№330210016001435272
საქმე №ას-1163-1083-2017 25 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ი- მ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2006 წლის 14 აგვისტოს ოზურგეთის რაიონულმა გამგეობამ (უფლებამონაცვლე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) (შემდეგში: მეიჯარე ან მოსარჩელე ან კასატორი) ი- მ-ეს (შემდეგში: მოიჯარე ან მოპასუხე) იჯარის ხელშეკრულების (შემდეგში: ხელშეკრულება) საფუძველზე იჯარით გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ ათი წლის ვადით.
2. ხელშეკრულებით განისაზღვრა ქირის გადახდის წესი, აღნიშული ხელშეკრულების 4.4. და 4.5 პუნქტების მიხედვით მიწის იჯარის ქირის მთლიანი ოდენობა შეადგენს 350 ლარს წელიწადში. უშუალოდ მიწის იჯარის ოდენობა შეადგენს 0.35 ლარს წლიურად ერთ კვ.მ-ზე.
3. ხელშეკრულების 6.3. მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მოჯარე ვალდებულია მუდმივად, საკურორტო სეზონის განმავლობაში, დაასუფთავოს და კეთილმოაწყოს მიწის ნაკვეთი.
4. ხელშეკრულების 8.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად. ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულების გაუქმება თუ მოიჯარე სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდის ქირას.
5. ხელშეკრულების 8.4. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას აბრუნებს, მან ერთი თვით უნდა გააფრთხილოს მეიჯარე და იგი საიჯარო ქირის გადახდიდან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება თუ კი ის თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს მიიღოს იჯარის ხელშეკრულება იმავე პირობებით თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მაშინ მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობის დასრულებამდე. ამავე ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით ვადამდე ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის, საიჯარო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ საიჯარი ქირის 3025.55 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
7. სარჩელი დაემყარა ამ განჩინების პპ: 1, 2-ით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. იმავდროულად, მოსარჩელემ განმარტა, რომ დავალიანების გადახდის შესახებ რამდენიმე გაფრთხილების უშდეგოდ გასვლის შემდეგ, მეიჯარემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
8. მოპასუხემ წარმოადგინა, როგორც მოთხოვნის შემწყვეტი ისე, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობა) შესაგებელი. მოპასუხემ განმარტა, რომ მისთვის 2013 წლამდე გახდა ცნობილი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. საიჯარო ფართით კი, სარგებლობდა ოზურგეთის გამგეობა. 2008 წელს მან განცხადებით მიმართა მოსარჩელეს სიჯარო ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, რაც ზეპირად დაუდასტურა მოპასუხემ.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1050 ლარის გადახდა.
10. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით და სარჩელი უარყოფილი იქნა.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1 - 5 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის, 2013 წლის 04 ოქტომბრის, 2013 წლის 18 ოქტომბრის, 2013 წლის 06 დეკემბრის, 2014 წლის 06 და 21 მარტის, 2015 წლის 22 ივნისის წერილები, საიდანაც ირკვეოდა, რომ მეიჯარე ეხმიანებოდა რა მოიჯარეს, მას სთხოვდა დოკუმენტაციების წარდგენას და არსებული საიჯარო დავალიანების გადახდას. იმავდროულად, მოიჯარეს ეცნობებოდა მასთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ.
12. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მეიჯარის მიერ დავალიანებად დასახელებული სადავო თანხა მოიჯარეს არ გადაუხდია.
13. 2014 წლის 22 დეკემბერის N1022 წერილის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამეგრელო-გურია-ზემო სვნაეთის მომსახურების ცენტრის უფროსს აცნობა, რომ მეიჯარეზე სარგებლობის უფლებით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2006 წელს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი მუნიციპლაიტეტის გამგეობაში არ მოიპოვება.
14. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 აპრილის N1/4-682 ბრძანებით შეწყდა იჯარის ხელშეკრულება ვადამდე.
15. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 22 ივლისის წერილის თანახმად, მოპასუხეს ეცნობა, რომ თუ იჯარით აღებულ ტერიტორიას 1 დღის ვადაში არ დაასუფთავებდა, საიჯარო ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად გაუქმდებოდა. 2008 წლის 24 ივლისს მოპასუხემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ გარკვეული მიზეზების გამო მის მიერ ვერ მოხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მოითხოვა გაეუქმებინათ (შეეწყვიტათ) ხელშეკრულება მე-8 მუხლის თანახმად.
16. ამდენად, სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილად მიიჩნია 2008 წლიდან, მით უფრო, რომ არ დასტურდებოდა მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისა და შემოსავლის მიღების ფაქტობრივი გარემოება. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 2016 წლმდე სარეგისტრაციო ჩანაწერებში იჯარის უფლება კვლავ მოიჯარეზე ფიქსირდებოდა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ აქარწყლებდა ხელშეკრულების 2008 წელს შეწყვეტის ფაქტს. მით უფრო, რომ ხელშეკრულებით ამგვარი ვალდებულება მოიჯარეს არ ეკისრებოდა. ამდენად, მოთხოვნა საიჯარო ქირის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ უარყოფილი იქნა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით მოსარჩელემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 393-ე და 394-ე მუხლების დარღვევებს.
18. კასატორი მიუთითებს მხარეთა შორის არსებული სამართალებრივი ურთიერთობის შინაარსზე, რომელიც დადგენილია ამ განჩინების პპ: 1-5-ით.
19. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტილად მიჩნევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არ იყო რელევანტური აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად.
20. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ საიჯარო ხელშეკრულების 8.2 „ბ“ პუნქტის თანახმად მეიჯარეს 3 თვის ქირის გადაუხდელობის გამო შეეძლო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ამ საფუძვლით შეწყვეტა მხარის უფლებაა და არა ვალდებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
22. განსახილველ საქმეში, სადავოა არაა მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაცია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეები მიზნად ისახავდნენ სამეურნეო დანიშნულებით, სარგებლის მიღების მიზნით, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების დადებას. ამდენად, მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება [სსკ-ის 581–ე მუხლი].
23. სადავოა სახელშეკრულებო პირობების დარღვევა, რაც საიჯარო ქირის გადაუხდელობაში გამოიხატა. მოიჯარე სასარჩელო პრეტენზიას 10 წლიანი საიჯარო პერიოდის არსებობაზე ამყარებს, საიდანაც, მისი მითითებით, გადახდილია მხოლოდ ერთი წლის საიჯარო ქირა. ამასთან, მოიჯარე რამდენჯერმე გაფრთხილდა დავალიანების გადახდის ვალდებულებისა და სხვა პირობის შესრულების შესახებ, თუმცა, უშედეგოდ, რის გამოც, მეიჯარემ ცალმხრივად შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მოპასუხის შედავება ეფუძნება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას, რაც მომდევნო პერიოდზე გამორიცხავს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას (მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი). იმავდროულად, სადავოა მოთხოვნის ხანდაზმულობა (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი).
24. კასატორი სადავოდ ხდის სახელშეკრულებო ურთიერთობის 2008 წლიდან შეწყვეტის შესახებ სამართლებრივ დასკვნას და მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ დასტურდებოდა რელევანტური მტკიცებულებებით, ხოლო ხელშეკრულების ჩანაწერი (8.2. „ბ“ პუნქტი), რომელიც 3 თვის ქირის გადაუხდელობის გამო, მეიჯარეს ანიჭებდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეეწყვიტის უფლებას, არ შეიძლება განიხილებოდეს ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებად.
25. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას მოწმის ჩვენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს რომ არც მატერიალური სამართლიდან (მტკიცების სტანდარტი) და არც საპროცესო სამართლიდან (სსსკ-ის 140-ე მუხლი) მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულების დაუშვებლობა არ გამომდინარეობს.
26. კასატორის მითითება კი, ქირის გადაუხდელობის მოტივით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, გაზიარებული ვერ იქნება. საგულისხმოა, რომ როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეთა, აგრეთვე, კონკრეტულად, საიჯარო ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტის დაცულობაზე ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყევტის უფლების გამოყენების მართზომიერებას შეეხება (იხ., სუსგ №ას-862-828-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ იმსჯელა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრობლებაზე, რომელსაც ადგილი მაშინაც აქვს, როდესაც პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა (იხ., სუს 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-528-501-2015). შესაბამისად, კეთილსინდისიერად ქცევის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. აღსანიშნავია სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ფუნქციაც, რომელიც ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება.
27. მოცემულ შემთხვევაში, მეიჯარის მართლზომიერი ქცევის განმსაზღვრელი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება და არა მარტოოდენ იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლების რეალიზება მისი შეხედულებით (იხ., კასატორის მოსაზრება - ამ განჩინების პ: 20). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის (შეწყვეტის) საფუძველი წარმოიშვა ქირის გადაუხდელობისას, სახელდობრ, მოსარჩელე განმარტავდა რომ ადგილი ჰქონდა 10 წლიან ვადით სახელშკრულებო ურთერთობის გაფორმებას, ხოლო მეიჯარემ გადაიხადა მხოლოდ 1 წლის ქირა. იმავდროულად, არაერთხელ იქნა გაფრთიხილებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლების გამოყენების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 561-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. შესაბამისად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მეიჯარეს შეეძლო გონივრულ ვადაში, მოეშალა იჯარის ხელშეკრულება ხელშეკრულების 8.2 „ბ“ პუნქტისა და სსკ-ის 558-ე და 561-ე მუხლების საფუძველზე.
28. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 22 ივლისის წერილს თანახმად, მოპასუხეს ეცნობა, რომ თუ იჯარით აღებულ ტერიტორიას 1 დღის ვადაში არ დაასუფთავებდა, საიჯარო ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად გაუქმდებოდა. 2008 წლის 24 ივლისს მოპასუხემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ გარკვეული მიზეზების გამო მის მიერ ვერ მოხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მოითხოვა გაეუქმებინათ (შეეწყვიტათ) ხელშეკრულება მე-8 მუხლის თანახმად. სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილად მიიჩნია 2008 წლიდან, მით უფრო, რომ არ დასტურდებოდა მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისა და შემოსავლის მიღების ფაქტობრივი გარემოება. ამავე საფუძვლით, გასაზიარებელია, მოპასუხის შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებითაც, ვინაიდან იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილია 2008 წლიდან, ხოლო სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს (სსკ-ის 129.1 მუხლი). მაშასადამე სარჩელი ნაწილობრივ აღძულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, რაც მოთხოვნის უარყოფის დამატებითი საფუძველია.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის უფლების გამოყენების სამართლებრივ საკითხებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე