საქმე №ას-560-519-2017 16 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „A-a“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „A-a-მ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, გამყდველი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, მყიდველი ან მოვალე) მიმართ 39 154,54 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 17 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო B22,5 კლასის ბეტონის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით 2015 წლის 17 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე შემძენისათვის მიეწოდებინა მშენებლობისათვის საჭირო ოდენობის მზა ბეტონი. მოპასუხეს 1 კუბურ მეტრ ბეტონში უნდა გადაეხადა 128 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო, ხელშეკრულების სრული ღირებულება განისაზღვრებოდა გადაცემული საქონლის ოდენობის შესაბამისად, სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე და მისი გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, საქონლის მიწოდებიდან 7 დღის ვადაში. გამყიდველმა მოპასუხეს გადასეცა 118 154,54 ლარის ღირებულების ბეტონი, მოპასუხემ კი ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება _ გადაიხადა მხოლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილი _ 79 000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეშად დარღვევის გამო, მოპასუხე მხარეს არ ეკისრებოდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა, 2015 წლის 5 მაისს, მშენებარე საავადმყოფოს შენობის მე-2 სართულის გადახურვის ფილის ჩასხმისას ჩამოინგრა პირველი სართულის გადახურვის ფილა. მოპასუხემ სსიპ გ-იაში შეამოწმა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბეტონის მარკირების ხარისხი და დადგინდა, რომ მშენებლობიდან არსებული ბეტონის ნიმუშები შეესაბამება B7,5 კლასის მარკის ბეტონის ხარისხს. საავადმყოფოს მშენებლობის დამკვეთის შპს „ა-ის“ დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ იქნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. გაცემული დასკვნით დადგინდა, რომ ჩამონგრეული ბეტონის სიმტკიცე შეადგენს 11,97მპა-ს, რაც შეესაბამება ასევე B7,5 კლასის (მარკა M100) ბეტონს, იატაკის, კოლონების, სარდაფის ბეტონის სიმტკიცე არ აღემატება B20 (მარკა M250), ხოლო რიგ შემთხვევებში შეადგინა B12,5 (მარკა M150) ხარისხი. აღნიშნულით მოსარჩელემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.5 მუხლის პირობები და ნაცვლად ნაკისრი ვალდებულებისა _ მიეწოდებინა M-300 მარკის მზა ბეტონი, გამყიდველი მას აწვდიდა დაბალი სიმტკიცის ბეტონს, რამაც გამოიწვია აგებული შენობა-ნაგებობის ჩამოშლა. ამ ქმედების შედეგად შემძენს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი. გამყიდველის მხრიდან უპასუხოდ იქნა დატოვებული მოპასუხის ყოველი შეთავაზება მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და კვლევის ნიმუშების აღების თაობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და ახალი გადაწყვეტიოლებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 39 154,54 ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემძენმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 17 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხისათვის B22.5 (M-300 ხარისხის) კლასის ბეტონის მიწოდების ვალდებულება იკისრა მყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად. ხელშეკრულების მიხედვით, 1 მ3 ბეტონის ღირებულება განისაზღვრა 128 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. მიწოდების ადგილი _ ქ.მარნეული, 2-ის ქუჩა. ბეტონი გამყიდველს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით უნდა მიეწოდებინა 2015 წლის 17 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მიწოდებული საქონლის ფასი შემძენს უნდა გადაეხადა უნაღდო/ნაღდი ანგარიშსწორების გზით ეტაპობრივად, ყოველ 7 დღეში, მიღებული ბეტონის რაოდენობის პროპორციულად. ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელეს ეკისრებოდა უნაკლო ნივთის მყიდველისათვის გადაცემის ვალდებულება;
1.2.2. 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 5 მაისამდე ეტაპობრივად მოპასუხეს სულ 118 154,54 ლარის ღირებულების ბეტონი მიეწოდა, საიდანაც შემძენის მიერ გადახდილია მიწოდებული ბეტონის ღირებულების ნაწილი - 79 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 39 154,54 ლარის გადახდაზე უარი შემძენმა გამყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის მოტივით განაცხადა, კერძოდ, ნასყიდობის საგანი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე - დაბალი ხარისხის, რამაც მოპასუხეს წარმოუშვა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება;
1.2.3. მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ბეტონს შემძენი მიწოდებისთანავე მოიხმარდა ქ.მარნეულში, 2--ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ობიექტზე; მშენებლობა ხორციელდებოდა შპს „ა-ის“ დაკვეთით;
1.2.4. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2015 წლის 5 მაისს ქ.მარნეულში, 2-ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ნაგებობის მე-2 სართულის ურიგელო გადახურვის ბეტონირებისას, ანალოგიური ქვედა კონსტრუქცია ჩაიღუნა, რასაც მოჰყვა ფილის ჩამონგრევა. შენობა-ნაგებობა აღდგენას არ ექვემდებარება, რის გამოც აუცილებელია მისი სრული დემონტაჟი;
1.2.5. მოსარჩელემ ნასყიდობის საგანი მოპასუხეს უკანასკნელად 2015 წლის 5 მაისს მიაწოდა;
1.2.6. აპელანტის ძირითადი პოზიცია ემყარებოდა იმას, რომ მიწოდებული ბეტონი მიწოდების მომენტში იყო შეთანხმებული ხარისხის, ხოლო, მოგვიანებით, მოპასუხის მიერ გამოყენებული ბეტონიდან აღებული ნიმუშების მიხედვით ჩატარებული ექსპერტიზა ვერ დაადგენდა მიწოდების მომენტში ბეტონის ნაკლს. იმ ფაქტის მტკიცების მიზნით, რომ ნასყიდობის საგანი მიწოდების მომენტში იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, მოპასუხე ამყარებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 8 ივნისის დასკვნაზე, თუმცა, ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილა ბეტონის ხარისხის დადგენა მიწოდების მომენტში და არც დასკვნა შეიცავს ამ საკითხზე რაიმე მსჯელობას. ეს გარემოება თავიანთ განმარტებებში დაადასტურეს დასკვნის შემდგენელმა ექსპერტებმაც, რომლებმაც განმარტეს, რომ შეფასების საგანს ქ.მარნეულში, 2-ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ნაგებობის მე-2 სართულის რკინა-ბეტონის ურიგელო გადახურვის ნგრევის მიზეზი წარმოადგენდა. მითითებული დასკვნით დგინდება, რომ მონოლითური რკინა-ბეტონის ურიგელო გადახურვის ნგრევა გამოწვეულია ფაქტორთა ერთობლიობით, როგორიცაა არასრულფასოვანი კონსტრუქციული გადაწყვეტა, დარღვევებით შესრულებული არმირების სამუშაოები და გამოყენებული ბეტონის დაბალი სიმტკიცე. მონოლითურ რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში მშენებლობის ხარისხი, როგორც წესი, განისაზღვრება ბეტონის სიმტკიცითა და წარმოების ტექნოლოგიით _ რამდენად დაყოვნებულია ბეტონის ჩასხმის ვადა და გამყარება; ბეტონის ნარევის გამკვრივებისათვის პლასტიფიკატორის ან ვიბრაციის აუცილებლობა; რამდენად უზრუნველყოფილია „ძველი“ და „ახალი“ ჩასხმული ბეტონის შეჭიდულობა: კონსტრუქციების განყალიბების პირობები და ა.შ. ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული გამოკვლევის ანალიზის საფუძველზე, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ობიექტზე ამოყვანილ კონსტრუქციაში ბეტონის სიმტკიცე (არ აღემატება M250 მაჩვენებელს) არ შეესაბამებოდა პროექტით გათვალისწინებულ მნიშვნელობას (რაც შეესაბამებოდა M300), ამასთან, სტანდარტის პირობებით ბეტონის საკონტროლო გამყარების ვადა (28 დღე) უმეტეს შემთხვევაში გასული იყო, ხოლო, რაც შეეხებოდა გადახურვის ჩამოქცეულ ფრაგმენტს, მისი ბეტონის სიმტკიცე შეადგენდა 11,97 მპა-სს და შეესაბამებოდა ბეტონის მარკას (M100). თუკი გათვალისწინებული იქნებოდა აღნიშნული კონსტრუქციის განყალიბების ვადა, რომელიც სამუშაოთა მწარმოებლის გადმოცემით შესრულდა ორი კვირის შემდეგ, იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მითითებული სამუშაოები ნაადრევია და მოთხოვნების დარღვევით შესრულდა. დასკვნის ხელმომწერი ექსპერტის (მასალათა მდგრადობის სპეციალისტი) ახსნა-განმარტებით, არასათანადო დაყალიბებისა და მოვლის შემთხვევაში, შესაძლებელია, მნიშვნელოვნად დაიკლოს ბეტონის მარკამ, კერძოდ, ამ შემთხვევაში ბეტონის მარკამ შესაძლოა 30%-ზე მეტითაც დაიკლოს (15.02.2017 წლის სხდომის ოქმი; 16:22:26 – 16:24 სთ). სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია კონკრეტულ შემთხვევაში ბეტონის სიმტკიცის დაცემა, ექსპერტმა უპასუხა, რომ მათ ეს საკითხი (მარკიანობის დაცემის მიზეზი) არ შეუსწავლიათ (15.02.2017 წლის სხდომის ოქმი; 16:27);
1.2.7. შემძენს, როგორც მეწარმეს, შესაძლებლობა ჰქონდა, შეემოწმებინა ნასყიდობის საგნის ხარისხი მიღებისთანავე, რაც დაადასტურა სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმაც, მისი განმარტებით, იმისათვის, რომ მიწოდების მომენტში განისაზღვროს ბეტონის ხარისხი, მისი ჩამოსხმის მომენტში უნდა აიღონ შესაბამის კუბებში, ანუ მაშინვე უნდა დაყალიბდეს (15.02.2017 წლის სხდომის ოქმი, 16:28).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მყიდველის მხრიდან ბეტონის სიმტკიცის გადამოწმების წესს არ ითვალისწინებდა, არამედ, გემყიდველმა ცალსახად იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიმტკიცის ბეტონის მიწოდება. კასატორი კი, პირნათლად ასრულებდა ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულებას მანამ, ვიდრე არ ჩამოიშლებოდა ნაგებობა და ექსპერტიზა არ დაადგენდა ნასყიდობის საგნის ნაკლს. როგორც სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ისე _ სსიპ გ-იის დასკვნით დგინდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული და ჩასხმული ბეტონის სიმტკიცე და ხარისხი არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს. ამ ფაქტის უტყუარად დადგენის შემდეგ კასატორმა ისარგებლა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებით და შეწყვიტა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რის თაობაზეც მოსარჩელეს წერილობით რეაგირება არ განუხორციელებია;
1.4.2. სააპელაციო პალატას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება _ შპს „ნ-იის“ დასკვნა, რომელიც სრულად იქნა უარყოფილი რაიონული სასამართლოს მიერ, რადგანაც საქმის განხილვით დადგინდა, რომ ნასყიდობის საგანს გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი;
1.4.3. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი არ იყო ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული, სააპელაციო პალატამ კანონის დარღვევით დაუშვა და სარჩელის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არასწორად დააკმაყოფილა იგი. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი მტკიცებულებათა წარდგენის თვალსაზრისით;
1.4.4. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა, რომ ბეტონის სიმტკიცე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე დაბალი ხარისხის და შენობა-ნაგებობის ჩამოშლის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს გარემოება იყო, აპელანტი სადავოდ ხდიდა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებულ ნასყიდობის საგნის ნაკლს და მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ბეტონის სიმტკიცის დაცემა მოპასუხის ბრალეულობამ, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დაშვებული ექსპლუატაციის წესების დარღვევამ განაპირობა. აღნშნულის საწინააღმდეოდ, საქმეში არსებული ექსპერტიზის კვლევით დადგენილია, რომ არც ერთი სინჯი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ბეტონის სიმტკიცეს. ამ საკითხის გარკვევის მიზნით სხდომაზე დაბარებულმა ექსპერტმა სასამართლოს მისცა ზოგადი ხასიათის განმარტება, მან ვერ ახსნა ის, თუ რა დამატებით კვლევა უნდა ჩატარებულიყო არსებული დასკვნის ფარგლებში რათა ბეტონის სიმტკიცის დაცემის მიზეზი დადგენილიყო. მისი თქმით, ზოგადად სამშენებლო წესების დარღვევამ შეიძლება 20-30%-ით შეამციროს ბეტონის სიმტკიცე, თუმცა, რა სამეცნიერო ლიტერატურას ან გამოკვლევის რომელ მეთოდს ემყარებოდა აღნიშნული განმარტება, ვერ დაადასტურა ექსპერტმა. გარდა ამისა, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის დაუშვებელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოპასუხეს შეეძლო გადაემოწმებინა მიწოდებული საგნის სიმტკიცე, ამ განმარტებათა გაზიარებით მან დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე, 172-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები;
1.4.5. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლი, რადგანაც მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უპირობოდ ავალდებულებს გამყიდველს, ნივთობრივად უნაკლო საგნის გადაცემას მყიდველისათვის. მოსარჩელემ ვერ წარადგინა უნაკლი ნივთის მიყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულება და ამავე ნორმის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე 495-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება გაუმართლებელია.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის პრინციპს, ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. საქმის განხილვისას სასამართლოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს: ა) მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება; ბ) დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან სარჩელის ფორმალური შესაბამისობის დადგენა; გ) სარჩელისა და შესაგებლის გათვალისწინებით მტკიცების საგნის განსაზღვრა, რაც ამავდროულად მტკიცების ტვირთის განაწილებას მოიაზრებს. ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე _ მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე _ ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ელემენტებზე მოსარჩელემ მიუთითა, შესაგებლის თანახმად კი, მოპასუხის არსებითი შედავება ეფუძნება ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს (სკ-ის 488-ე მუხლი), რაც, მისი თქმით, აძლევდა მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ამ შედავებას არ ეთანხმება რა მოსარჩელე, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის ნივთის მიწოდება წარმოადგენს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი ფაქტის მიმთითებელ მხარეს _ მოპასუხეს ეკისრება. ამ მხრივ, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულება ვერ წარადგინა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სააპელაციო პალატის მხრიდან სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა შესწავლილი. ამ შეფასებას იზიარებს საკასაციო პალატაც, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ გააჩნია;
1.5.2. პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე და განმარტავს, რომ მისი სტატუსი _ „სამეწარმეო საზოგადოება“ მოპასუხეს, როგორც შემძენ მეწარმეს კანონის ძალით წარმოუშობდა ჩვეულებრივ მყიდველთან შედარებით მეტ წინდახედულებას და ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შემოწმებას. ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს მეწარმეს სახელშეკრულებო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ გამყიდველს ეკისრებოდა უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება. საგულისხმოა, რომ ნორმით გათვალისწინებული წინდახედულების სტანდარტის დარღვევის გამო კასატორი ვერ ამტკიცებს ნაკლიანი ნივთის მისთვის მიწოდების ფაქტს, რის თაობაზე გამყიდველი იყო ინფორმირებული და დუმდა (სკ-ის 495.2 მუხლი);
1.5.3. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული დახმარების ხარჯის გაწევის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესებიდან, რაიმე პრეტენზია კი, რომელიც ხარჯების განაწილების სისწორეს შეეხებოდა, კასატორს არ მიუთითებია, შესაბამისად, პალატა ვერ იმსჯელებს მასზე საკუთარი ინიციატივით.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მყიდველის მიერ ფასის გადახდის ვალდებულების, ასევე _ გადაცემული საგნის ნაკლის მტკიცების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თოაბაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
2.1. კასატორმა სასამართლოს მომართა შუმადგომლობით და მოითხოვა საქმისათვის ახალი მტკიცებულებების დართვა, ასევე, სადავო საკითხის (ნივთის ნაკლის) დადგენის მიზნით სასამართლოს სხდომაზე ექსპერტის დაკითხვა.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის პოზიცია, როგორც მტკიცებულებების წარმოდგენის, ისე _ ექსპერტის ახსნა-განმარტების სასამართლოს სხდომაზე მიღების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს 15.06.2017წ. #ა-2525-17 განცხადებაზე დართული დოკუმენტები 22 (ოცდაორი) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
3.2. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. დავის საგანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 391-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განისაზღვრება დაკისრებული თანხით _ 39 154,54 ლარით და მასში კასატორისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული პროცესის ხარჯები არ მოიაზრება, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 1 957,727 ლარს. კასატორმა საკუთარი ინიციატივით გადაიხადა 2 144,86 ლარი, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით გამოყენების საფუძველზე (სსსკ-ის მე-7 მუხლი) კასატორს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 187,136 ლარი, ხოლო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დარჩენილი თანხის _ 1 957,727 ლარის 70% _ 1 370,4089 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჯ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ. ს-ის მიერ 24.04.2017წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 144,86 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 187,136 ლარი, ასევე, დარჩენილი თანხის _ 1 957,727 ლარის 70% _ 1 370,4089 ლარი.
3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, შპს „ჯ-ს“ დაუბრუნდეს 15.06.2017წ. #ა-2525-17 განცხადებაზე დართული დოკუმენტები 22 (ოცდაორი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე