვევისაგან (სკ-ის 477-ე, 183-ე მუხლები), ოფციის დროს უფლება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის დადგომამდე არ გადაეცემა, თავად 515-ე მუხლი, როგორც სპეციალური ნორმა, ნებაზე დამოკიდებული პირობის ერთადერთ საგამონალისო შემთხვევას წარმოადგენს (ამ მხრივ, სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლისაგან განსხვავებულ საკანონმდებლო დათქმაზე), რომელიც არ შეიძლება ბათილად იქნას მიჩნეული, უფრო მეტიც, იმ ვითარებაში, როდესაც ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას გამოსყიდვის ვადაზე, პრეზუმირებულია, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა, რომლის გაქარწყლებაც, მოცემულ შემთხვევაში, ეკისრებოდა მოსარჩელეს, მან კი ეს გარემოება ვერ დაადასტურა. აღნიშნულის საპირისპიროდ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ პირველ ინსტანციაში აღიარებულ იქნა მხარის მიერ გამოსყიდვის 6-თვიან ვადაზე შეთანხმება, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის კონტექსტში მხარე ვერ უთითებს აღიარების კონკრეტულ პერიოდზე, საკასაციო პალატამ კი, შეისწავლა სხდომის ოქმები და ამგვარი აღიარება ვერ იქნა მოძიებული (აღნიშნულის საპირისპიროდ, ირკვევა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი უარყოფს შეთანხმებას 6-თვიან ვადაზე და განმარტავს იმას, რომ შეთანხმება იყო „ექვს თვეზე მეტი“, „ამას დაადასტურებს მოწმეთა ჩვენენებით“, „ქვითრებს თუ დავაკვირდებით, გადახდილია 6 თვის შემდეგ“, „ჩემი მარწმუნებლისგან ვიცი, რომ ეს იყო 10 წელი“ და სხვა, იხ. 20.05.2015წ. სხდომის ოქმი, 13:22:22 სთ; 14:02:18 სთ; 22.02.2016წ. სხდომის ოქმი, 16:02:22ს თ; 16:12:12 სთ; 16:16:29 სთ; 16:30:34 სთ).

1.5.3. რაც შეეხება კასატორის პოზიციას სხვა საცხოვრებლის არქონისა და ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით ხელშეკრულების ამა თუ იმ დებულების გაუქმების თაობაზე, პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის არც ერთი დებულება მსგავსი სამართლებრივი საფუძვლით გამოსყიდვის ვადის შემცირებისა თუ მისი გაუქმების შესაძლბელობას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, კასატორის ეს პოზიციაც გაუმართლებელია.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც გამოსყიდვის უფლების განხორციელების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე