საქმე №ას-614-573-2017 30 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ას (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 13 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით (სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მისი ბათილად ცნობა).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს მისთვის პროცენტის თანხა არ გადაუცია, შესაბამისად, არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2017 წლის 9 თებერვალს 17:00 საათზე, რის შესახებაც ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადება მან იმ მიზეზით ვერ შეძლო, რომ არის მარტოხელა დედა, ჰყავს სამი შვილი, მათ შორის უმცროსი არის 2 წლის, არასრულწლოვნებს უვლის თავად, რადგანაც სხვა დამხმარე არ ჰყავს. ვინაიდან ვერ ახერხებს მათ რჩენას ქ.თბილისში, მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა ხაშურის რაიონში. სასამართლო სხდომის დღეს მხარის უმცროსი შვილი იყო ავად (ჰქონდა ვირუსი) მან სხდომაზე გამოცხადება საპატიო მიზეზით ვერ შეძლო, რაც შეეხება წარმომადგენელს, ჰონორარის ანაზღაურებისათვის საჭირო მატერიალური სახსრების არქონის გამო, შეწყვიტა მათთან ურთიერთობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2017 წლის 9 თებერვალს დანიშნული სხდომის თაობაზე აპელანტს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე (2) მუხლის მოთხოვნათა დაცვით;
1.2.2. დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა აპელანტი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსათვის;
1.2.3. გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.3. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას ძირითადად იმ საფუძვლით აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი მცირეწლოვანი შვილი სასამართლო სხდომის დღეს იყო ავად და არ ჰყავდა დამტოვებელი, ხოლო ადვოკატის დახმარებით ვერ ისარგებლა მატერიალური სახსრების უქონლობის გამო.
1.3.1. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, შესაბამისად, ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა საკასაციო პალატის კვლევის ობიექტი ვერ გახდება. კერძო საჩივრის ფარგლებში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარემ მიუთითა საპატიო მიზეზის არსებობაზე, შვილის ავადმყოფობასა და მატერიალური სახსრების არარსებობის გამო წარმომადგენელთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტაზე.
1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
1.6.1. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.
1.6.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე და განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არის მარტოხელა დედა და ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, უფრო მეტიც, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სწორედ 2017 წლის 9 თებერვალს იმყოფებოდა აპელანტის შვილი ავად. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო პალატამ რომც გაიზიაროს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი შვილის ავადმყოფობის თაობაზე, ეს მაინც ვერ გახდება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე (3) მუხლის მიზნებისათვის, კერძო საჩივარი არ შეიცავს მტკიცებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ აცნობა პროცესის დაწყებამდე სასამართლოს მხარემ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
1.6.3. რაც შეეხება წარმომადგენელთან ურთიერთობის გაწყვეტის ფაქტს, პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით მოარჩელე საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვას ანდობს მ. ჩ-ს, ხ. მ-სა და მ. ჯ-ას. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე წარმოდგენილი იყო ადვოკატებით, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც განცხადებები წარდგენილია აპელანტის სახელით უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, ხოლო, საქმის მასალებით მინდობილობის გაუქმების ფაქტი არ დგინდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, იგი დაუსაბუთებელია, რადგანაც წარმომადგენლობის შეწყვეტის წესს არ შეესაბამება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს.
1.7. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი