№ ას-783-750-2016 15 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 20 მაისის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, ყოველთვიური სახელფასო სარგოს - 870 ლარის ანაზღაურება.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე 2012 წლის 16 ივლისიდან მუშაობდა სააგენტოს ა-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარ სპეციალისტად განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი თანამდებობრივი სარგო სამსახურიდან გათავისუფლების დროს შეადგენდა 870 ლარს (დარიცხული).
3. მოსარჩელის განმარტებით, მისი საქმიანობა იყო ძალიან შრომატევადი, რადგან მხოლოდ იგი მუშაობდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მიმართულებით და ემსახურებოდა ა-ს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
4. მოსარჩელეს პირველი დისციპლინური სახდელი - შენიშვნა დაეკისრა 2014 წლის 11 ივნისს სამსახურში 20 წუთით დაგვიანების საფუძვლით, ხოლო 2014 წლის 22 აგვისტოს გამოუცხადეს სასტიკი საყვედური იმ საფუძვლით, რომ მან ახალშობილის დედის გრაფაში, ნაცვლად დედის გვარის - გ-ა, მიუთითა ყოფილი მეუღლის გვარი - ჯ-ე.
5. 2015 წლის 6 მარტს ა-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გამოვლინდა მოსარჩელის მიერ დაშვებული შეცდომები. მოსარჩელის განმარტებით, ეს შეცდომები გამოწვეული იყო მისი სამსახურებრივი გადატვირთულობით, რაიმე სახის მძიმე შედეგი არ გამოუწვევია, შესაბამისად, არ შეიძლება გამხდარიყო მის მიმართ ისეთი მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველი, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლება.
6. მოსარჩელის განმარტებით, უვადო შრომით ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დისციპლინური სახდელის დადებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამოყენების საფუძველია სააგენტოს თავმჯდომარის 2008 წლის 3 დეკემბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს’’ წესების შეუსრულებლობა, რომელიც ძალადაკარგულად არის გამოცხადებული 2013 წლის 31 ოქტომბერს დამტკიცებული შინაგანაწესის ამოქმედების შემდეგ, ხოლო აღნიშნული შინაგანაწესიც ძალადაკარგულად არის გამოცხადებული 2015 წლის 28 იანვრის შინაგანაწესის ამოქმედების შემდეგ. შინაგანაწესი, რომლის ნორმების დარღვევასაც ედავება მოპასუხე, მოსარჩელის შრომის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული და, შესაბამისად, არ არის შრომის ხელშეკრულების ნაწილი. ამდენად, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მან ზედიზედ სამჯერ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა ისე, რომ წინა მათგანი არ იყო გაქარწყლებული, კერძოდ, 2014 წლის 16 ივნისს მას გამოეცხადა შენიშვნა, მეორე სახდელი - სასტიკი საყვედური შეეფარდა 2014 წლის 22 აგვისტოს - 3 თვის გასვლამდე, ხოლო ბოლო დარღვევა, რომელიც გახდა სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი, გამოვლინდა სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის 2014 წლის 5 მაისის №-- დასკვნით - სასტიკი საყვედურის გამოცხადებიდან 1 წლის გასვლამდე. ამასთან, ეს უკანასკნელი დასკვნა შეიცავდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევების საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს.
8. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ 2014 წლის 16 ივნისის №--- ბრძანებით გამოცხადებული შენიშვნისა და იმავე წლის 22 აგვისტოს №--- ბრძანებით გამოცხადებული სასტიკი საყვედურის კანონშესაბამისობის საკითხის განხილვა არ წარმოადგენს წინამდებარე სასარჩელო დავის საგანს და არც მოსარჩელეს გაუსაჩივრებია აღნიშნული აქტები, რაც იმას ნიშნავს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგებისადმი მას იმ მომენტისათვის პრეტენზია არ გააჩნდა.
9. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მოსამსახურის ვალდებულებებს განეკუთვნება - დაიცვას და განუხრელად შეასრულოს დამსაქმებლის ბრძანებები და მითითებები. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, 2013 წლის 31 ოქტომბრის №--- და 2015 წლის 28 იანვრის №--- სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებების შესრულება და დაცვა მოსარჩელის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა, ამასთან, მოსარჩელე იცნობდა აღნიშნულ ბრძანებებს.
10. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
13. 2012 წლის 16 ივლისს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის განუსაზღვრელი ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა სააგენტოს ა-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარ სპეციალისტად.
14. შრომითი ხელშეკრულების II თავის (მხარეთა უფლებები და მოვალეობები) მე-3 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა უზრუნველეყო დამსაქმებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილი ფორმით წარმოება, პასუხი ეგო მათ სისწორესა და საჭიროების შემთხვევაში, შენახვაზე.
15. შრომითი ხელშეკრულების V თავის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/მოშლა) თანახმად, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების პირობების სისტემატურად დარღვევა ან/და შრომითი ხელშეკრულების ან სააგენტოს თავმჯდომარის 2008 წლის 3 დეკემბრის №-- ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს“ შეუსრულებლობა, თუ დასაქმებულის მიმართ უკვე იყო გატარებული დისციპლინური ზომა.
16. სააგენტოს 2015 წლის 20 მაისის №--- ბრძანებით ა-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარ სპეციალისტს - მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
17. მოსარჩელე იცნობდა, როგორც 2013 წელს დამტკიცებულ, ისე - 2015 წელს დამტკიცებულ შინაგანაწესს.
18. დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, კერძოდ: სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისის ბრძანებით მოსარჩელეს გამოეცხადა შენიშვნა. მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს წარმოადგენდა სააგენტოს შიდა აუდიტის 2014 წლის 12 ივნისის №-- დასკვნა. სააგენტოს 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. მოსარჩელისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს წარმოადგენდა სააგენტოს შიდა აუდიტის 2014 წლის 20 აგვისტოს №--- დასკვნა.
19. სააგენტოს 2014 წლის 16 ივნისისა და 22 აგვისტოს ბრძანებები მოსარჩელისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა.
20. თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ 2015 წლის 20 მაისის ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის 2015 წლის 5 მაისის --- დასკვნა. აუდიტის დასკვნის თანახმად, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სააგენტოს ა-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაწეული სამსახურებრივი საქმიანობის შერჩევითი წესით შემოწმება. კერძოდ, სამსახურში შემოწმდა სავარაუდო გაყალბების შემთხვევაში მასალების საგამოძიებო ორგანოში გადაგზავნის, მექანიკური ხასიათის შეცდომების საქმის წარმოების კანონიერება, ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით წარდგენილ განცხადებათა განხილვისა და განცხადების გარეშე დაწყებული საქმისწარმოების კანონიერება. 2015 წლის 5 მაისის დასკვნით დასტურდება 2014 წლის 22 აგვისტოს შემდგომ (ანუ სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდგომ) ერთი წლის გასვლამდე დასაქმებულის მხრიდან მისთვის შრომითი ხელშეკრულებით სამსახურებრივად დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა - ადმინისტრაციული წარმოების საქმის მასალების „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის №6 ბრძანებით დამტკიცებული „ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესის“ შესაბამისად შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის ვალდებულების შეუსრულებლობა.
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, გათვალისწინებით იმისა, რომ 2015 წლის 5 მაისის დასკვნაში მოყვანილი დარღვევები წარმოადგენდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს, რომლებზეც რეაგირება ობიექტურად მანამდე ვერ მოხდებოდა, ფიქსირდებოდა არაერთი ერთგვაროვანი დარღვევა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაუგზავნელ საქმეთა რაოდენობა არ თამაშობდა გადამწყვეტ როლს. კერძოდ, იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც ორჯერ იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი და ბოლო სახდელის დადებიდან (სასტიკი საყვედურის გამოცხადებიდან) გასული არ იყო ერთი წელი, თუნდაც ერთი ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაგზავნის ვალდებულების შეუსრულებლობა საკმარისი იყო მისი დისციპლინური პასუხისმგებლობისათვის, რადგან ერთობლიობაში სახეზე იყო შრომითი მოვალეობების არაერთგზისი დარღვევა.
22. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობების შესრულების ხარისხის ზოგადი დახასიათებისთვის მიუთითა დასკვნაში ასახულ ისეთ დარღვევებზე, რომლებიც ჩადენილ იქნა სასტიკი საყვედურის გამოცხადებამდე, მაგრამ გამოვლინდა მისი გამოცხადების შემდეგ, კერძოდ: ა) 2014 წლის მაისი - 2014 წლის ივლისის პერიოდში შეცდომით მოხდა საქართველოს მოქალაქის სტატუსის განსაზღვრა ი. ქ-ე, მ. ხ-ე და ქ. მ–ზე, რის გამოც გაუქმდა ბავშვებისთვის არასწორად მინიჭებული პირადი ნომრები და შესაბამისი შესწორება შევიდა მათი დაბადების აქტების ჩანაწერებში; ბ) 2014 წლის 14 აპრილს სააგენტოს ა-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა მოქალაქემ და ითხოვა მისივე ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საცოლის სახელის შესწორება. მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება ცვლილების თაობაზე მიღებულია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლით დადგენილი 15-დღიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, ნაცვლად 28 აპრილისა, 30 აპრილს; გ) ამავე დასკვნის თანახმად, 2014 წლის მარტიდან 2014 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში ფიქსირდება ისეთი დარღვევა, როგორიც არის ადმინისტრაციული წარმოების საქმის მასალების „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის №6 ბრძანებით დამტკიცებული ,,ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესის“ შესაბამისად შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის ვალდებულების შეუსრულებლობა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ სააგენტოს ა-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელმა - მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოიჩინა უყურადღებობა და დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნები, რითაც ჩაიდინა სააგენტოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომები, რომლის თანახმადაც დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება და სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა. დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება და სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა დისციპლინურ გადაცდომად დაკვალიფიცირებულია 2015 წელს დამტკიცებული შინაგანაწესის 52-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო 2013 წელს დამტკიცებული შინაგანაწესის 53-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
24. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე (აპელანტი) სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევების არსებობის ფაქტებს.
25. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ დარღვევები გამოიწვია გადამეტებულმა დატვირთულობამ და აღნიშნული დარღვევები არ არის ისეთი სიმძიმის, რომლის თანაზომიერ სახდელსაც შეიძლება წარმოადგენდეს სამუშაოდან გათავისუფლება.
26. სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით და დამსაქმებლის შინაგანაწესის გაცნობით მოსარჩელე შებოჭილი იყო მათში გათვალისწინებული ვალდებულებებით. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მისი შრომითი უფლება-მოვალეობები და მათი დარღვევის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, არც პირველი ორი დისციპლინური სახდელის დადებამდე და არც მათი დადების შემდეგ, მას არ მიუმართავს დამსაქმებლისათვის დატვირთვის შემცირების მოთხოვნით. უფრო მეტიც, სხდომაზე მოსარჩელის (აპელანტის) განმარტებით, მას დატვირთვა მიაჩნდა ადეკვატურად, მიჩვეული იყო ასეთ დატვირთვას და ეგონა, რომ არსებულ დატვირთვას გაართმევდა თავს, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა დარღვევები.
27. სახდელის თანაზომიერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობებთან და პროცედურასთან მიმართებაში გასათვალისწინებელი იყო ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული გრძელვადიანი ხელშეკრულების მოშლისათვის გათვალისწინებული წესი და პირობები. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. მხარეს, რომელმაც დაარღვია ვალდებულება, მეორე მხარის მიერ განესაზღვრება დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად ან, ვალდებულების დარღვევის სპეციფიკის მიხედვით, მიეცემა გაფრთხილება. შრომითი ურთიერთობის თავისებურება სწორედ გაფრთხილების გამოყენებას გულისხმობდა. გაფრთხილების უშედეგოდ ანუ შესაბამისი დარღვევის გამეორების შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება. გაფრთხილების დანიშნულება, სააპელაციო პალატის მტკიცებით, არის დასაქმებულის მიერ აღნიშნული გარემოებების არსებობის, მისი აღკვეთის აუცილებლობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების გაცნობიერება. იმ შემთხვევაში, თუკი გაფრთხილებას სასურველი შედეგი არ მოჰყვება, დამსაქმებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება.
28. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო დასაქმებულის მხრიდან შრომითი ვალდებულებების არაერთგზის დარღვევა და შესაბამისი სანქციების (შენიშვნა, სასტიკი საყვედური) დაკისრება, ასევე შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი ბოლო დისციპლინური სახდელის დაკისრების შემდგომაც, რაც საკმარის საფუძველს წარმოადგენდა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.
29. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის დამსაქმებელმა მიიღო ყველა ზომა, რომელიც დასაქმებულ მუშაკს უფრო გულისხმიერად მოქცევას აიძულებდა, რაც მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი ჰქონდა დაკარგული. შესაბამისად, 2015 წლის 20 მაისის მდგომარეობით აღარ არსებობდა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების საფუძველი და ისეთი უკიდურესი ფორმა, როგორიც არის სამსახურიდან განთავისუფლება, ადეკვატური იყო დარღვევების ხასიათიდან და არაერთგზისობიდან გამომდინარე.
30. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 20 მაისის ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წანამძღვრები.
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
32. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის იმ ნორმებს, რომლებიც ადგენს დისციპლინური სახდელის შერჩევისას გასათვალისწინებელ გარემოებებს. კერძოდ, დამსაქმებელმა არ გაითვალისწინა შინაგანაწესის 51-ე მუხლი - დისციპლინური პასუხისმგებლობის პრინციპები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახდელის შერჩევისას უნდა იქნას გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, მიზანი, მოტივი და გარემოებები, შედეგი, რომელიც გამოიწვია ან შეიძლება გამოეწვია დისციპლინურ გადაცდომას. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რა უარყოფითი შედეგის გათვალისწინებით იყო განპირობებული 2015 წლის 20 მაისის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მიღება.
33. კასატორმა მიუთითა შინაგანაწესის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „სასტიკი საყვედური გაქარწყლდება, თუ ერთი წლის განმავლობაში მუშაკის მიმართ არ იქნა გამოყენებული იგივე ან სხვა დისციპლინური სახდელი“. სახდელის მოქმედების ვადის არსებობა გულისხმობს მისი მოქმედების პერიოდში ანუ შემდგომ პერიოდში ერთი წლის განმავლობაში რაიმე დარღვევის არდაშვებას, რის შემდეგაც იგი ავტომატურად გაქარწყლდება. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ გაფრთხილება დასაქმებულისათვის მომავალში ახალი დარღვევის აღკვეთის საშუალებაა და, თუ გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყვება, დამსაქმებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მიუთითა, რომ სასტიკი საყვედურის გამოცხადებამდე ჩადენილი დარღვევების გამო მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ახალი სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება არ უნდა გამოეყენებინა, მით უფრო, რომ სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდეგ მოპასუხეს შეეძლო გამოეყენებინა უფრო მძიმე შემდეგი სახდელები - არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაქვითვა და უფრო დაბალ სახელფასო საფეხურზე გადაყვანა. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ახალი სახდელი პირს უნდა დაედოს სახდელის დადების შემდეგ ახალი დარღვევის ჩადენისას.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
36. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ. ხ–ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
39. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანების მართლზომიერება. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმას, რომ მის მიმართ დამსაქმებელს არ უნდა გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი სახდელი - სამუშაოდან დათხოვნა. მას შეეძლო გამოეყენებინა უფრო მსუბუქი ხასიათის ღონისძიებები - არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაქვითვა ან უფრო დაბალ სახელფასო საფეხურზე გადაყვანა.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების კანონიერება უნდა შემოწმდეს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტთან მიმართებაში, რომლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
42. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების არაერთგზის დარღვევა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების - დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებებისა და შიდა აუდიტის დასკვნების შესაბამისად. კერძოდ, მოპასუხის 2014 წლის 16 ივნისის ბრძანებით მოსარჩელეს დისციპლინური გადაცდომისთვის გამოეცხადა შენიშვნა (დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს წარმოადგენდა სააგენტოს შიდა აუდიტის 2014 წლის 12 ივნისის №--- დასკვნა), სააგენტოს 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელეს დისციპლინური გადაცდომისთვის გამოეცხადა სასტიკი საყვედური (დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს წარმოადგენდა სააგენტოს შიდა აუდიტის 2014 წლის 20 აგვისტოს №-- დასკვნა), ხოლო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ 2015 წლის 20 მაისის ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის 2015 წლის 5 მაისის -- დასკვნა, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს შემდგომ (ანუ სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდგომ) ერთი წლის გასვლამდე დასაქმებულმა დაარღვია მისთვის შრომითი ხელშეკრულებით სამსახურებრივად დაკისრებული არაერთი ვალდებულება, მათ შორის: ა) 2014 წლის მაისი - 2014 წლის ივლისის პერიოდში შეცდომით მოხდა საქართველოს მოქალაქის სტატუსის განსაზღვრა ი. ქ-ე, მ. ხ-ე და ქ. მ–ზე, რის გამოც გაუქმდა ბავშვებისთვის არასწორად მინიჭებული პირადი ნომრები და შესაბამისი შესწორება შევიდა მათი დაბადების აქტის ჩანაწერებში; ბ) 2014 წლის 14 აპრილს სააგენტოს ა-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიმართა მოქალაქემ და ითხოვა მისივე ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საცოლის სახელის შესწორება. მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება ცვლილების თაობაზე მიღებულია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლით დადგენილი 15-დღიანი ვადის დარღვევით, კერძოდ, ნაცვლად 28 აპრილისა, 30 აპრილს; გ) 2014 წლის მარტიდან 2014 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში ფიქსირდება ისეთი დარღვევა, როგორიც არის ადმინისტრაციული წარმოების საქმის მასალების „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის №6 ბრძანებით დამტკიცებული ,,ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის განსახილველად გადაგზავნის წესის“ შესაბამისად შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის ვალდებულების შეუსრულებლობა.
43. დადგენილია ასევე და არც საკასაციო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ დასკვნებში ასახული გადაცდომები ჩადენილია მის მიერ. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ასევე სააგენტოს ბრძანებები მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე.
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
45. საკასაციო პალატა აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ სარჩელსა და შესაგებელში ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
46. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, და სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მიანიჭა მათ. მოსარჩელემ კი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ, სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მის მიერ ჩადენილი გადაცდომების ფაქტს და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს გააბათილებდა.
47. რაც შეეხება კასტორის პრეტენზიას დამსაქმებლის მიერ მის მიმართ უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგს:
48. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.
49. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წ.; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წ.; სუსგ Nას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015წ.). ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია დასაქმებულის მიერ შრომის შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევის, ასევე ჩადენილი გადაცდომების გამო ერთი წლის განმავლობაში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების ორჯერ გამოყენების ფაქტი (შენიშვნისა და სასტიკი საყვედურის სახით), საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ქმედებები მართებულად შეაფასა იმგვარი ხასიათის დაღვევებად, რომელთა მიმართ არ იყო რეკომენდირებული დამსაქმებლის მიერ დამატებით გამაფრთხილებელი ღნისძიებების გამოყენება დასაქმებულის გამოსწორების მიზნით. სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელის ქმედებები წარმოადგენდა დარღვევის იმ სახეს, რომელიც დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ. აღნიშნული კი გამორიცხავდა დასაქმებულის მიმათ ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას და, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქმნიდა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
50. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
51. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-602-577-2016, 2 სექტემბერი, 2016 წელი; №ას-1052-1013-2016, 28 თებერვალი, 2017წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ. ხ–ს (პ/ნ: ---) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 21 სექტემბერს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე