საქმე №ა-3605-გან-5-2017 05 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – მ.- ჯ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.-ა ჯ.-ე, ა. ჯ.-ე
გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.- ჯ.-ემ (შემდეგში - განმცხადებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ.-ა ჯ.-ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ა. ჯ.-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხის) მიმართ 2012 წლის 23 ივნისს ქ.თ.-ში, მ-ის ქ.№6-ში (შემდეგში - სადავო პირველი უძრავი ნივთი) და 2013 წლის 15 მარტს ქ.თ.-ში, დაბა წ.-ის მ.წ.-ელის ქ.№19-ში (შემდეგში - სადავო მეორე უძრავი ნივთი) მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ასევე, მეორე მოპასუხის საკუთრებად აღრიცხული ზემოხსენებული ქონების ½-ის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
2. თ.-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
3. თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის 2013 წლის 15 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულება სადავო მეორე უძრავ ნივთზე 1/6 ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნა მითითებული უძრავი ნივთის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის 2012 წლის 23 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება პირველ სადავო უძრავ ნივთზე 1/18 ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნა მითითებული უძრავი ნივთის 1/18 ნაწილის მესაკუთრედ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 1380 ლარის გადახდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით:
1. პირველი და მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
2. გაუქმდა თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N2ბ/6505-13.
3. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელეს პირველი და მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა1050 ლარის გადახდა.
6. 2017 წლის 05 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა განმცხადებელმა (მოსარჩელე) და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება, შემდეგი საფუძვლებით:
6. განმცხადებლის მითითებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 18 მაისს გაცემული Nას-750-718-2014 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება N..). აღსრულების აქტით განმცხადებელს (მოსარჩელე) დაეკისრა პირველი და მეორე მოპასუხის სასარგებლოდ 1050 ლარი. 2014 წელს გარდაიცვალა პირველი მოპასუხე (განმცხადებლის დედა) სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე პირველი მოპასუხის მემკვიდრეს წარმოადგენს განმცხადებელი, შესაბამისად, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის მოთხოვნის უფლების მქონეა თავად განმცხადებელი. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი და მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 1050 ლარი, განმცხადებელი ითხოვს სასამართლომ განმარტოს თითოეულის სასარგებლოდ რა თანხა აქვს დაკისრებული ცალ-ცალკე [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში -სსსკ-ის) 262-ე მუხლი].
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განმცხადებელი მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის გადაწყვეტილების განმარტებას, რაც განმცხადებლის მითითებით განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მას პირველი და მეორე მოპასუხეების სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 1050 ლარის გადახდა; გარდაიცვალა პირველი მოპასუხე, რომლის სამკვიდრო ქონებაზე განმცხადებელს აღებული აქვს სამკვიდრო მოწმობა, შესაბამისად, მამკვიდრებლის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის მოთხოვნის უფლება მასვე გააჩნია. ამდენად, არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმგვარად განმარტების აუცილებლობა, რომ განისაზღვროს თუ კონკრეტულად რა თანხა უნდა იქნეს გადასახდელი მოპასუხეთა სასარგებლოდ ცალ-ცალკე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.
10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით პირველი და მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თ.-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N2ბ/6505-13. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.მოსარჩელეს პირველი და მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 1050 ლარის გადახდა. სასამართლოში წარმოდგენილია პირველი მოპასუხის გარდაცვალების მოწმობა და გარდაცვლილის საკვიდრო ქონებაზე განმცხადებლის სასარგებლოდ გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა. აღნიშულ დოკუმენტებზე დაყრდნობით განმცხადებელს მიაჩნია, რომ განსამარტია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლის მიხედვით განმცხადებელს დაკისრებული აქვს გარდაცვლილის და მეორე მოპასუხის სასარგებლოდ 1050 ლარი და განსასაზღვრია თუ, რამდენს შეადგენს თითოეულის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა, რამდენადაც გარდაცვლილის სასარგებლოდ გადასახდელ თანხაზე განმცხადებელს გააჩნია მოთხოვნის უფლება და მისი მოსაზრებით, მან უნდა გადაიხადოს მხოლოდ მეორე მოპასუხის სასარგებლოდ 525 ლარი.
11. საკასაციო პალატა განცხადების საფუძვლებს არ მიიჩნევს სსსკ-ის 262-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების აუცილებელ წინაპირობად და საკმარის საფუძვლად.
12. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზს უსამს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, არ აქვს ადგილი. სარეზოლუციო ნაწილი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული და დგინდება მისი იურიდიული შინაარსიც, მათ შორის, აღსრულების მიზნებისათვის. სახელდობრ, გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით, რომლის განმარტების მიზანიც გააჩნია განმცხადებელს, დადგენილია, რომ განმცხადებელს (მოსარჩელე) პირველი და მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 1050 ლარის გადახდა. ხოლო განმცხადებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ იგი წარმოადგენს გარდაცვლილის სასარგებლოდ გადასახდელ თანხაზე უფლებამოსილ პირს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ გადაწყვეტილების ბუნდოვნად მიჩნევას. მით უფრო, იმის გათვლისწინებით, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტების აუცილებლობის შემთხვევაში, დაუშვებელია სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე და 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.- ჯ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე