Facebook Twitter

№330210015001063289

საქმე №ას-665-621-2017 11 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ-- ლ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ- ლეს (შემდეგში: მოსარჩელე ან მსჯავრდებული) 2010 წლის 12 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1/ბ-693-10 განაჩენით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა ჯარიმა 600 000 ლარი.

2. დაკისრებული ჯარიმა მსჯავრდებულმა 2010 წლის 13 აგვისტოს №44504 საგადახდო დავალებით გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, რომელიც დადგენილ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულის მიმართ დარჩა უცვლელი. ამავე განაჩენით უარი ეთქვა მსჯავრდებულს გადახდილი ჯარიმის დაბრუნებაზე, იმ დასაბუთებით, რომ კანონიერი საფუძვლების შესაბამისად გადახდილი ჯარიმის მსჯავრდებულისათვის დაბრუნების მექანიზმს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხე ან სამინისტრო) წინააღმდეგ და მოითხოვა 2010 წლის 13 აგვისტოს №44504 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 600 000 ლარის უკან დაბრუნება.

5. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია განჩინების პპ: 1-4. იმავდროულად, მოსარჩელემ განმარტა, რომ მას უარი ეთქვა თანხის დაბრუნებაზე წერილობით, რის შემდეგაც, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მოპასუხეს, რის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა მოპასუხის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, მოსარჩელემ გამოიყენა უფლების დაცვის სასარჩელო ფორმა.

6. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომელშიც განმარტა, რომ თანხა სახელმწიფო ხაზინაში ჩაირიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროდან. შესაბამისად, თანხის დაბრუნებაზე მოთხოვნაც აღმასრულებელი ბიუროს მიერ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მოსარჩელეზე დაკისრებული თანხა წარმოადგენდა სასჯელის ერთ-ერთ სახეს, რომლის გადახდით მოსარჩელემ ფაქტიურად მოიხადა სასჯელი, რაც მის უკუმოთხოვნას გამორიცხავდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 600 000 ლარი.

8. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით წარდგენილ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე მოპასუხეს ეთქვა უარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1-4-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

10. დავის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 976-ე-991-ე მუხლებით.

11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულებას უკავშირებს მხოლოდ გარიგების ნამდვილობას. სასამართლოს მოსაზრებით, ნორმის დანაწესი მიღებულის უკან დაბრუნებას უკავშირებს არამხოლოდ გარიგების ნამდვილობას, არამედ ნორმის წინაპირობების განხორციელებულად მიჩნევას იმ შემთხვევაშიც თუ, ვალდებულება სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. კანონი ითვალისწინებს როგორც ვალდებულების წარმოშობის, ისე შეწყვეტის სხვადასხვა საფუძველს და უსაფუძლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე მიღებულის უკან დაბრუნების დაკავშირება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფუძველზე დაუშვებელია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პპ: 1-4 სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უდავოდ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მართალია თავდაპირველად არსებობდა ფულადი ვალდებულების შესრულების საფუძველი, თუმცა, იგი შეწყვეტილ იქნა შემდგომში.

12. აპელანტის მოსაზრებით, თანხის გადახდის მომენტისათვის (2010 წლის 13 აგვისტოს) 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულზე 600000 ლარის გადახდის თაობაზე დაკისრებული ვალდებულება ძალაში იყო, შესაბამისად, ამ დროისათვის არსებობდა ამ ქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლი. უსაფუძვლო გამდიდრებას კი, ადგილი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, მოსარჩელე თანხას გადაიხდიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 02 აგვისტოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილსა და შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ვალდებულებაზე კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

14. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა მოპასუხის სათანადოობის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის №341-ე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლის 1-ლ პუნქტის თანახმად, სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში. ამასთან, ამავე დებულების მე-3 მუხლის ,,ა” და ქვეპუნქტის შესაბამისად სამინისტროს ფუნქციებია საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება, ხოლო ,,ი” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მის შემოსულობათა ოპერატიული მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროა ვალდებული განახორციელოს სახელმწიფო მმართველობა საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში, რაც მის სათანადოობაზე მეტყველებს.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

16. კასატორის მითითებით, 2010 წლის 12 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის #1/ბ-693-10 განაჩენით მოწინააღმდეგე მხარეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად დაუდგინდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებით სასჯელად სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განესაზღვრა 600 000 ლარის გადახდა, რომელიც მსჯავრდებულმა გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში და ამით მოიხადა ზემოთხსენებული მუხლით განსაზღვრული სასჯელი. მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს #1ა/გ-1830-13 განაჩენით სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა ამავე მუხლით განსაზღვრული ნაკლებად მძიმე სასჯელი (600 000 ლარის ოდენობით ჯარიმი გადახდა). ვინაიდან განაჩენით შთანთქმის პრინციპი გავრცელდა მსჯავრდებულის მიერ უკვე მოხდილ სასჯელზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ თავის მსჯელობაში აღნიშნეს, რომ სახეზე იყო სსკ-ის 976-ე მუხლის შემადგენლობა, რის გამოც, სახელმწიფო ბიუჯეტი უსაფუძვლოდ გამდიდრდა და სასამართლომ ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტში გადახდილი თანხა, რაც კასატორს უმართებულოდ მიაჩნია და მიუთითებს სსკ-ის 385-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც „ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვნილი“. ასევე, მიუთითებს სსკ-ის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში. კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე Nას-456-805-07, სადაც განიმარტა, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება, ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა. გაუმართლებლად შეძენილ ქონებაში იგულისხმება შეღავათის, უპირატესობის, უფლების ამოღება, ე.ი. ქონებრივი ნამატის ამოღება იმ პირის სასარგებლოდ, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა და არა ქონებრივი დანაკლისის შევსება. ანუ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ქონების გადაცემის ფაქტი, რასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 976-ე მუხლი). სხვა საქმეზე Nას-74-71-2016, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსკ-ის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც ექვემდებარება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე. კასატორი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებისა და უზენაესი სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე პირს შეუძლია მოითხოვოს თანხის დაბრუნება, თუ თანხა ვალდებულების გარეშეა გადახდილი და აღნიშნული მუხლებით უნდა იხელმძღვანელონ სტანდარტულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა.

17. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენით პირისათვის თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრება არა ვალდებულების საკომპენსაციოდ, ან სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, არამედ როგორც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი სასჯელი. აქვე, უთითებს იმ ფაქტზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ მომხდარა მოწინააღმდეგე მხარის გამართლება და ხსენებულ საქმეზე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი მოწინააღმდეგე მხარის მიმართ. კასატორს მიაჩნია, რომ ზემოთხსენებული განაჩენით დამდგარი ვალდებულება არ ჯდება სტანდარტული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და არ გამომდინარეობს კონკრეტული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებიდან, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა არა გარიგების გამო, არამედ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კასატორის აზრით, ზემოთხსენებული ვალდებულების წარმოშობის მომენტში არსებობდა ამ ქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი ექნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ არ იარსებებდა იმ ვალდებულების შესრულების სამართლებრივი წინაპირობა. ამასთანავე, კასატორი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია სწორად იქნეს გაგებული სისხლის სამართლის კოდექსით აღიარებული შთანთქმის პრინციპი, კერძოდ ის, რომ ამა თუ იმ ზომის სასჯელის შთანთქმა განპირობებულია არა შთანთქმული სასჯელის განმსაზღვრელი დანაშაულის არ არსებობით, არამედ იგი გამომდინარეობს მიზანშეწონილობის პრინციპიდან და მიმართულია გონივრული სასჯელის შეფარდების აუცილებლობისკენ, რათა გარანტირებული იყოს მართლმსაჯულების განხორციელება სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დაწესებული სასჯელის შთანთქმა არ წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებას სახელმწიფოს მიმართ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ თანხა გადახდილ იქნა კანონიერი საფუძვლით (სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენის გათვალისწინებით).

18. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ თანხა გადაიხადა ბიუჯეტში გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რითაც მოსარჩელემ მოიხადა თავისი სასჯელი და მხოლოდ აღნიშნული ფაქტის შემდეგ ამოქმედდა ნაკლებად მძიმე სასჯელის შთანთქმის პრინციპი, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს უკვე მოხდილ სასჯელზე უკუძალის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ლოგიკის გაზიარებით პირს, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაჰყო გარკვეული პერიოდი და ამის შემდეგ მოხდა მის მიერ ჩადენილი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის შთანთქმა, შეუძლია მოსთხოვოს ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოს გამამართლებელი განაჩენის გარეშე.

19. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსსკ-ის 377-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ასევე 393-ე და 394-ე მუხლებზე, რომლითაც სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას. ამასთანავე, აღნიშნავს საკასაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებს სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, როცა გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და მიუთითებს სსსკ-ის 394-ე მუხლის შინაარსზე. აქვე განაცხადებს თავის პრეტენზიას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორს მიაჩნია, რომ დარღვეულ იქნა სამართლის ნორმები და გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და სახეზეა საკასაციო საჩივრის საფუძვლები (სსსკ-ის 377-ე, 393-ე და 394-ე მუხლები).

20. კასატორი უთითებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და განაცხადებს, რომ საკასაციო სასამართლოს პალატის მიერ მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს პალატის მსჯელობის გაზიარება მცდარი პრაქტიკის დადგენის საფუძველი გახდება. ასევე, აღნიშნავს, რომ არ არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავსს საქმეზე და ხსენებული საქმე მნიშვნელოვანია. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სამართლის შემდგომი განვითარებისათვის.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

24. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2010 წლის 12 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №1/ბ-693-10 განაჩენით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაუდგინდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა ჯარიმა 600 000 ლარი.

25. დაკისრებული ჯარიმა მსჯავრდებულმა 2010 წლის 13 აგვისტოს №44504 საგადახდო დავალებით გადაიხადა.

26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, რომელიც დადგენილ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და საბოლოოდ, მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულ იქნა თავისუფლების აღკვეთა და არა ჯარიმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულის მიმართ დარჩა უცვლელი.

27. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 600 000 ლარის დაკისრების მართლზომიერება წარმოადგენს.

28. ფაქტობრივი გარემოებების (ამ განჩინების პპ: 1-4) სამართლებრივი შეფასების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განაჩენით არსებობდა ფულადი ვალდებულების შესრულების საფუძველი, თუმცა, ეს ვალდებულება შემდგომში შეწყვეტილ იქნა.

29. მოთხოვნის დაკმაყოფილებას სამართლებრივ საფუძვლად დაედო სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ზოგადი ნორმა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების შესახებ [მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი].

30. შესაბამისად, საკასაციო პალატა პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს სარჩელის მოთხოვნასა და მის ფაქტობრივ საფუძველზე: სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 600 000 ლარის დაკისრება, ხოლო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მდგომარეობს 2010 წლის 12 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის #1/ბ-693-10 განაჩენის აღსრულების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის თანხის გადახდაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად დაუდგინდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებით სასჯელად სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად განესაზღვრა 600 000 ლარის გადახდა, რომელიც მან გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. მოგვიანებით კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს #1ა/გ-1830-13 განაჩენით სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა ამავე მუხლით განსაზღვრული ნაკლებად მძიმე სასჯელი (600 000 ლარის ოდენობით ჯარიმი გადახდა), მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახით გადახდილ თანხაზე, სახელმწიფოს არ გააჩნია საკუთრების მოპოვების სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, რის გამოც, სადავო თანხაზე საკუთრების უფლება კვლავ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს.

31. კასაციის საფუძვლები (მიზეზები) იმაში მდგომარეობს რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირისათვის თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრება ემსახურება არა ვალდებულების კომპენსირებას ან სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, არამედ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილ სასჯელს. ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული გამართლებული არ ყოფილა, ამ განაჩენით დამდგარი ვალდებულება არ ჯდება სტანდარტული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და არ გამომდინარეობს კონკრეტული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებიდან. მსჯავრდებულს თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა არა გარიგების გამო, არამედ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს გაგებული სისხლის სამართლის კოდექსით აღიარებული შთანთქმის პრინციპი, რომელიც არ წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებას სახელმწიფოს მიმართ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ თანხა გადახდილ იქნა კანონიერი საფუძვლით (სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენის გათვალისწინებით) (იხ., კასაციის საფუძვლები).

32. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის მართებულად გადასაწყვეტად სწორად უნდა იქნეს მოძიებული მოთხოვნის განმაპირობებელი სამართლებრივი საფუძვლები.

33. ამ თვალსაზრისით კი, საკასაციო პალატამ პირველ რიგში, მსჯელობა უნდა იქონიოს წარმოადგენდა თუ არა მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია, თუ რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დავის საგანი სასამართლოში, ანუ კონკრეტულად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიები და დადგენილია, თუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სსსკ-ის მე-11 მუხლი კი, შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. ხსენებული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეთა დაქვემდებარების განსაზღვრის პრინციპად დავის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობას აღიარებს.

35. ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იმსჯელა სასამართლო კოლეგიებს შორის განსჯადობის საკითხზე, განმარტა, რომ „დავის კატეგორიის განსაზღვრისათვის არსებითია სწორედ ნორმატიული კომპონენტი - დავის გამომდინარეობა ამა თუ იმ სამართლის კანონმდებლობიდან (იხ., სუსგ #bs-1479-1411 (g-09), 09 თებერვალი, 2010 წელი). გადამწყვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს ენიჭება. კონკრეტულად კი დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის განსაზღვრისათვის კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად კომპონენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, სახეზე იქნება სამოქალაქო სამართლის იურისდიქციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმე“.

36. განსახილველ შემთხვევაში, იმგვარი მოცემულობა, რომ მოსარჩელემ უფლების დასაცავად აღძრა სამოქალაქო სარჩელი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლებით, ვერ გახდება დავის სამოქალაქო წესით განსჯადად მიჩნევის საფუძველი.

37. მოცემულ საქმეზე დავის კატეგორიის დადგენისათვის საჭიროა ზუსტად განისაზღვროს მომდინარეობს თუ არა დავის საგანი ადმინისტრაციული სამართლიდან (იხ., სუსგ №ას-292-279-2015, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).

38. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ თანხა, რომლის დაკისრებასაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების მიზნით (ჯარიმის თანხა). შესაბამისად, მოცემული დავა მატერიალური თვალსაზრისით, კერძო-სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით შემოწმებას ექვემდებარება სწორედ ადმინისტრაციული წესით. სარჩელის სამართლებრივი საფუძველი თანხის უკან დაბრუნების შესახებ არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რამდენადაც შესამოწმებელია განაჩენის აღსრულების საკითხი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამოქალაქო კანონმდებლობასთან.

39. იმავდროულად, წინამდებარე დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს შემდეგი გარემოება: პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს [მოპასუხეს] წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო [საქართველოს ფინანსთა სამინისტრო]; სადავო იურიდიული მოქმედებას წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების მიზნით საჯარიმო თანხის გადახდა.

40. სააპელაციო სასამართლომ კი, გასაჩივრებული განჩინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით [ზოგადი ნორმა] განსაზღვრული საფუძვლიდან - დაბრუნების კონდიქცია გამომდინარეობდა და მოთხოვნის საფუძვლიანობაც სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად შეამოწმა, თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის, ხოლო ამ კატეგორიის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

41. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი, ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვასა და გადაწყვეტას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

42. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

43. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას, ეს საკითხი ასევე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გადაწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე