№190210116001272846
საქმე №ას-1179-1099-2017 18 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ფ- კ-ი, მ-- ნ-ი, მ-- ნ--ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ი-– ქ-ი, მ- მ-იშვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ-კ-იმ, მ- ნ--იმ, მ- ნ--იმ (შემდეგში: მესამე მოსარჩელე) სარჩელი წარადგინეს მოპასუხეების: ი-ქ-ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და მ-- მ--იშვილის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:
1.1. 2013 წლის 07 მარტის სანოტარო აქტის - სესხის ხელშეკრულების (შემდეგში: სადავო გარიგება) ბათილად ცნობა [საქართველოს სამოქლაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 623-ე; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 180-ე მუხლი;
1.2. რუსთავის ნოტარიუსის 2015 წლის 06 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.
2. სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლად მოსარჩელეებმა მოუთითეს მათსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული გარიგების მოჩვენებითობაზე, რომლის მიზანი არა სესხის გადაცემაში, არამედ მოსარჩელეების საიჯარო მიწის ნაკვეთების პრივატიზებაში დახმარების გაწევასა და შემდგომში, მის უცხოელზე გასხვისებაში მდგომარეობდა. დასახული მიზნის მიღწევის გარანტიად მხარეთა შორის გაფორმდა გარიგება სესხის ხელშეკრულების სახით, თუმცა, სესხის თანხა პირველ მოპასუხეს მოსარჩელეებისათვის არ გადაუცია. პირველმა მოპასუხემ მოაწესრიგა დოკუმენტაცია და მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა მესამე მოსარჩელის საკუთრების უფლებით. მოგვიანებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის უცხოელზე დარეგისტრირებისას მესამე მოსარჩელე, პირველი მოპასუხე და უცხოელი დააკავა პროკურატურამ პრივატიზაციის დოკუმენტების გაყალბების დანაშულზე [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180.3. „ბ“ მუხლი], რაც დაადგინა გამოძიებამ და დასახელებულ პირებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მიწის ნაკვეთები დაუბრუნდა სახელმწიფოს. სადავო გარიგებაში აღნიშნა, რომ სესხის თანხა გაიცა მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად, თუმცა, თანხა მოსარჩელეებს არ მიუღიათ. 2015 წლის 06 აპრილს მოსარჩელეების მიმართ სანოტარო წესით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეთა მიმართ აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 60 000 აშშ დოლარით.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, უარყო ხანდაზმულობის მოტივით (იხ., გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ტ.1. ს.ფ. 155-160). სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სადავო გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ მათი მოტყუების ფაქტზე მითითებით [სსკ-ის 81-ე, 82-ე მუხლები, რომლისთვისაც დადგენილი იყო შეცილების სპეციალური ვადა - 1 წელი, რომელიც აითვლებოდა იძულების დამთავრების მომენტიდან [სსკ-ის 84-ე მუხლი]. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგება გაფორმდა 2013 წლის 07 მარტს სანოტარო წესით. შესაბამისად, მოტყუების ფაქტზე მითითებით გარიგება შეცილებული უნდა ყოფილიყო 2014 წლის 07 მარტამდე. იმავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ფაქტობრივი გარემოება დასტურებოდა გარიგების მოტყუებით დადების შესახებ [სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები] (იხ., გადაწყვეტილება პ - 6.1).
4. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველდ იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი [სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ პუნქტები, მე-60-ე, 63-ე მუხლები].
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შედგენდა 2400 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარში), რომლის გადასახდელად აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი (იხ., სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება).
6. სააპელაციო საჩივარზე აპელანტებმა გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 150 ლარი და იმავდროულად, იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადავადებაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე [სსსკ-ის 48-ე მუხლი[ (იხ., ს.ფ. 18, 23, ტ.2.).
7. სააპელაციო სასამართლომ აპელანტებს ორჯერ გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად განსაზღვული ვადა. თავდაპირველად, 2017 წლის 20 მარტის განჩინებით და მეორედ, 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით. იმავდროულად, უარყო აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადავადების მოთხოვნით.
8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თბერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა /აპელანტებმა. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, არსებობდა სსსკ-ის 48-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით სახელმწფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადავადების საფუძველი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგანაც აპელანტები მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ იხდიდნენ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილ ნაწილს, თუმცა, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი მინიმალური ბაჟი - 150 ლარი გადახდილი ჰქონდათ (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი].
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შედგენდა 2400 აშშ დოლარს (იხ., სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 თბერვლის განჩინება). სააპელაციო საჩივარზე აპელანტებმა გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 150 ლარი და იმავდროულად, იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადავადებაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე [სსსკ-ის 48-ე მუხლი (იხ., ს.ფ. 18, 23, ტ.2.). შუამდგომლობის დასაბუთებისას აპელანტებმა მიუთითეს მათი მძიმე მატერიალური მდგომარეობის არსებობასა და ქონების აღმასრულებლის მიერ დაყადაღების ფაქტზე. იმავდროულად, განმარტეს, რომ სოფლის მეურნეობის გაძღოლის შედეგად მიიღებდნენ შემოსავალს პროდუქტის რეალიზებისას, რაც მათ მისცემდა აღნიშნული საპროცესო ვალდებულების მოგვიანებით შესრულების შესაძლებლობას (იხ., ტ.2. ს.ფ. 33).
12. სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებენ შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სასამართლოა უფლებამოსილია მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით განსაზღვროს პროცესის მონაწილეთა მიმართ აღნიშნული მუხლის გავრცელების დასაშვებობა. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სსსკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით.
13. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები.
14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Kreuz v. Poland აღნიშნა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება, როგორიცაა სახელმწიფო ბაჟი, შესაბამისობაშია სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასთან, თუ ის ზიანს არ აყენებს ამ უფლების არსს. ამასთან, სასამართლო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული; ეს კრიტერიუმები არის ხელშესახები იმის განსაზღვრისათვის, იქნა თუ არა პირი უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით
15. საქმეში Kreuz v. Poland, Jedamski and Jedamska v. Poland, Weissman and Others v. Romania სტრასბურგის სასამართლომ, დასაშვებობის ეტაპზე დიდი ოდენობით სასამართლოს ხარჯების გადახდის დაწესება ჩათვალა კონვენცის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევად. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც: საქმეში Chatellier c. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დაარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. მათ შორის უზრუნველყოფდეს მოსარჩელისათვის (მხარეთათვის) სასამართლოსადმი ეფექტურ ხელმისაწვდომობას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტებს გადახდილი ჰქონდათ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილი და მათი ქონებრივი მდგომარეობა დასაბუთებულს ხდიდა სსსკ-ის 48-ე მუხლის საპროცესო საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების აუცილებლობას, არ არსებობდა, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივარის განუხლველად დატოვების წინაპირობები.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხედეველობაშია მისაღები ისიც, რომ სასამართლოში აღძრულია აღიარებითი მოთხოვნა, რომელიც მხარეთა შორის 2013 წლის 07 მარტის სანოტარო აქტის - სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობას შეეხება (ამ განჩინების პ-1), შესამოწმებელია აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა.
19. საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის განხილვის დასაშვებობის შემოწმების (სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი) ეტაპზე ერთ-ერთ საქმეში იმსჯელა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხზე (იხ., სუსგ №ას-437-409-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი) და განმარტა შემდეგი: „აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია“.
20. საგულისხმოა, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რომელსაც სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს [სსკ-ის 178. 1. „ლ“; 186-ე და 180-ე მუხლები].
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებაში (№ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი) აღინიშნა, რომ „ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ Nას-1061-1001-2015, 29.12.2015წ; №ას-1187-1117-2015, 05 თებერვალი, 2016 წელი; Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა იქონიოს მსჯელობა იმის შესახებაც, რამდენადაა შესაძლებელი სადავო გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით იქნას მიღწეული მოსარჩელეთა მიზანი, მაშინ როდესაც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. ხოლო აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც უარყოფილია სარჩელი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ (იხ., პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტ.1. ს.ფ. 155-160).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ-კ-ის, მ- ნ-ის, მ- ნ--ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინება გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე